Facebook Twitter

¹ 3კ/753 18 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: კანონისმიერ მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა მოსარჩელე ი. ვ-იანის აწ გარდაცვლილი მამამთილის ან. ვ-იანის სახელზე. 1986 წლის ივნისში ან. ვ-იანმა სახლის ნაწილი აჩუქა თავის ქალიშვილს, მოპასუხე ალ. ვ-იანს.

1986 წლის 26 აგვისტოს ან. და ალ. ვ-იანებს შორის გაფორმდა საკუთრების და სარგებლობის ხელშეკრულება. ან. ვ-იანს საკუთრებაში და სარგებლობაში გამოეყო ლიტ. “ა” ნაგებობის ¹ 4, 16.20 კვ. მეტრი ფართის საცხოვრებელი ოთახი, ავტოსადგომი, დამხმარე სათავსების და სარდაფის ნაწილი, ¹ 5, 20.25 კვ.მეტრი ფართის საცხოვრებელი ოთახი, დამხმარე სათავსებისა და სარდაფის დანარჩენ ნაწილთან ერთად მიეკუთვნა ალ. ვ-იანს.

ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის აღმასკომის 1986 წლის 5 ნოემბრის ¹ 26.23.1730 გადაწყვეტილებით ან. ვ-იანს ნება დაერთო სახლზე დამხმარე სათავსების მიშენებაზე. ფაქტობრივად მიშენდა 35,72 კვ. მეტრი ფართის ოთახი და 32,56 კვ. მეტრი სარდაფი.

1989 წლის ივლისში გარდაიცვალა ან. ვ-იანი, 1994 წლის 2 აგვისტოს – მისი ვაჟი მარ. ვ-იანი, ხოლო 1999 წელს - მესაკუთრის მეუღლე მან. ვ-იანი. ალ. ვ-იანმა 1996 წლის 7 ნოემბერს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გაიფორმა ან. ვ-იანის საკუთარი სახლი, მდებარე ... ქ. თბილისში.

1999 წლის დეკემბერში, აწ გარდაცვლილ მარ. ვ-იანის მეუღლე ი. ვ-იანმა არასრულწლოვანი შვილის ან. ვ-იანის ინტერესების დაცვის მიზნით სარჩელი შეიტანა სასამართლოში ალ. ვ-იანის წინააღმდეგ, მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1986 წლის შემდგომ პერიოდში მარ. ვ-იანმა საკუთარი სახსრებით სახლს მიაშენა 35,72 კვ. მეტრი ფართის ოთახი, მოახდინა აივნის რეკონსტრუქცია. ან. ვ-იანის გარდაცვალების შემდეგ მან ფაქტობრივად მიიღო სამკვიდროს კუთვნილი წილი.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში, რომელიც გაცემულია 1996 წლის 7 ნოემბერს ნოტარიუს გ-ძის მიერ, რეესტრის ¹ 2-657, შეტანილ იქნა ცვლილება. ა. ვ-იანის დანაშთ ქონებაზე _ სახლზე, მდებარე ..., მემკვიდრეებად და შესაბამისად მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ: ან. ვ-იანი _ სახლის 3/5-ზე, ალ. ვ-იანი _ 2/5-ზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ალ. ვ-იანმა და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ა. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: სადავო სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ... ირიცხებოდა საკუთრების უფლებით ან. ვ-იანის სახელზე, მან 1986 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებით სახლის ნაწილი აჩუქა თავის ქალიშვილს – ალ. ვ-იანს. ამავე წლის 26 აგვისტოს ან. და ალ. ვ-იანებს შორის გაფორმდა სახლის სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ვ-იანს გამოეყო სარგებლობაში სახლის ლიტ. “ა”-ში არსებული ¹ 5 საცხოვრებელი ოთახი, ფართით 20,25 კვ.მ. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოგვიანებით ა. ვ-იანის ვაჟმა მარ. ვ-იანმა მიაშენა სახლს ¹ 8 ოთახი, ფართით 35,72 კვ.მ. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოწმეების: ნ. ლ-ძისა და ნ. ჭ-ძის ჩვენებები იმის შესახებ, რომ ისინი ესწრებოდნენ ალ. ვ-იანის მიერ ბინის მშენებლობისათვის მარ. ვ-იანისთვის 3000 მანეთის გადაცემის ფაქტს, ჩვენებების წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი სწორადაა გამოყენებული. აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია კანონისმიერი მემკვიდრეების რიგი. ამდენად, ამ მუხლის გამოყენება მოცემულ საქმეზე მართებულად იქნა მიჩნეული.

ალ. ვ-იანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სახლზე მიშენების სამუშაოები შესრულდა მის მიერ მარ. ვ-იანისათვის მიცემული 3000 მანეთით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სამშენებლო მასალის შესყიდვის ქვითრები, როგორც მტკიცებულებები, მაგრამ არ გაურკვევია, რა თანხებით შეიძინა იგი მისმა ძმამ. იგი თვლის, რომ სადავო ოთახი ¹ 8 აშენებულია მისი და მისი ძმის მიერ და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, საიდანაც მისი წილია 1/2 ანუ 17,86 კვ.მ., ხოლო ძმის – მარ. ვ-იანის _ 17,86 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა სადავო 35,72 კვ. მ. ფართის ოთახი მხოლოდ მარ. ვ-იანის საკუთრებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ალ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სადგომი ან. ვ-იანის საკუთრებას წარმოადგენდა. მან 1986 წლის ივნისში თავისი სახლის 1/2½ წილი აჩუქა ქალიშვილს – ალ. ვ-იანს, რომელიც საჯარო რეესტრში სახლის ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა. იმ დროისათვის საერთო საკუთრების სახლი შედგებოდა 35,45 კვ.მ. ფართის ორი ოთახისაგან. ან. ვ-იანს ჰყავდა ვაჟი მარ. ვ-იანი. ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ან. ვ-იანს ნება დაერთო მიეშენებინა თავისი ბინისთვის დამხმარე სათავსები. მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ სადავო 35,72 კვ.მ. ფართის ოთახი აშენებულ იყო ან. ვ-იანის სიცოცხლეში. იგი გარდაიცვალა 1989 წლის ივლისში; მისი მეუღლე მან. ვ-იანი გარდაიცვალა 1999 წელს, ხოლო ვაჟიშვილი მარ. ვ-იანი 1994 წლის აგვისტოში. ალ. ვ-იანმა 1996 წლის 7 ნოემბერს მამის გარდაცვალების შემდეგ მთელ დანაშთ ქონებაზე გაიფორმა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. აწ გარდაცვლილი მარ. ვ-იანის მეუღლემ ი. ვ-იანმა 1999 წლის დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ალ. ვ-იანის მიმართ და მოითხოვა თავისი არასრუწლოვანი შვილი ან. ვ-იანის ინტერესებიდან გამომდინარე კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ მარ. ვ-იანის სამკვიდრო წილი გადასცემოდა შვილს – ან. ვ-იანს, ხოლო სადავო ¹8, 35,72 კვ.მ, ფართის ოთახის მესაკუთრედ კი ცნობილიყო მისი შვილი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ სადავო 35,72 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ოთახი მარ. ვ-იანის მიერ იყო აშენებული და იგი მის სამკვიდრო ქონებაში შევიდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მტკიცებას იმის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც გაირკვეოდა, სადავო, 35, 72 კვ. მ. ფართის ოთახი საჯარო რეესტრში ვის სახელზეა აღრიცხული. სასამართლომ ისე ცნო საცხოვრებელი სახლის მიშენებები მარ. ვ-იანის სამკვიდრო ქონებად, რომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია ან. ვ-იანის და მარ. ვ-იანის გარდაცვალების მომენტისათვის თითოეულის სახელზე რა ქონება ირიცხებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოცემულ საქმეზე არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ალ. ვ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 აგვისტოს განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.