3კ/753-01 21 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ზ-ამ” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კავშირი “ს-ის” მიმართ, სადაც მიუთითებდა, რომ 2000 წლის 4 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ელექტროენერგია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული იქნა გრაფიკით გათვალისწინებულზე ნაკლები, რის გამოც ხელშეკრულების 5.3 მუხლის შესაბამისად მოპასუხეზე ვრცელდება საჯარიმო სანქციები მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულების სამმაგი ოდენობით. მიუწოდებელმა ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 63701990 კვ.სთ., რომლის ღირებულება შეადგენს 3 535 460, 445 აშშ დოლარს. სხვაობა მოხმარებულ ელექტროენერგიის ღირებულებასა და მოპასუხის დავალიანებას შორის შეადგენს 2 411 843, 26 აშშ დოლარს.
აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2 411 843, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ.
მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი სარჩელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, ხოლო მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ქ. ზ-ძემ აღიარა სასარჩელო მოთხოვნა.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, “ს-ს” სს “ზ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2 411 843, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მოპასუხის წარმომადგენლის აღიარება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ჩათვალა საკმარის მტკიცებად.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მის მიერ საჯარიმო სანქციები არ ყოფილა აღიარებული, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული მოქმედი კანონმდებლობა კავშირის შესახებ და სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები.
2001 წლის 2 ნოემბრის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები ქ. ზ-ძე და ხ. კ-ძე დაეთანხმნენ საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს და მოითხოვეს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო სასამართლოს სხდომა გაგრძელდა 16 ნოემბერს. სხდომაზე არ გამოცხადდა კასატორის წარმომადგენელი ხ. კ-ძე, გამოცხადდა ქ. ზ-ძე, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ამასთან წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი თანხმობა საკასაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე და რწმუნებულება, რომლითაც ქ. ზ-ძეს მიეცა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ რწმუნებულებებს და თვლის, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის წარმომადგენლის ქ. ზ-ძის უფლებამოსილება არ არის კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული რწმუნებულებაში. კერძოდ, რწმუნებულება, რომლითაც ქ. ზ-ძეს ეძლევა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება, დაბეჭდილია 2001 წლის 12 დეკემბერს, ხოლო რწმუნებულების გაცემის თარიღად მითითებულია 06 დეკემბერი. ციფრი “0” გადასწორებულია. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი რწმუნებულების გაცემა ვერ მოხდებოდა 6 დეკემბერს, რადგან იგი დაბეჭდილია 12 დეკემბერს. უნდა აღნიშნოს ასევე, რომ ქ. ზ-ძის მიერ წარმოდგენილ რწმუნებულებაზე და ამავე საზოგადოების გენერალური დირექტორის მრჩეველის ხ. კ-ძის სახელზე გაცემულ რწმუნებულებაზე გენერალური დირექტორის დ. ჯ-შვილის ხელმოწერები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან რწმუნებულება, რომლითაც ქ. ზ-ძეს ეძლევა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება არ არის კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ზ-ძეს არა აქვს მინიჭებული საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება, რის გამოც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის განცხადება არ არის დასაშვები და ქ. ზ-ძეს უარი უნდა ეთქვას საკასაციო წარმოების შეწყვეტაზე.
რაც შეეხება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას საფუძვლად დაედო მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლის _ ქ. ზ-ძის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასამართლომ ჩათვალა საკმარის მტკიცებად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობის უფლებამოსილება სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქ. ზ-ძეს, მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, არ ჰქონდა მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება. რის გამოც ქ. ზ-ძის მიერ სასარჩელო მოთხოვნის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა გადაწყვეტილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად ასეთი გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.