Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\757 26 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია (მომხსენებელი), თ. კობახიძე

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდროს წილის ნატურით გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა ი. მ-მა, ირ. მ-ამ და ვ. ს-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ვადის აღდგენა, მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროდან წილის ნატურით გამოყოფა შემდეგი საფუძვლით: სადავო სახლი ირიცხებოდა როგორც უკანონო ნაგებობა მათი ბაბუის ა. ს-ის სახელზე. ა. ს-ი გარდაიცვალა 1947 წელს. მას დარჩა სამი შვილი _ კ. ს-ა (მოსარჩელეთა დედა) ვლ. ს-ი (მოპასუხე) და ალ. ს-ი. 1994 წელს ვლ. ს-მა სახლთმფლობელობა დააკანონა გარდაცვლილ ა. ს-ის სახელზე და კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მთელი სახლთმფლობელობა გააფორმა თავის სახელზე, რითაც შელახა, მოსარჩელეთა განმარტებით, მათი უფლებები, როგორც მემკვიდრეობის. საქმის განხილვის დროს მოპასუხე ვ. ს-მა შეიტანა შეგებებული სარჩელი ვ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სახლის 1\2-ზე მემკვიდრედ ცნობა. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ.

საბურთალოს რაოინული სასამართლოს 1996 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. მ-ის, ი. მ-ას და ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღუდგათ მემკვიდრეობის მიღების ვადა და რეალური სახით მიეკუთვნათ მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთები და მათზე განლაგებული ნაგებობები, ვ. ს-ს შეგებებულ სარჩელზე ეთქვა უარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 31 მაისის დადგენილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გ. დ-ის პროტესტის საფუძველზე გაუქმდა სასამართლოს დადგენილებები სამკვიდროს რეალურად გაყოფის ნაწილში და საქმეები ამავე ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს.

1998 წლის 23 თებერვლის საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მას გამოეყო ფართის 1\2. დარჩენილი 1\2 მიეკუთვნა ვ. ს-ს.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 14 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის დადგენილებით თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ა. ს-ის კიდევ ერთი შვილის ალ. ს-ის საქმეში მოსარჩელედ ჩაბმის შესახებ, მაშინ, როდესაც საქმეში ალ. ს-ის განცხადება, რომლის თანახმად, იგი თავის წილს უთმობს მოსარჩელეებს, ი. და ირ. მ-ებს და ვ. ს-ს.

საქმის ხელახალი განხილვის დროს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ალ. ს-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა და ცნობილი იქნა მემკვიდრედ ა. ს-ის დანაშთი ქონების 1\3. მხარეებს უარი ეთქვათ იდეალური წილის შესაბამისად რეალური წილის გამოყოფაზე, ასევე უარი ეთქვა ს-ს შესასვლელის გახსნაზე.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს-მა ასევე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს-მა, რომლითაც ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად აღუდგინა მის ძმას ალ. ს-ს მემკვიდრეობის ვადა და მიაკუთვნა წილი სამკვიდრო ქონებიდან, რადგან ალ. ს-ი 1945 წელს წავიდა რუსეთში და გარდაცვალებამდე 2000 წლამდე იქ ცხოვრობდა. მას გაწყვეტილი ჰქონდა ყოველგვარი ურთიერთობა ოჯახთან და ამ ხნის მანძილზე თბილისში ჩამოსვლა სასამართლომ არასოდეს გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საპატიო მიზეზით მემკვიდრეობის ვადის გაგრძელებას.

პალატამ შეისწავლა, საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 ავგისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 1998 წლის დადგენილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც მას გამოეყო სამემკვიდრეო ქონებიდან 1\2 ნაწილი და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მამკვიდრებლის ა. ს-ის კიდევ ერთი შვილის ალ. ს-ის საქმეში ჩაბმის შესახებ და არ უმსჯელია მემკვიდრეობაში მის წილზე.

აღნიშნული დადგენილების შემდეგ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ალ. ს-ს აღუდგა მემკვიდრეობის მიღების ვადა და ცნობილ იქნა მემკვიდრედ სამკვიდროს 1\3-ზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო შეცდომა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ალ. ს-ის ნაცვლად მითითებული იყო ვლ. ს-ი და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, შესაძლებული იყო ამ უსწორობის გასწორება და უცვლელი დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ცვლილებით, რომ ალ. ს-ის ნაცვლად უნდა იყოს ვლ. ს-ი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომა და სარეზოლუციო ნაწილში ალ. ს-ის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო ვლ. ს-ი, რადგან ქალაქის სასამართლოს მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებული იყო იმ საფუძვლით, რომ მასში გადაწყვეტილი არ იყო ალ. ს-ის ბედი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც ნამსჯელი იყო მხოლოდ ერთი მემკვიდრის წილის შესახებ და არაფერი იყო ნათქვამი დანარჩენ მემკვიდრეთა წილზე. რაიონულმა სასამართლომ ქონების ნატურით გაყოფაზე უარი უთხრა მხარეებს, ვინაიდან ტექნიკურად შეუძლებლად ჩათვალა სამკვიდრო ოთახის გაყოფა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არც რაიონულ სასამართლოსა და არც საოლქო სასამართლოს არ გაურკვევია თუ რა ქონება შედიოდა სამკვიდროში, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ა. ს-ის მიერ აშენებული იყო 1 ოთახი 19 მეტრის ფართით და შესასვლელი. მხარეები არ უარყოფენ, რომ ა. ს-ის გარდაცვალების შემდეგ მათ აწარმოეს უნებართვო მიშენებები. 1994 წელს როდესაც მოხდა სახლთმფლობელობის დაკანონება თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის დადგენილების საფუძველზე ა. ს-ის სახელზე დაკანონდა ყველა ის მიშენება, რაც მხარეებმა აწარმოეს. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რომელი ქონება შეადგენს ა. ს-ის სამკვიდრო ქონებას, მხოლოდ მის მიერ აშენებული ერთი ოთახი, თუ მთელი ის ნაგებობა, რომელიც დაკანონებულ იქნა 1994 წელს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, როდესაც საქმის განხილვისას იმსჯელა მხოლოდ ვლ. ს-ის სააპელაციო საჩივარზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.