გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\755 5 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. წ-ურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ბინაში შესახლება შემდეგი საფუძვლით: ბინა ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. იგი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. დადგენილი წესით თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო აღნიშნული ბინა, ხოლო თბილისის მერიამ 1999 წლის 11 ოქტომბერს გასცა მის სახლზე ორდერი, რაც აძლევს სადავო ბინის დაკავების უფლებას, მაგრამ ბინაში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან სადავო ბინის გვერდით მცხოვრები მ-შვილი არ აძლევს საშუალებას, დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ბინა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მ-შვილი გამოსახლდა სადავო ბინიდან, ხოლო მოსარჩელე შესახლებულ იქნა სადავო ბინაში. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ისანი-სამგორის რაოინული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისავთის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს შემდეგი საფუძვლით: მოპასუხე მ-შვილს სადავო ბინასთან შეხება არ აქვს, ბინა დაკავებული აქვს ქ-ავების ოჯახს, რომლებიც საქმეში არ არიან ჩაბმული მოპასუხეებად.
საქმის ხელახალი განხილვის დროს საქმეში მოპასუხეებად, მ-შვილთან ერთად, ჩაბმული იქნენ ე. ქ-ავა-გ-ია და ა. ქ-ავა. ისანი-სამგორის რაოინული სასამართლო 2000 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა ც. წ-ურის სარჩელი; მოპასუხეები _ ე. ქ-ავა და ა. ქ-ავა გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან, ხოლო ც. წ-ური შესახლებულ იქნა ამ ბინაში. მოპასუხე მ-შვილს ჩამოერთვა ბინის გასაღები და გადაეცა ც. წ-ურს. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აქვთ დაკავებული სადავო ფართი. ბინა სარგებლობისათვის კანონით დადგენილ წესით, გადაცემული აქვს მესაკუთრისაგან მოსარჩელეს. სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ როგორც არაკეთილსინდისიერმა მფლობელებმა მოპასუხეებმა უნდა დაუბრუნონ ნივთი უფლებამოსილ პირს (მოსარჩელეს).
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს ა. და ე. ქ-ავებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ე. ქ-ავა-გ-იამ და ა. ქ-ავამ, რომლითაც ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: არიან ოჩამჩირედან ლტოლვილები, სადავო ბინაში ცხოვრობენ 1993 წლიდან, სხვა ბინა არ გააჩნიათ, ბინის ორდერი არ აქვთ, მაგრამ შესახლება ბინაში მოხდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტროს უფლება არ ჰქონდა გაეცა ორდერი დაკავებულ ფართზე.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინალად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს _ ე. და ა. ქ-ავებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვთ დაკავებული სადავო ფართი და რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით მესაკუთრის, თავდაცვის სამინისტროს მიერ, გამოყოფილი აქვს სარგებლობისათვის სადავო ფართი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის, თუ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ არის საკასაციო პრეტენზია წამოყენებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 164-ე მუხლები და მოპასუხეები, როგორც არაკეთილსინდისიერი მფლობელები, გამოასახლა დაკავებულ ფართიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. და ა. ქ-ავების საკასაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.