¹ 3კ/756-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. ჩ-ძე და ბ. ბ-შვილი 1970 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები: ნ. და თ. ჩ-ძეები. 1981 წლის ნოემბრიდან მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა. 1982 წლის ივლისში ბ. ჩ-ძე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა თ. პ-შვილთან.
1999 წლის თებერვალში გარდაიცვალა ბ. ჩ-ძე. მის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას შეადგენდა თელავის რაიონის სოფ. ... მდებარე 4000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი და ორი ავტომანქანა შეფასებული 2700 ლარად.
ნ. და თ. ჩ-ძეებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში სამკვიდროდან 2680 ლარის ღირებულების ქონების მიკუთვნების შესახებ შემდეგი საფუძვლით:
სადავო ქონების – საცხოვრებელი სახლის აშენება მოხდა ნაწილობრივ ბ. და ბა. ჩ-ძეების ერთად ცხოვრების პერიოდში, ხოლო მშენებლობა დასრულდა ბ. ჩ-ძის და თ. პ-შვილის მეუღლების შემდგომ ბ. ბ-შვილს დაუბრუნდა სახლის გადახურვისათვის დახარჯული ფული 2500 მანეთი. მასვე გადაეცა ბ. ჩ-ძის და ამ უკანასკნელის დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემდეგ გაყიდა. ბ. ჩ-ძის ოჯახს მიწის პრივატიზაციის შემდეგ გამოეყო 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდა თ. პ-შვილი და აღნიშნავდა, რომ მიწათმოქმედება წარმოადგენდა მისი არსებობის ერთადერთ წყაროს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. და ნ. ჩ-ძეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. პ-შვილის ოჯახი წარმოადგენს კომლს. თ. პ-შვილი არის საკომლო მეურნეობის უკანასკნელი წევრი. აღნიშნული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით, რომლის თანახმად “კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: პალატამ მიიჩნია, რომ თ. პ-შვილის მეურნეობა არ წარმოადგენს “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთვრების შესახებ კანონის” მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საკომლო მეურნეობას, რის გამოც ბ. ჩ-ძის სამკვიდრო გახსნილად უნდა ჩაითვალოს და მემკვიდრეობით გადაეცეს პირველი რიგის მემკვიდრეებს.
ნ. ჩ-ძე ცნობილ იქნა მამის, ბ. ჩ-ძის დანაშთი ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ასევე თ. ჩ-ძე ცნობილ იქნა ბ. ჩ-ძის დანაშთი ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. პ-შვილმა, რომლითაც ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას უსაფუძვლობით და კანონთან აშკარა შეუსაბამობის გამო: პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თ. პ-შვილის მეურნეობა წარმოადგენს საკომლო მეურნეობას, რასაც ადასტურებს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობაც.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. პ-შვილის მეურნეობა საფუძვლიანად არ იქნა მიჩნეული საკომლო მეურნეობად, რადგან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ნაწილების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო კომლად მეურნეობის მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი რეგისტრირებული იყოს საადგილმამულო წიგნში (საკომლო რეესტრში).
თელავის რაიონის სოფ. ... საკრებულოს, ასევე თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ცნობებით აწ გარდაცვლილი ბ. ჩ-ძის ოჯახი განეკუთვნებოდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიას. თ. პ-შვილის საკუთრებაში არსებული 1.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს შესაბამისი წესით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის არსებობაც აუცილებელია საკომლო საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებით სწორად განსაზღვრა, რომ თ. პ-შვილის მეურნეობა არ წარმოადგენს საკომლო-საადგილმამულო მეურნეობას და განსაზღვრა წილები კანონისმიერ მემკვიდრეთა შორის. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.