Facebook Twitter

¹ 3კ/761-01 26 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 27 ივლისს სააქციო საზოგადოება “ი.-მ” ...-ის რაიკოოპერატივს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ...-ის რაიკოპკავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე (ამჟამად რაიკოოპერატივი), სესხად გასცა 14600 ლარად ღირებული 16 ტო. შაქარი. მოპასუხეს 1991 წლის 18 ივლისს მიღებული აქვს 6 ტ., 1991 წლის 5 ივლისს 4 ტ., 1991 წლის 17 აგვისტოს 1 ტ., 1991 წლის 28 ოქტომბერს 5 ტ.). შეთანხმების თანახმად ვალი უნდა დაბრუნებულიყო 1993 წლის 15 იანვრამდე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ვალი დაბრუნებული არ იქნა, რის გამოც მოითხოვა მოპასუხისათვის 14600 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სესხთან დაკავშირებით არ არსებობდა ხელშეკრულება და არც რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სს “ი.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 16 ტ. შაქრის ან მისი ღირებულების 14600 ლარის - გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სს “ი.-ს” ბალანსზე დებიტორულ დავალიანებად ერიცხებოდა 16 ტ. შაქარი, რითაც ვალის არსებობის ფაქტი დასტურდებოდა, ხოლო რაიკოოპერატივის და სამრეწველო კომბინატის საბალანსო მონაცემებში სს “ი.-ი” კრედიტორად არ ირიცხებოდა; საკონსერვო ქარხნიდან (სს “ი.-ი”) რაიკოოპერატივზე 16 ტ. შაქრის სესხად გაცემა დასტურდებოდა სათანადო აქტებით, ხოლო შაქრის ნატურით ან მისი ღირებულების დაბრუნება არ დასტურდებოდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის დ. ხ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა პროკურატურისათვის განჩინების გადაგზავნას, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 16 ტ. შაქრის სესხად გაცემის ფაქტი და არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1993 წლის მარტიდან მოსარჩელე წერილობით სისტემატიურად მოითხოვდა ვალის დაბრუნებას, მაგრამ მოპასუხე ამ წერილებს არ პასუხობდა. პირად საუბრისას კი გამგეობის მაშინდელი თავმჯდომარე ყოველთვის ჰპირდებოდა, რომ ვალს გადაიხდიდა, მაგრამ, როცა 1997 წლის 16 ოქტომბრიდან ახალმა ხელმძღვანელმა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის მოტივით ვალის გადახდაზე უარი განაცხადა, მოსარჩელეს ამ დროიდან წარმოეშვა სარჩელის შეტანის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან 1998 წლის 27 ივლისს შეიტანა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მე-80 მუხლის საფუძველზე სარჩელი, სარჩელის შეტანის უფლების წარმოშობის დღიდან ვადაში იყო შეტანილი.

სააპელაიცო პალატამ სესხის შესახებ ხელშეკრულება დადებულად მიიჩნია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 157-ე მუხლის თანახმად მხარეთა მიერ ერთმანეთისადმი გაგზავნილი წერილებით და იმით, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ამის საწინააღმდეგო მოსაზრება წერილობით. სააპელაციო სასამართლომ ვალი გადაუხდელად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებდა ვალის გადახდის ფაქტს ვერც ფულით და ვერც ნატურით.

2001 წლის 15 ივნისს მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ხოლო მოსარჩელის მიერ ვალის დაბრუნებაზე მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილები და ამ წერილების მოპასუხისათვის ჩაბარების ან ვალის აღიარების ფაქტი არაა დადასტურებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 1991 წელს სს “ი.-მ” ...-ის რაიკოოპერატივს ასესხა 14600 ლარად ღირებული 16 ტონა შაქარი. ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო 1993 წლის 15 იანვრამდე, მაგრამ ...-ის რაიკოოპერატივმა ვალდებულება არ შეასრულა. 1993 წლიდან მოსარჩელე სისტემატიურად მოითხოვდა ვალის დაბრუნებას, მაგრამ მოპასუხე მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებდა, პირად საუბარში კი რაიკოოპერატივის მაშინდელი ხელმძღვანელი აღიარებდა ვალს და ჰპირდებოდა მის დაბრუნებას. 1997 წლის 16 ოქტომბერს ვალის დაფარვის მოთხოვნით მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს, მაგრამ მოპასუხე ორგანიზაციის ახალმა ხელმღვანელმა მოთხოვნას წერილობით არ უპასუხა, ხოლო სიტყვიერად ვალის გადახდაზე უარი განაცხადა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება სესხის არარსებობის შესახებ იმ თვალსაზრისით, რომ მის ორგანიზაციაში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ შაქრის სესხებას ჰქონდა ადგილი, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და არ მიუთითებს იმაზე, რომ 16 ტონა შაქრის სესხება არ მომხდარა, მაგრამ კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა არ უნდა ჩაეთვალა შეწყვეტილად, საფუძვლიანია.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლის შესაბამისად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია 3 წელია, იურიდიულ პირებს შორის 1 წელია.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს, თუ ერთი ან ორივე მხარე მოქალაქეებია.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების მოთხოვნის ვადა დადგა 1993 წლის 15 იანვარს. დადგენილია, რომ ამ დროიდან დაწყებული მოსარჩელე წერილობით სისტემატიურად მოითხოვდა ვალის გადახდას, მაგრამ მოპასუხე არ პასუხობდა. ცხადია, ამ დროიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინებაც, რადგან აშკარა იყო, რომ მოპასუხე არ აპირებდა ვალის გადახდას. თუნდაც მოვალის წარმომადგენელს სიტყვიერად ეღიარებინა ვალის გადახდის მოვალეობა, არ შეიძლება იგი სასარჩელო ხანდაზმულობის მიმდინარეობის შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო, რადგან აღიარება სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს, თუ კი გარიგების ერთი ან ორივე მხარე მოქალაქეა. ამ შემთხვევაში კი მოქალაქე გარიგების არცერთი მხარე არ იყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) მე-80 და 83-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი შემოწმება.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები გამოკვლეულია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო არაა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

...-ის რაიკოოპერტივის გამგეობის თავმჯდომარის დ. ხ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სააქციო საზოგადოება “ი.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.