საქმე # 110100122005763402
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №978აპ-25 ქ. თბილისი
ჭ–ე ი., 978აპ-25 10 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჭ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ჭ–ეს ბრალად ედება: ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი. ჭ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, შუადღის საათებში, ქ. ზ–ში, .... ქუჩის .. ჩიხის N..-ში მდებარე ს. კ–ის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების დროს, ი. ჭ–ემ გაშლილი მარჯვენა ხელი სახის არეში მარცხნივ ერთხელ დაარტყა რ. გ–ეს, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 12 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ზ–ში, .... ქუჩის .. ჩიხის N..-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ჭ–ემ განაწყენების ნიადაგზე, მარჯვენა ხელის მუშტი რ. გ–ეს სამჯერ ზემოდან დაარტყა თავის არეში და ერთხელ − ტუჩის არეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ, ი. ჭ–ე დაედევნა მომხდარის გამო საკუთარ ეზოში სირბილით შესულ რ. გ–ეს და ერთხელ დაარტყა მუშტი თავში, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ი. ჭ–ე, − დაბადებული 1977 წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 500 (ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ი. ჭ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჭ–ემ. მსჯავრდებულმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებები, არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჭ–ემ. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უდანაშაულოა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა კანონდარღვევით. სასამართლოში მოწმის სახით უკანონოდ არ დაიკითხა დაზარალებული და კიდევ ერთი მოწმე, რის გამოც, მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ი. ჭ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 მარტის ეპიზოდი) შერაცხილი ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რ. გ–ისა და მოწმე გ. გ–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ლ. გ–ის, თენგიზ შეყრილაძის ჩვენებებით, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 მარტის დასკვნითა და ექსპერტ გ. გ–ის ჩვენებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის, დაზარალებულ რ. გ–ის დედის − ლ. გ–ის ჩვენებაზე. მოწმე ლ. გ–ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტავ, რომ 2022 წლის 12 მარტს დაზარალებული იმყოფებოდა თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. ჭ–ე კი ქუჩაში; კონფლიქტი დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკებით, კერძოდ, ი–ს ეგონა, რომ დაზარალებული მას აგინებდა. შემდეგ ლამარამ დაინახა, რომ ი. ჭ–ემ დაზარალებულს თავში სამჯერ ჩაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ ერთხელ დაარტყა სახის არეში. მოწმე ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულს ტუჩის არეში ჰქონდა დაზიანება და სისხლდენა; მოწმე აღნიშნავს, რომ იგი ყვიროდა და ი–ს სთხოვდა არ დაერტყა რ–ისთვის, რადგან იგი ავად იყო. ლ. გ–ე ასევე აღწერს, რომ დაზარალებული გაიქცა ეზოში, ხოლო ი. ჭ–ე გაეკიდა და ეზოში რ–ს კიდევ ერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც წავიდა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.
10. მოწმე ლ. გ–ის ჩვენება სრულად შეესაბამება დაზარალებულ რ. გ–ისა და მოწმე გ. გ–ის გამოკითხვის ოქმებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. გ–ისა და გ. გ–ის სასამართლოში წარდგენა და მოწმის სახით დაკითხვა ვერ მოხერხდა, დაზარალებულის შემთხვევაში − მისი საზღვარგარეთ ყოფნისა და ადგილსამყოფლის დაუდგენლობის, ხოლო მოწმის შემთხვევაში − მძიმე ავადმყოფობის გამო. ხსენებულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულისა და მოწმის გამოკითხვის ოქმები.
11. დაზარალებულ რ. გ–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი აღწერს, 2022 წლის 12 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სახელდობრ: დაახლოებით 13:00 საათზე, ი. ჭ–ემ, რომელსაც არასწორად ეგონა, რომ რ–ი მისი მისამართით იგინებოდა, სამჯერ დაარტყა მუშტი ჯერ თავის, შემდეგ ერთხელ – ტუჩის არეში, რის შედეგადაც, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი; შემდგომ, დაზარალებულის გადმოცემით, იგი გაიქცა ეზოში, მაგრამ ი. ჭ–ე დაედევნა და კიდევ ერთხელ დაარტყა მუშტი თავის არეში. დაზარალებული ასევე მიუთითებს, რომ მომხდარს შეესწრნენ მისი მშობლები, ხოლო მამამ დარეკა ,,112-ში”.
12. ანალოგი– შინაარსისაა მოწმე გ. გ–ის გამოკითხვის ოქმიც, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ 2022 წლის 12 მარტს გაიგონა ხმაური. აივანზე გასვლისას, დაინახა როგორ დაარტყა ი. ჭ–ემ დაზარალებულს სამჯერ მუშტი თავის არეში; ამის შემდეგ რა მოხდა აღარ დაუნახავს, რადგან სახლში შევიდა ,,112-ში” დასარეკად. რამდენიმე წუთში დაზარალებულიც შევიდა შინ, მას ტუჩიდან სისხლი სდიოდა; დაზარალებულმა მოწმეს უთხრა, რომ ი. ჭ–ე დაედევნა ეზოში და იქაც დაარტყა.
13. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები აგრეთვე სრულად თანხვდენილია:
14. დანაშაულის შესახებ შეტყობინებებთან, რომელთა მიხედვით, 2022 წლის 12 მარტის შეტყობინების ინიციატორი − გ. გ–ე მიუთითებდა, რომ გურამ გოქაძ „გ–სთან“ ჩხუბობდა ორი ადამიანი, ხოლო 2022 წლის 14 მარტის, შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ინიციატორი − რ. გ–ე უთითებდა, რომ ორი-სამი დღის წინ, მეზობელთან – ი. ჭ–ესთან ჰქონდა კონფლიქტი, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, ხოლო პოლიცია არ ახდენდა რეაგირებას;
15. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ექსპერტ გ. გ–ის ჩვენებასთან, სახელდობრ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს ქვედა ტუჩის არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლოში დაკითხული ექსპერტი გ. გ–ე დაეთანხმა მის მიერ გაცემულ დასკვნას და განმარტა, რომ დაზარალებულმა მიუთითა ი. ჭ–ის მიერ მის მიმართ ძალადობაზე;
16. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა დანაშაულის ადგილი (ქუჩა/ეზო), აღწერა დარტყმების მექანიზმი და გარემოებები.
17. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული მტკიცებულება დაედოს, აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, როცა არ არსებობს ამ მტკიცებულებებში არსებული ინფორმაციის სხვა წყაროდან დადასტურების შესაძლებლობა, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, ი. ჭ–ის მსჯავრდება არ ემყარება მხოლოდ სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებებს, არამედ იგი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ჭ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი