საქმე N 020100124009803049
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1000აპ-25 ქ. თბილისი
ფ–ა ე., 1000აპ-25 10 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ფ–ას, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 6 ივნისს, დაახლოებით, 6 საათზე ქ. ზ–ი, პ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ მყოფი ე. ფ–ა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ხ–ს, ლ. გ–ესა და არასრულწლოვან ს. ხ–ას, კერძოდ, უთხრა, რომ ამოწყვეტდა მათ, რის შედეგადაც ლ. ხ–ს, ლ. გ–ესა ს. ხ–ას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ე. ფ–ას წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენით ე. ფ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ლ. ხ–ს მიმართ) და მიესაჯა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განისაზღვრა – 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2025 წლის 2 ივნისიდან.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა ე. ფ–ას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. ფ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს ე. ფ–ას დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისთვის წარდგენილი ბრალდება. კასატორის მითითებით, ე. ფ–ას მიერ წარმოთქმული მუქარა – „სანამ ბავშვები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან, გადადით აქედან, თორემ ან თქვენ ამოგწყვეტთ, ან მე ამოვწყდები...“ – გაიგონეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა – ლ. გ–ემ, ლ. ხ–მ და არასრულწლოვანმა ს. ხ–ამ. მართალია, მსჯავრდებულს უშუალო კონფლიქტი ჰქონდა ლ. ხ–სთან, მაგრამ იგი სხვა პირების მოკვლითაც იმუქრებოდა და აღიქვამდა, რომ მისი მუქარა ესმოდათ იქ მყოფებს. დაზარალებულებმა – ლ. გ–ემ და ს. ხ–ამ დაადასტურეს, როგორც შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ისინი შეამჩნია და რომ მისი მუქარა აღიქვეს რეალურად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ე. ფ–ას უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ე. ფ–ას მიერ ლ. გ–ისა და ს. ხ–ას მიმართ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც დაზარალებულების – ლ. გ–ისა და არასრულწლოვანი ს. ხ–ას – ჩვენებებით არ დადგენილა, რომ ე. ფ–ას მუქარის დროს, ლ. გ–ე და ს. ხ–ა იყვნენ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე და მსჯავრდებულმა იცოდა ამის შესახებ, შესაბამისად, მისი განზრახვა მიმართული იყო, როგორც ლ. ხ–ს, ასევე – ლ. გ–ისა და ს. ხ–ას დაშინებისკენაც, არამედ – დადასტურებულია, რომ ე. ფ–ას ჰქონდა კონფლიქტი ლ. ხ–სთან, რომელსაც მიეჭრა სახლთან და გარეთ გამოსულს მიაძახა მუქარისშემცველი სიტყვები, რა დროსაც, ლ. ხ–ს ცოლ-შვილი იყო სახლში და შეუძლებელია, მსჯავრდებულს, რომელსაც ისინი თვალით არ უნახავს, დანამვილებით სცოდნოდა, რომ ლ. გ–ესა და ს. ხ–ას ესმოდათ მისი მუქარა და ეშინოდათ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში უტყუარად ვერ დაამტკიცა ე. ფ–ას მიერ ლ. გ–ისა და ს. ხ–ას მიმართ ბრალადშერაცხილი, განზრახი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები კი, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყვიტა ბრალდებულის/მსჯავრდებულია სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი