Facebook Twitter

საქმე # 330100124009443442

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№909აპ-25 ქ. თბილისი

ჯ–ი თ., 909აპ-25 4 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ჯ–ს, – დაბადებულს ......., – ბრალად დაედო: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 23 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ. ჯ–მა თ. ც–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოჰკიდა თმაზე და მოქაჩა, ასევე – ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა ფეხზე და უკბინა მარჯვენა ხელის მაჯაზე. თ. ჯ–ის ქმედებებით თ. ც–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2022 წლის 23 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ–ში გ–ს ქუჩის № ..-ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ. ჯ–მა ლ. ლ–ეს გაუკავა მარცხენა ხელი და ძლიერად უკბინა ამავე ხელის თითებზე, რითაც ლ. ლ–ემ მიიღო დაზიანებები, მათ შორის, მარცხენა მტევნის მე-4 თითის შუა ფალანგის მოტეხილობის სახით, რაც განეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2. თ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენით თ. ჯ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლია 1-ელ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ ლ. ლ–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დაზარალებულ თ. ც–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოდ დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ჯ–მა ლ. ლ–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო თ. ც–ის მიმართ – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2022 წლის 23 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ–ში გ–ს ქუჩის № ..-ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ. ჯ–მა თ. ც–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოჰკიდა თმაზე და მოქაჩა, ასევე – ფეხი რამდენიმეჯერ დაარტყა ფეხზე და უკბინა მარჯვენა ხელის მაჯაზე. თ. ჯ–ის ქმედებებით თ. ც–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.2. 2022 წლის 23 მაისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, თ–ში გ–ს ქუჩის № ..-ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ. ჯ–მა ლ. ლ–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა ხელის მე-2 და მე-3 თითებზე უკბინა, რის შედეგადაც ლ. ლ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, თ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ თ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. შ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, თ. ჯ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, როგორც კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე – სასჯელის ნაწილში. კასატორის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ თ. ჯ–ის ქმედებით ლ. ლ–ეს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით, თავად დაზარალებულების – ლ. ლ–ისა და თ. ც–ის, ასევე – მოწმეების: გ. ლ–ს, ნ. ჯ–სა და ა. ჯ–ს ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით. სასამართლომ გაიზიარა ექსპერტ ნ. ჯ–ის პირადი მოსაზრება, რომ შეუძლებელია თ. ჯ–ს კბენით მოეტეხა თითი ლ. ლ–ისათვის, მაშინ, როდესაც ექსპერტის ეს ვარაუდი არ იყო კატეგორიული და არ ეფუძნებოდა არანაირ კვლევას. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ თ. ჯ–ს შეეფარდა არარელევანტური სასჯელი, რომელიც ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, იმავდროულად, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა თ. ჯ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთათვისაც მას კანონიერად და სამართლიანად დაედო მსჯავრი; მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და მისი ქმედება მართებულად შეფასდა, როგორც სხვაგვარი ძალადობა. კერძოდ: სადავო არაა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულ ლ. ლ–ეს 2022 წლის 24 მაისს დაუდგინდა მარცხენა მტევნის მე-4 თითის შუა ფალანგის მოტეხილობა ფუძის მიდამოში – ჰემატომით ამავე (მე-4 თითის) მიდამოში და ესკორიაციებით მე-2-3 თითებისა და მაჯის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, მაგრამ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება, რომ ლ. ლ–ის მე-4 თითის შუა ფალანგის მოტეხილობა მიზეზობრივად უკავშირდება თ. ჯ–ის ქმედებებს. სახელდობრ: დაზარალებულ ლ. ლ–ის მტკიცებით, მსჯავრდებულის სახლთან ყოფნისას, დაინახა, როგორ ძალადობდა ფიზიკურად თ. ჯ–ი მის ქალიშვილზე. შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც მსჯავრდებულმა თითებზე უკბინა. იგრძნო ძლიერი ტკივილი და სდიოდა სისხლი; დაზარალებულ თ. ც–ისა და მოწმეების: გ. ლ–სა და ნ. ჯ–ს ჩვენებებით ირკვევა მხოლოდ, რომ მსჯავრდებულთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ლ. ლ–ე იძახდა, რომ თ. ჯ–მა ხელზე უკბინა; ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში დაკითხული სამედიცინო ექსპერტის – ნ. ჯ–ის ჩვენების მიხედვით კი, გამორიცხულია, დაზარალებულს კბენის შედეგად მიეღო თითის ფალანგის მოტეხილობა და, იმავდროულად, არ ჰქონოდა ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში მოტეხილ თითზე რაიმე ნაჭდევის არსებობა აღწერილი არ ყოფილა, შესაბამისად, კბენის შედეგად თითის მოტეხვის შესაძლებლობა, სამედიცინო ექსპერტმა გამორიცხა; ხსენებული ექსპერტის ჩვენების კვალდაკვალ, მეტად საყურადღებოა შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი მოწმის – ნ. გ–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, თ. ჯ–ის სახლთან მყოფი პირები, რომელთა შორის დადგენილია, რომ იყო დაზარალებული ლ. ლ–ეც, აგრესიულად ცდილობდნენ მსჯავრდებულის სახლში შეჭრას, რის საშუალებასაც მათ არ აძლევდნენ, ცდილობდნენ კარის ძალით დაკეტვას, რა დროსაც ერთ-ერთ ქალს თითი მოჰყვა კარში. ამდენად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ თ. ჯ–მა ლ. ლ–ეს მარცხენა ხელის თითებზე კბენის შედეგად მიაყენა მარცხენა მტევნის მე-4 თითის შუა ფალანგის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებოდა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ედავებოდა თ. ჯ–ს ბრალდების მხარე. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს – ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით – გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

11. სადავო სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

13. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თ. ჯ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – 2000-ლარიანი ჯარიმა, რომლის გამკაცრების აუცილებლობა, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე