Facebook Twitter

საქმე N 010100124009711135

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1022აპ-25 ქ. თბილისი

ც–ე თ., 1022აპ-25 17 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ც–ეს ბრალად ედება მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 12 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ..–ე ქუჩის №.. სახლში, თ. ც–ესა და მის შვილს, რ. ც–ეს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირებისას რ. ც–ემ ხელების ყელის არეში მოჭერით გაიყვანა თ. ც–ე ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გაგრძელდა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. ისინი წაიქცნენ, რ. ც–ე თ. ც–ის სხეულზე ზემოდან მოექცა და ყელში მოუჭირა ორივე ხელი, ხოლო თ. ც–ემ გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და თავდაცვის მიზნით, ხასიათსა და საშიშროებასთან აშკარა შეუსაბამო ქმედებებით, თავს დაესხა მას, კერძოდ, ჯიბიდან ამოიღო მჩხვლეტავ–მჭრელი საგანი დანა, რომლის გამოყენებითაც თავდამსხმელ რ. ც–ეს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. სახელდობრ, დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები სახისა და კისრის მიდამოში, ნაჭდევი მარცხენა წვივის არეში, ასევე, გულმკერდის წინა მარცხენა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი გულმკერდის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, რის შედეგადაც, რ. ც–ე ადგილზევე გარდაიცვალა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თ. ც–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

თ. ც–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასრულყოფილად და არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხასიათი, მიმართულება და სიღრმე, კასატორის აზრით, მიუთითებს, რომ თ. ც–ის ქმედება აშკარად შეუსაბამო იყო თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან; ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულია და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ პაატა ცეცხლაძის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს თ. ც–ის ბრალეულობას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თ. ც–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, კერძოდ:

9. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარდაცვლილის დედის, მოწმე ნ. ც–ის ჩვენებაზე, რომელიც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი და პირდაპირი მოწმეა. ნ. ც–ემ დეტალურად აღწერა რ. ც–ის ხანგრძლივი აგრესიული ქცევა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით − მშობლების მიმართ, რაც უმთავრესად განპირობებული იყო, მშობლების სახლისა და მიწის ნაკვეთიდან ქონებრივი წილის სისტემატური მოთხოვნიდან; მოწმემ ასევე მიუთითა რ. ც–ის მიდრეკილებაზე ალკოჰოლისა და „მარიხუანას“ მოხმარებისკენ და აღნიშნული საშუალებების ზეგავლენის დროს, მშობლებზე, როგორც სიტყვიერად, ისე − ფიზიკურად ძალადობის ხშირ ფაქტებზე;

10. უშუალოდ 2024 წლის 12 მაისს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ იმ დღესაც რ. ც–ე ალკოჰოლით მთვრალი იყო, მან თავდაპირველად ნ. ც–ეზე იძალადა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გულ-მკერდის არეში. ნ–მ დახმარება ითხოვა, იყვირა − ,,მიშველეთო“. მის დასახმარებლად თ. ც–ემ მიირბინა, შვილს მივარდა და ყვირილით ჰკითხა, რას აკეთებდა, დედას კლავდა?. პასუხად რ–მა მთელი აგრესია მამისკენ მიმართა, ორივე ხელი საყელოში ჩასჭიდა, ,,დაითრია“ და თრევით გაიყვანა გარეთ. სახლის ზღურბლთან ერთსაფეხურიან კიბეზე ორივე წაიქცა, რ–ი მამას ზემოდან მოექცა, საყელოზე მოკიდებული ხელები ყელში წაუჭირა და დახრჩობა დაუწყო. თ–ი იხრჩობოდა, ვერ საუბრობდა, ჯერ წვრილი ხმით სთხოვდა ხელის გაშვებას, შემდეგ ხროტინი დაიწყო. თ–ი პატარა ზომის დანას ხილის დასაჭრელად სულ თან ატარებდა, რადგან ასაკოვანია, კბილები არ აქვს და ხილს დაჭრის გარეშე ვერ ჭამდა. გამწარებულმა შარვლის ჯიბიდან სწორედ ეს პატარა დანა ამოიღო და მხოლოდ ერთხელ დაარტყა რ–ს მუცლის არეში. რ–ი მოეშვა, გადატრიალდა, თ–მა კი, მოახერხა მის ქვემოდან გამოძრომა. როდესაც ნ. ც–ემ დაჭრილი შვილი დაინახა, ტირილი დაიწყო, საშველად უხმობდა ხალხს და სთხოვდა გადაერჩინათ. დანას, რომლითაც თ–მა დაზიანება მიაყენა შვილს, იმდენად პატარა პირი აქვს, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ იმ პატარა დანით შეიძლებოდა ადამიანის მოკვლა.

11. მოწმე ნ. ც–ის ჩვენება სრულად თანხვდენილია მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ც–ეს გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწშუა ხაზის დონეზე, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის მოწითალო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

12. ნ. ც–ის ჩვენებას ასევე სრულად შეესაბამება მოწმე მ. ც–ს ჩვენება. მ. ც–ე გამოკითხვის ოქმში, დაზარალებულის ანალოგიურად უთითებს გარდაცვლილი ძმის − რ. ც–ის ხანგრძლივ აგრესიაზე ოჯახის წევრების მიმართ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე, მშობლების მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებაზე, წილისა და ქონების მოთხოვნებზე. უშუალოდ მომხდართან დაკავშირებით, მოწმემ მიუთითა, რომ 2024 წლის 12 მაისს დედას დაურეკა ტელეფონზე. ნ–მ ტირილით უთხრა, რომ ოჯახში არ ჰქონდათ კარგი სიტუაცია. მოწმემ დედას სიტყვა აღარ დაასრულებინა, და მაშინვე წავიდა სახლისკენ. მირიანმა აღწერა, რომ სახლში მისვლისას უკვე დაინახა შეკრებილი ხალხი, გარდაცვლილი ძმა და ანერვიულებული მამა, რომელსაც მაისურის საყელო მოხეული ჰქონდა და ტიროდა. მ–ს ჩვენებით, დედამ უამბო ყველაფერი, რომ რ–მა ჯერ მასზე იძალადა ფიზიკურად, შემდეგ მამაზე გადაიტანა აგრესია და ახრჩობდა.

13. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ გარდაცვლილის და − მოწმე ე. დ–ა და სიძე − ხ. დ–ი.

14. გარდაცვლილ რ. ც–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 15 ივლისის დასკვნის თანახმად, რ. ც–ის გვამს აღენიშნებოდა გულმკერდის წინა მარცხენა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, გულმკერდისა და მუცლის საზღვარზე მარცხნივ, ლავიწშუა ხაზის გასწვრივ, X-XI ნეკნთა დონეზე, ტერფის ძირიდან 112 სმ. დაშორებით, კანის, კანქვეშა ქსოვილების, მკერდის ძვლის მიმდებარე ხრტილოვანი ქსოვილის პერიკარდის, გულის მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან – უკან, ქვემოდან – ზემოთ, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ, ჭრილობის არხი სიგრძით დაახლოებით 9 სმ. შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, პერიკარდიუმსშიდა სისხლდენა, გულის ტამპონადა, მწვავე სისხლნაკლებობა, ჰემორაგიული შოკი.

15. ბრალდების მხარე აპელირებს სწორედ რ. ც–ის ექსპერტიზის დასკვნაზე და მიაჩნია, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხასიათი, მიმართულება და სიღრმე – ადასტურებს, რომ თ. ც–ის ქმედება აშკარად შეუსაბამო იყო თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას მხოლოდ განყენებულად არ აფასებს რომელიმე მათგანს. პირიქით, სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად ადგენს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად კი, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ თ. ც–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ნეიტრალური მოწმის, ნ. ც–ის ჩვენება, რომელიც სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოწმის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

17. მოწმე ნ. ც–ე ცალსახად უთითებს საკუთარი შვილის მიერ თავდაპირველად მასზე ფიზიკურ ძალადობასა, ხოლო შემდეგ − ფიზიკური აგრესიის მის დასახმარებლად მისულ მამაზე გადატანაზე. რ. ც–ის ქმედება გამოიხატა მამამისზე უშუალო ფიზიკური ძალადობით − მისი წაქცევით, მასზე ზემოდან მოქცევითა და დახრჩობის მცდელობით. თ. ც–ე ხროტინებდა, ხმის ამოღებასაც ვეღარ ახერხებდა, იხრჩობოდა. შესაბამისად, თავდამსხმელის მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისა და მისი აშკარა ძალისმიერი უპირატესობის ფონზე, გამართლებულის ქმედება მიმართული იყო სამართლებრივი სიკეთის − საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის − დაცვისკენ.

18. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო, მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს თ. ც–ის ბრალეულობას, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი