გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\760 16 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, მ. ახალაძე
დავის საგანი: სათავსოების საერთო სარგებლობაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. და მანია ა-შვილებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. გ-ძის მიმართ და მოითხოვეს თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ “ა” პირველ სართულზე განლაგებული გეგმა-ნახაზის მიხედვით ¹1 სათავსოს ფართით 3,9 მ2 და ეზოში ცალკე მდგომი ლიტერ “ბ” ნაგებობის ფართით 26,8 მ2 საერთო სარგებლობაში გადაცემა შემდეგი საფუძვლით: სახლთმფლობელმა მთლიანად და მათ შორის სადაო სათავსოებიც ირიცხება კომუნალურ ფონდში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ისინი ცნობილი არიან აღნიშნული სახლთმფლობელობის მოსარგებლეებად, ასევე სახლის მოსარგებლედ არის ცნობილი მოპასუხე მ. გ-ძე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყო მათ შორის საცხოვრებელი ფართი ხოლო სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ არის დასახელებული სათავსოს შესახებ, რომელსაც მათი აზრით უკანონოდ ფლობს მოპასუხე, გამომდინარე აქედან მოითხოვს აღნიშნული სათავსოების საერთო სარგებლობაში გადაცემას. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიცვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც სადავო სათავსოები ჩაითვალა მხარეთა საერთო საკუთრებად. მ. გ-ძეს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე სადავო სათავსოების მის სარგებლობაში დატოვების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ძემ, რომლითაც ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას. საქმის საკასაციო ინსტანციის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა მორიგების გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება და შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოტივაციო ნაწილი:
წარმოდგენილი მორიგების, ურთიერთ შეთანხმების აქტის მიხედვით უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
1. ქ. თბილისში .... მდებარე საცხოვრებელი სახლის სათავსო ქუჩის მხრიდან შესასვლელი ღია ვერანდა დარჩეს საერთო სარგებლობაში.
2. საეზოვე მიწის ნაკვეთი გაიყო შუაზე, ნაკვეთის მარცხენა მხარე მასზე განლაგებული ორი სათავსო ლიტერ “ბ” სარგებლობაში გადაეცათ ნ. და მ. ა-შვილებს, ხოლო მიწის ნაკვეთის მარჯვენა მხარე და მასზე არსებული დამხმარე სათავსოები სარგებლობაში გადაეცა მ. გ-ძეს.
3. გეგმა ნახაზის მიხედვით ¹2 სათავსოს ორფრთიანი კარების მარჯვენა მხარე გადაეცა ნ. და მ. ა-შვილებს, ხოლო კარების ჩათვლით ამავე სათავსოს მარცხენა მხარე გადაეცა მ. გ-ძეს – გეგმა-ნახაზის მიხედვით სათავსო ¹11, ¹22, ¹10, ¹12.
4. ნ. ა-შვილს ¹2 სათავსო ოთახში შესასვლელი დარჩეს ¹3 საცხოვრებელი ოთახიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვტს საქმის წარმოებას თუ მხარეები მორიგდნენ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოსარჩელეებს ნ. და მ. ა-შვილებს და მოპასუხე მ. გ-ძეს დაეკისროთ 2001 წლის 12 თებერვალს შედგენილი შეთანხმებით ნაკისრი შემდეგი ვალდებულების შესრულება.
1. ქ. თბილისში .... მდებარე საცხოვრებელი სახლის სათავსო ქუჩის მხრიდან შესასვლელი ღია ვერანდა დარჩეს მხარეთა შორის საერთო სარგებლობაში.
2. საეზოვე მიწის ნაკვეთი სარგებლობისთვის მხარეებს შორის გაიყო შუაზე ნაკვეთის მარცხენა მხარე მასზე განლაგებული ორი სათავსო ლიტერი “ბ” სარგებლობაში გადაეცეთ ნ. და მ. ა-შვილებს, ხოლო მიწის ნაკვეთის მარჯვენა მხარე და მასზე არსებული დამხმარე სათავსოები სარგებლობაში გადაეცეს მ. გ-ძეს.
3. გეგმა-ნახაზის მიხედვით ¹2 სათავსოს ორფრთიანი კარების მარჯვენა მხარე სარგებლობაში გადაეცეს ნ. და მ. ა-შვილებს, ხოლო კარების ჩათვლით ამავე სათავსოს მარცხენა მხარე სარგებლობაში გადაეცეს მ. გ-ძეს, მასვე სარგებლობაში დარჩეს ¹11, ¹22, ¹10, ¹11 და ¹12 სათავსო.
4. ნ. ა-შვილს ¹2 სათავსო ოთახში შესასვლელი დარჩეს ¹3 საცხოვრებელი ოთახიდან.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამავე საქმეზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.