¹3კ/758-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: მინდობილობის და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილდ ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში, ... მდებარე ბინა ირიცხებოდა მოსარჩელე ლ. თ-ძის სახელზე. სადაც იგი ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად. აღნიშნული ბინა 2000 წლის 17 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოპასუხე გ. კ-ძის სახელზე. გ. კ-ძე არის მოსარჩელის მული. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1999 წლის 31 დეკემბერს გ. კ-ძესა და მოპასუხე ქ. გ-ძეს შორის, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელე ლ. თ-ძის მინდობილობით. ლ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქ. გ-ძისათვის მიცემული მინდობილობის და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გ. თ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: მოპასუხე ქ. გ-ძეს არ იცნობს და არც მინდობილობა მიუცია მისთვის. მას ვალის გამო გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის გაყიდვა, მაგრამ იმ ფასად, რომ ვალიც გაესტუმრებინა და ქალიშვილიც უზრუნველეყო ბინით. ბინის გაყიდვაში დახმარება აღუთქვა ქ. გ-ძის მეუღლემ ბ. ბ-შვილმა. მოილაპარაკეს, რომ სახლს გაყიდდნენ 5000 დოლარად. მყიდველთან შესახვედრად ბ-შვილმა იგი ნოტარიუსთან დაიბარა, რომელმაც შეადგინა საბუთი, რაზეც მან ხელი მოაწერა. შედმეგ ბ. ბ-შვილმა უთხრა, რომ მყიდველი არ იყო სანდო და ეს ვარიანტი ჩაიშალა, რის შემდეგაც იგი წავიდა თბილისში, სადაც გაიგო, რომ მის მულს შეუსყიდია მისი ბინა. თვლის, რომ ნოტარიუსმა ყალბად გააფორმა მინდობილობა მაშინ, როცა უთხრეს, რომ სახლს ყიდდა. მას მინდობილობა გ-ძისათვის არ მიუცია. გარდა ამისა, ბინაში მასთან ერთად ჩაწერილი იყო მისი ქალიშვილი და ბინა გაიყიდა მისი თანხმობის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ. კ-ძემ სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ მან გაყიდა ბინა ..... ქუჩაზე და სურდა სამაგიერო ბინის ყიდვა. გაიგო, რომ ლ. თ-ძე ყიდდა ბინას, ამ მიზნით მინდობილობა მისცა ქ. გ-ძეს. იგი დაუკავშირდა გ-ძეს და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მოპასუხე ქ. გ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. თ-ძეს ჰქონდა მისი ნათესავის, ბ. ბ-შვილის, ვალი. ამ ვალის დაფარვის მიზნით მინდობილობა მისცა ლ. თ-ძემ. ბინაში აღებული თანხა ჩაეთვალა ვალში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ხელშეკრულება ლ. თ-ძის სახელზე რიცხული სახლის ნაწილის ყიდვა-გაყიდვის შესახებ და სახლი აღირიცხა ლ. თ-ძის სახელზე. გ. კ-ძე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის და გასხვისების დროს ლ. თ-ძესთან ერთად ცხოვრობდა მისი ქალიშვილი შ. თ-ძე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას დაარღვია ნოტარიუსის მიერ “სანოტარო მოქმედების შესრულების წესების შესახებ” ინსტრუქციის 39-ე პუნქტი, რომლის თანახმად 1997 წლის 25 ნოემბრამდე პრივატიზებული ბინის გასხვისებისას გამოთხოვება პრივატიზაციის მომენტში ბინაზე უფლების მქონე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ეს გარიგება ბათილია, რადგან იგი არღვევს ბინის ნასყიდობის გარიგების დადების კანონით დადგენილ წესს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. კ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: კანონიერად შედგენილ დოკუმენტად მიიჩნია მინდობილობა, რითაც ლ. თ-ძემ თავისი საკუთარი სახლის გასხვისების უფლება მისცა ქ. გ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გაიგო და გამოიყენა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 39-ე მუხლი. დადენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის დროს მოსარჩელის შვილი შ. თ-ძე იყო არასრულწლოვანი (12 წლის). აღნიშნული ინსტრუქციის თანახმად კი ბინის გასხვისებისას გამოთხოვება პრივატიზაციის მომენტში ბინაზე უფლების მქონე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა და რამდენადაც შ. თ-ძე იყო არასრულწლოვანი, სადავო ბინის გასხვისებისას მისი თანხმობა საჭირო არ იყო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. თ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: პალატამ არასწორად ჩათვალა მინდობილობა ნამდვილ დოკუმენტად, რადგან მან არ იცოდა, თუ რა საბუთზე მოაწერა ხელი. გარდა ამისა, კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რადგან მისი ქალიშვილი ბინის გასხვისების დროს უკვე სრულწლოვანი იყო და საჭირო იყო მისი თანხმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია მოხდა 1992 წლის 2 მაისს. პრივატიზაციის დროისათვის ბინაში ჩაწერილი იყო მოსარჩელე ლ. თ-ძე და მისი არასრულწლოვანი შვილი შ. თ-ძე. პრივატიზაცია მოხდა მოსარჩელის სახელზე და პრივატიზაციის დროს კანონის თანახმად მას არ სჭირდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანხმობა, რადგან 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 16-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებლად მიიჩნეოდა მისი მშობლის საცხოვრებელი და ისინი დამოუკიდებლად ვერ მოიპოვებდნენ ფართზე უფლებას. აქედან გამომდინარე, “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 39-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ პრივატიზაციის მომენტში ბინაზე უფლების მქონე სრულწლოვანი წევრის თანხმობას და არა ბინაში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრის თანხმობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი განმარტება მისცა “სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციას. ასევე სწორედ მიიჩნია მოსარჩელე ლ. თ-ძესა და მოპასუხე ქ. გ-ძეს შორის გაფორმებული მინდობილობა ნამდვილ დოკუმენტად, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ადასტურებდა თ-ძის მოტყუების ფაქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელ დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.