Facebook Twitter

¹ 3კ/754-01 5 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება და გაზეთის “...” საქმიანობის აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მ. ა-იამ მოპასუხეების: პუბლიკაციის ავტორ გ. მ-ძის, გაზეთ “...”-ის რედაქტორ ბ. ქ-ძის, ამავე გაზეთის პასუხისმგებელ მდივან ნ. ბ-ძის, რედაქტორის მოადგილე თ. ჟ-ტის, სარედაქციო კოლეგიის წევრების: ა. გ-იანის, ო. ტ-ძის, რ. შ-იას, გ. ტ-შვილის და გაზეთის “...” რედაქციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომის მოსამზადებელ სტადიაზე და მთავარ სხდომაზე დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ მოპასუხე გაზეთ “...”-ის, გაზეთის რედაქტორის ბ. ქ-ძისა და წერილის ავტორის გ. მ-ძისაგან მოითხოვა მისი პატივისა და ღირსების, ასევე, ზ. გ.-ს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა და ღირსების შელახვისათვის მოპასუხეების: გ. მ-ძისათვის 400000 ლარის, გაზეთ “...”-ის რედაქტორ ბ. ქ-ძისათვის 200000 ლარის დაკისრება და გაზეთ “...”-ის საქმიანობის აკრძალვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ გაზეთ “...”-ის 2000 წლის 29 ოქტომბრის პირველ ნომერში დაიბეჭდა გ. მ-ძის პასკვილი “...”, რომლითაც ზ. გ.-სა და მოსარჩელე მ. ა-იას პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები გავრცელდა. მისი მოსაზრებით, მითითებული პუბლიკაცია მთლიანად შეურაცხმყოფელია, ლახავს მათ პატივს და ღირსებას. მოსარჩელეს პატივისა და ღირსების შემლახავად მიაჩნია პუბლიკაციაში მოყვანილი შემდეგი გამონათქვამები: “... ამეების გამო ჩვენთან სტუმრობა მიუსაჯესო”, “შეშინებულ-დათრგუნული ახალმოსულები”, “რომ ვაჟკაცური ბუნების მქონე მამის ერთადერთი ძე არც ცხენით ჯირითს ელტვოდა, არც ნადირობას და არც რამ “სავაჟკაცო საქმეს”, “ბეჩავი კ., გაკრულ ბალღ ჰყოლია”, “ბაბუშკების მიერ გერგეტის სამებაში დასვენებული ხატების გამო დისიდენტი გ.-ა დიდად აღშფოთდა, ქართულ სალოცავში რუსული ხატების დასვენება ვინ გაიგოო, შემოუძახა თავის ერთგულ ახალგაზრდებს და ხატებს წვდნენ. ბიჭებს ხატები ტაძრიდან წინა ოთახში გაუმართავი რუსული სიტყვების ბურდღუნით გამოჰქონდათ, თვითონ კი გამართული რუსულით ქადაგებდა”, “მოხევეთა ერთ ნაწილს მისი “ურაპატრიოტული” სიტყვები და სამების ტაძრიდან გამოყრილი ხატები ცუდად ენიშნა”, “კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ცნობილი დისიდენტი ტრუსის ამარა დერეფანში გამოვარდნილიყო, უცხო ხალხის დანახვაზე დერეფანში, ისე კენტად მყოფი, თავის სიმხდალისა და უცნაური “ნარიადის” გამო სასწრაფოდ უკან შებრუნდა”, “ზ.ის მშიშრობის შესახებ მასთან დაახლოებული პირები უამრავ მაგალითს ასახელებდნენ”, გ.-ა, ,,...-ში”, უკვე როგორც საქართველოს პრეზიდენტი ისე ეწვია და როდესაც იგი ხალხით გაჭედილი დახვდა, ოპერატიულად გაათავისუფლებინა. პრეზიდენტის, მისი ახლობლებისა და მათი დაცვისთვის ბავშვიან დედებს შენობა ისეთი ფორმით დაატოვებინეს, რომ იქ შემსწრე მოხევეები აღშფოთებულნი დარჩნენ”, “კინწისკვრით გამოყრილი დამსვენებლები”, “ფაცხა-ფუცხით გაცვივდნენ”, “ისე დაეშვა, რომ იქიდან პრეზიდენტი ერთი წუთითაც არ გამოსულა... დაეშვა სამუდამოდ და უკანასკნელად”.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ამით შეილახა საქართველოს პრეზიდენტის ზ. გ.-ს პატივი და ღირსება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია თავისი სახელოვანი მეუღლის ღირსების დაცვის განხორციელება. ასევე მიაჩნია, რომ შელახულია მისი – მ. ა-იას სახელი, პატივი და ღირსება, განიცადა მორალური ზიანიც, რაც ფსიქოლოგიური ზიანის იდენტურია, გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც უმეტესად არამატერიალური სიკეთის ხელყოფაში გამოიხატება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ აღნიშნულ პუბლიკაციაში არ არის არცერთი გამონათქვამი, რომელიც ხელყოფს ზ. გ.-ს და მის ოჯახს. ამასთან, უარგუმენტოდ მიაჩნიათ მორალური ზიანის მიყენებისათვის 600000 ლარის მოთხოვნა, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად მორალური ზიანისათვის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. მ-ძეს დაევალა პუბლიკაციით “პრეზიდენტის წაქცეული კელაპტარი” გავრცელებული ზ. გ.-ს პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით: გ. მ-ძე აცხადებს, რომ 2000 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ “...”-ის პირველ ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში “...” გავრცელებული ცნობები: 1) “გერგეტის სამებაში დასვენებული ხატების გამო დისიდენტი გ.-ა დიდად აღშფოთდა. ქართულ სალოცავში რუსული ხატების დასვენება ვინ გაიგოო, - შემოუძახა თავის ერთგულ ახალგაზრდებს და ხატებს წვდნენ”, 2) მოხევეთა ერთ ნაწილს მისი (ზ. გ.-ს) “ურაპატრიოტული” სიტყვები და სამების ტაძრიდან გამოყრილი ხატები ცუდად ენიშნა”, 3) “თავისი სიმხდალისა თუ უცნაური “ნარიადის” გამო დარცხვენილი სასწრაფოდ უკან შებრუნდა ... ზ.-ის მშიშრობის შესახებ უამრავ მაგალითს ასახელებენ”, 4) “პრეზიდენტმა გ.-მ ხალხით გაჭედილი “...-ი” ოპერატიულად გაათავისუფლებინა” არ შეესაბამება სინამდვილეს.

გ. მ-ძეს, გაზეთ “...”-ს და მის რედაქტორ ბ. ქ-ძეს დაევალათ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აღნიშნულის უარყოფის შესახებ გ. მ-ძის განცხადების გამოქვეყნება.

საოლქო სასამართლომ მ. ა-იას მოთხოვნა, მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისათვის 600000 ლარის დაკისრების და გაზეთ “...”-ის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

საოლქო სასამართლომ ასევე მოხსნა ყადაღა გაზეთ “...”-ის ქონებას და ფულად სახსრებს.

საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის პირი, რომელსაც გარდაცვლილი მეუღლის, ზ. გ-იას, სახელისა და ღირსების დაცვის მოთხოვნის ინტერესი გააჩნია.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეების მიერ პუბლიკაციით “...” გავრცელებული ცნობების ნაწილი, ზ. გ.-სა და მ. ა-იას შესახებ, წარმოადგენდა ზ. გ.-ს პატივის შემლახავ ცნობებს.

საოლქო სასამართლომ პუბლიკაციით გავრცელებული ცნობა _ “ამეების გამო ჩვენი სტუმრობა მიუსაჯესო” - არ მიიჩნია პატივის შემლახავად და მიუთითა, რომ აღნიშნულ სიტყვებს წინ უძღვის წინადადება, რომელიც სადავო ცნობას მთლიან აზრს აძლევს: “ზევიდან შემაწუხესო მრავლისმეტყველად გაიღიმა მოსულმა და მისი სათქმელი კ-შვილმა ორაზროვნად განაგრძო: ვიღაცეებმა რაღაც-რაღაცეები მოუგონეს ... საზღვარგარეთის წარმომადგენლებთან ჩვენი ქვეყნის საზიანო კავშირები გაქვსო ... ერთი სიტყვით ამეების გამო ჩვენი სტუმრობა მიუსაჯეს”. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა “სტუმრობის მისჯა” პირდაპირი მნიშვნელობით არაა გამოყენებული და პატივის შემლახავ ცნობას არ შეიცავს.

ასევე პატივს არ ლახავს ცნობა: “... რომ ვაჟკაცური ბუნების მქონე მამის ერთადერთი ძე არც ცხენით ჯირითს ელტვოდა, არც ნადირობას და არც რამ “სავაჟკაცო საქმეს”, არც შემდეგი ფრაზა _ “ბეჩავ კ., გაკრულ ბალღ ჰყოლია” _ საოლქო სასამართლოს მითითებით არ წარმოადგენს პატივის შემლახველ ცნობას, რადგან ეს ორი ფრაზა ერთიან აზრს ქმნის და იკითხება მთლიანობაში: “მწყემსებს სადღაც გონების კუნჭულშიც უკვირდათ, რომ ვაჟკაცური ბუნების მქონე მამის ერთადერთი ძე არც ცხენით ჯირითს ელტვოდა, არც ნადირობას და არც სხვა რამ სავაჟკაცო საქმეს, ერთთავად წიგნი ეჭირა და მას ჩაჰკირკიტებდა. მეცხვარეებს იგი მწერლის ლიტერატურულ გმირთა სამყაროდან გამოსული ცოცხალი პერსონაჟი ეგონათ და ცოტა ეუცნაურათ, როდესაც ის ისეთი არ აღმოჩნდა. ზოგიერთ მწყემსს წიგნებით მისი დაინტერესება ერთგვარად აღიზიანებდა კიდეც და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ მისი იმ დროისათვის სრულიად უტოპიური მიზნები, რის გამოც ირონიულად ამბობდნენ: “ბეჩავი კ., გაკრულ ბაღლ ჰყოლია”. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წინადადებები არ შეიცავენ ზ. გ.-ს პატივის შემლახავ ინფორმაციებს, რადგან სადავო პუბლიკაცია ასახავს 1978 წლის ზაფხულში ზ. გ.-ს გადასახლების პერიოდს. იგი გადასახლებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის განხორციელებული საქმიანობის გამო. ავტორს სწორედ წიგნებთან მის მუშაობაზე აქვს აქცენტი გადატანილი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზ. გ.- იმიტომ არ მიელტვოდა ცხენით ჯირითს და ნადირობას, რომ იგი გადასახლებაშიც წიგნებთან მუშაობას განაგრძობდა.

საოლქო სასამართლომ ღირსების შემლახავ ფრაზად არ მიიჩნია ფრაზა _ “ბეჩავი კ., გაკრულ ბალღ ჰყოლია”, იმიტომ, რომ 1978 წლისათვის, კომუნისტური იდეოლოგიის ეპოქაში, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო, ძნელად წარმოსადგენი იყო, როგორ უნდა განხორციელებულიყო ზ. გ.-ს მიზნები ამ იმპერიისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის შესახებ. ავტორი ზემოთ მითითებული ფრაზით მოიხსენიებს ზ. გ.-ს მიზნების მწყემსებისეულ შეფასებას და მთლიანობაში ხაზს უსვამს მის გამორჩეულ ღირსებას, “უძრაობის ხანაშიც” კი ეფიქრა და ეღვაწა იმ იმედით, რაც საბჭოთა მოქალაქეთა უმრავლესობის ცნობიერებაში აღიქმებოდა სიგიჟედ, თუმცა ათეული წლის შემდეგ მისი მიზნები რეალობად იქცა.

პუბლიკაციაში ნახმარი სიტყვები: “ფაცხაფუცხით გაცვივდნენ”, რაც ძალიან ჩქარა, სწრაფად გაქცევაზე მიანიშნებს, არ წარმოადგენს არც ზ. გ.-ს და არც მ. ა-იას პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობას, რადგან იგი მოსკოვის “პუტჩის” გამო ყაზბეგიდან სწრაფად გამგზავრებას ასახავს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მეზობელ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობის გამო დასასვენებელი ადგილის მიტოვებისა და სახელმწიფო საქმეებთან მიბრუნების შესახებ, მისი პატივის დაფასებას წარმოადგენს და არა _ შელახვას. ამავე მიზეზის გამო არ შეიძლება შელახულად ჩათვლილიყო მ. ა-იას პატივი და ღირსება.

საოლქო სასამართლომ ზ. გ.-ს პატივის შემლახავ ცნობად, ასევე, არ მიიჩნია სიტყვები: “ისე დაეშვა, რომ იქიდან პრეზიდენტი ერთი წუთითაც არ გამოსულა... დაეშვა სამუდამოდ და უკანასკნელად”, იმიტომ, რომ პუბლიკაციის ავტორი ხალხთან ზ. გ.-ს ასეთ ურთიერთობას, კერძოდ, გამოუმშვიდობებლად გამგზავრებას გმობს.

საოლქო სასამართლომ სინამდვილესთან შეუსაბამოდ მიიჩნია ცნობები: “გერგეტის სამებაში დასვენებული ხატების გამო დისიდენტი გ.-ა დიდად აღშფოთდა. ქართულ სალოცავში რუსული ხატების დასვენება ვინ გაიგოო, - შემოუძახა თავის ერთგულ ახალგაზრდებს და ხატებს წვდნენ”, “მოხევეთა ერთ ნაწილს მისი “ურაპატრიოტული” სიტყვები და სამების ტაძრიდან გამოყრილი ხატები ცუდად ენიშნა”; “თავის სიმხდალისა თუ უცნაური “ნარიადის” გამო დარცხვენილი სასწრაფოდ უკან შებრუნდა... ზ.ის მშიშრობის შესახებ მასთან დაახლოებული პირები უამრავ მაგალითს ასახელებენ”, რადგან მათი ნამდვილობა პუბლიკაციის ავტორმა ვერ დაასაბუთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ცნობები ზ. გ.-ს პატივის შემლახავია, რადგან მართლმადიდებლური ხატების შეურაცხყოფა მართლმადიდებლური ქრისტიანული მრწამსის მქონე პიროვნებას, უღირს საქციელად ეთვლება. ზ. გ.-ს პიროვნების, როგორც ეროვნული სულისკვეთებისა და პატრიოტული მიზნების მქონე პოლიტიკური მოღვაწის საზოგადოებრივი შეფასება, გამოიხატა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ საქართველოს პირველ პრეზიდენტად მის არჩევაში. მოპასუხე კი თავის წერილში შეგნებულად ხაზს უსვამს ზ. გ.-ს ხასიათის სისუსტეს და მთლიანობაში ამძაფრებს აზრს იმის შესახებ, რომ იგი მშიშარა იყო. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მშიშარა პიროვნებად მოხსენიება მისი პატივის შემლახავია. პიროვნება, რომელიც საზოგადოების მიერ ქვეყნის, ერის წინამძღოლობის ღირსად იქნა მიჩნეული, არ შეიძლება მშიშარად და მხდალად იქნეს მოხსენიებული და ასეთი ცნობის გავრცელებით საზოგადოების თვალში მისი ავტორიტეტი დამცირდეს და შეილახოს.

ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს აღნიშნული ცნობების ნამდვილობა, სასამართლომ მათ მითითებული ცნობების უარყოფა დაავალა.

კოლეგიამ მიიჩნია, რომ მითითებულ პუბლიკაციაში არ მოიპოვებოდა ცნობები, რომელიც მოსარჩელეს შეეხებოდა და მისი პატივისა და ღირსების შემლახავი იყო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი, გარდაცვლილი პირის პატივის შელახვის გამო, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავდა.

მოპასუხეებს მოცემულ საქმეზე საოლქო სასამარ თლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.

2001 წლის 29 ივნისს მ. ა-იამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი. მან სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, რომ მითითებული პუბლიკაცია არის არა მარტო ზ. გ.-ს, არამედ მისი ოჯახისა და კერძოდ, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, მიაჩნია დაუსაბუთებლად. მისი მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ელახება პატივი და ღირსება ქალს, რომელსაც თავისი ადგილი უჭირავს საზოგადოებაში, ეამაყება თავისი სახელოვანი მეუღლე, ხოლო სადავო სტატია კი მთელ ქვეყანას ამცნობს, რომ თურმე ის არის “ურაპატრიოტის”, ,,ლაჩრისა” და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის მეუღლე.

მისი მოსაზრებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ეპიზოდზე, რომლის მიხედვითაც თურმე იგი “ფაცხაფუცხით” გამოქცეულა ყაზბეგიდან და გერგეტის სამებაში კელაპტრის ყოველ წაქცევაზე აღელვებული თავს ვერ იკავებდა და “ჰმ”, ,,წუ”, “ვაა”-ს გაიძახოდა.

მას მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-18 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის მოთხოვნები. მოითხოვა მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, გაზეთ “...”-ის საქმიანობის აკრძალვაზე უარის თქმის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვის დროს დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თავიანთი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევას საოლქო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვის დროს ადგილი არ ჰქონია.

სასამართლოს არ დაურღვევია შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეებს თანაბარი უფლებები ჰქონდათ მინიჭებული, დაესაბუთებინათ თავიანთი მოთხოვნები და უარეყოთ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ის გარემოება, რომ საოლქო სასამართლომ გაზეთში გამოქვეყნებული სადავო პუბლიკაციის ზოგიერთი ფრაზა არ მიიჩნია მოსარჩელის და მისი ოჯახის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელად, არ წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.

ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის მოტივით გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაციით არ ილახება მოსარჩელისა და მისი ოჯახის პატივი და ღირსება, ხოლო მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პუბლიკაციით მას, როგორც პრეზიდენტის მეუღლეს, რომელსაც თავისი ადგილი უჭირავს საზოგადოებაში და ეამაყება თავისი სახელოვანი მეუღლე, ხოლო სტატია ქვეყანას ამცნობს, რომ თურმე ის არის “ურაპატრიოტი”, “ლაჩარი”, მხდალი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის მეუღლე, არ გამომდინარეობს სადავო პუბლიკაციიდან.

სადავო პუბლიკაცია მხოლოდ ზ. გ.-ს პიროვნებას შეეხება და მის ოჯახთან, მითუმეტეს მეუღლესთან, არანაირი კავშირი არა აქვს. ყაზბეგიდან გამომგზავრების ეპიზოდთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოს დასაბუთება სრულყოფილია და მიჩნეულია, რომ პუბლიკაციის აღნიშნული ეპიზოდი არც ზ. გ.-სათვის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის პატივის და ღირსების შემლახავ ცნობებს არ შეიცავს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გერგეტის სამებაში კელაპტრის წაქცევის მომენტში წამოძახებები: ,,ჰმ”, ,,წუ”, ,,ვაა”. . . არანაირად არ შეურაცხყოფს არც ქალს და არც მამაკაცს.

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და “ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლით. კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე “მოიცავს პიროვნების თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გასცეს ინფორმაცია და იდეები”.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეებში: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (1986), ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (1991) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (1997) მიუთითა, რომ მისაღები კრიტიკის ფარგლები პოლიტიკოსის, სახელმწიფო ხელისუფალის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო ფიზიკური პირის მიმართ. ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით პოლიტიკური მოღვაწე აუცილებლად და შეგნებულად თავად აყენებს მის თითოეულ სიტყვას და საქმეს ჟურნალისტების, ასევე, მთლიანი საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ. მართალია, ,,ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის” მე-10 (2) მუხლი საშუალებას იძლევა, რომ დაცულ იქნეს სხვათა რეპუტაცია და მათ შორის _ პოლიტიკოსებისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამგვარი დაცვის მოთხოვნები უნდა გაწონასწორდეს პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიების ინტერესებთან მიმართებაში.

პრესის წინააღმდეგ სანქციის გამოყენება იმისთვის, რომ მან გააკრიტიკა პოლიტიკური მოღვაწე ან მის ფურცლებზე მოთავსებული პუბლიკაციით ჟურნალისტმა შელახა პოლიტიკოსის _ ხელისუფლების წარმომადგენლის პატივი და ღირსება, წარმოადგენს გარკვეული სახის ცენზურას, რომელმაც შეიძლება დააშინოს იგი და თავი შეაკავებინოს მომავალში კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისაგან. ასეთი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ჟურნალისტებს და პრესას, თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საკითხების საზოგადოებრივ განხილვაში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საზოგადოების ცხოვრებაზე. გაზეთის საქმიანობის აკრძალვამ, ასევე, შეიძლება შეაფერხოს პრესა ინფორმაციის გაცემისა და საზოგადოებრივი ინტერესების დარაჯის ფუნქციების შესრულებისაგან. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად დაარღვევდა ,,ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლით დაცულ პრინციპებს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტების შეფასებისას გამოიყენება განსხვავებული სტანდარტები.

პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ხელისუფლების წარმომადგენელებმა, ანალოგიურად, მათი გარდაცვალების შემდეგ მათმა ოჯახის წევრებმა და სხვა პირებმა, რომელთა ინტერესებშიც შედის გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვა, დასაშვებზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. ამ შემთხვევაში რეპუტაციის (პატივის, ღირსების) დაცვის ინტერესი წონასწორდება საზოგადოების ინტერესთან – თავისუფლად განიხილოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე, მაგრამ კრიტიკა უხეშად არ უნდა ხელყოფდეს პირის (მითუმეტეს გარდაცვლილი მოღვაწის) პატივს და ღირსებას.

პალატის მოსაზრებით, პუბლიკაციაში მოყვანილი სიტყვები: “ბეჩავი კ., გაკრულ ბალღ ჰყოლია” გარკვეულწილად ხელყოფს გარდაცვლილი პრეზიდენტის პატივს და ღირსებას, ამიტომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, გაზეთ ,,...”-ის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, საოლქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი, რადგან საქართველოს ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ დაირღვა კანონი, რითაც ხელი ეწყობა დანაშაულს, საფრთხე ექმნება სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას”. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ გაზეთმა “...”-მა დაარღვია კანონის ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული რომელიმე პირობა.

სამართალში ადამიანი გვევლინება როგორც პირი და როგორც პიროვნება. როგორც პირს, მას აქვს უფლებები და ეკისრება მოვალეობები. პიროვნება კი ადამიანის სულიერ ღირებულებათა ერთობლიობას აერთიანებს.

გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ქრება როგორც პირი, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, მაგრამ რჩება ადამიანი, როგორც პიროვნება. იგი რჩება ადამიანთა ცნობიერებაში და სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებს ღირებულებას საზოგადოებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნულობის ცალკეულ გამოვლინებებს მისი სიკვდილის შემდეგ.

გარდაცვლილის პიროვნების დაცვით ხორციელდება არა მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლების, არამედ _ მთელი საზოგადოების ინტერესი, ამიტომაც კოდექსში არაა ჩამოთვლილი იმ პირთა წრე, რომლებსაც გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვის მოთხოვნის დაყენების უფლება გააჩნია. ამის უფლება აქვს როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეებს (მეუღლეს), ისე _ სხვა პირებს.

სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით დაცვას ექვემდებარება გარდაცვლილის პიროვნულობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა სახელი, პატივი, რეპუტაცია, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, საკუთარი გამოსახულების უფლება. პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა. მემკვიდრის მიერ ხორციელდება გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვა და არა გარდაცვლილისაგან მემკვიდრეობით მიღებული უფლებების დაცვა. მორალური ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლების სუბიექტს. სხვა პირი, მათ შორის მემკვიდრე, (მეუღლე) ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს მოკლებულია.

ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა.

მოცემული მუხლი განჩინების რეკვიზიტებს, განჩინების შინაარსის განმსაზღვრელი საკითხების ჩამონათვალს წარმოადგენს და არანაირი საერთო არა აქვს ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 30 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

პალატას მიაჩნია, რომ კასატორის განთავისუფლება სახ. ბაჟის გადახდისაგან შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მ. ა-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

შეტანილ იქნეს ცვლილება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტში.

მითითებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს მე-5 ქვეპუნქტად დაემატოს: “ბეჩავი კ., გაკრულ ბალღ ჰყოლია”.

დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

კასატორი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.