საქმე N 190100122006167674
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №917აპ-25 ქ. თბილისი
ო. ნ., 917აპ-25 4 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ. და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ო., – დაბადებულს ......, – ბრალად დაედო: უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2019 წლის 17 სექტემბერს რ-ში ცხვირის ძგიდის გეგმიური ოპერაციის გასაკეთებლად იმყოფებოდა პაციენტი – მ. ს..-. ექიმმა ლარინგოლოგმა – ნ. ო., რომელსაც „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01/-8 ბრძანების მოთხოვნის თანახმად, არ ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი „ალერგოლოგია-იმუნოლოგიის“ სპეციალობით და, შესაბამისად, არ ჰქონდა სინჯების ჩატარების უფლება, კლინიკაში საოპერაციოდ მისულ მ. ს-ს გაუკეთა სინჯი მედიკამენტ „ნოვოკაინზე“. მიუხედავად იმისა, რომ მ. ს-ს სინჯზე ჰქონდა გარკვეული ალერგიული გამოხატულება, ექიმმა ჩათვალა, რომ იგი კონკრეტულ პრეპარატზე ალერგიული არ იყო და მისი საოპერაციოდ მომზადება დაიწყო. პაციენტს გაუკეთდა ანესთეზია, რის შედეგადაც განუვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი). ნ. ო-ს უკანონო საექიმო საქმიანობის შედეგად, მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარებიდან რამდენიმე საათში, მ. ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. ს-ს გარდაცვალების მიზეზია ანაფილაქსიური შოკი. ამავე დასკვნის თანახმად, კანის ალერგიული სინჯი არ ჩატარებულა დადგენილი წესის შესაბამისად. სწორად ჩატარებული კანის ალერგიული სინჯისა და ანესთეზიის ინდუქციის დროს გამოსაყენებელ მედიკამენტებზე ალერგიული სინჯის ჩატარების შემთხვევაში გაიზრდებოდა ალერგიული წინასწარგანწყობის გამოვლენის შანსი.
2. ნ. ო. წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით, ნ. ო-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით შინაპატიმრობა. მსჯავრდებულს დაეკისრა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ო. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2019 წლის 17 სექტემბერს რ-ში ცხვირის ძგიდის გეგმიური ოპერაციის ჩატარების მიზნით იმყოფებოდა პაციენტი – მ. ს., რომლის მკურნალი ექიმი იყო ლარინგოლოგი – ნ. ო.. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის ჩატარებადე სავალდებულოა, პაციენტს ჩაუტარდეს სათანადო გამოკითხვა ალერგიული ანამნეზის გარკვევის მიზნით, მკურნალმა ექიმმა – ნ. ო., მ. ს-სთან არ აწარმოა შესაბამისი გამოკითხვა. ამის მიუხედავად, ნ. ო. ჩათვალა, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა ალერგიული ტესტირება გამოსაყენებელ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალება „ნოვოკაინზე“. ექიმმა ლარინგოლოგმა – ნ. ო., რომელსაც „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01/-8 ბრძანების მოთხოვნის თანახმად, არ ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი „ალერგოლოგია-იმუნოლოგიის“ სპეციალობით და, შესაბამისად, არ ჰქონდა სინჯების ჩატარების უფლება, მ. ს. არ გადაამისამართა ალერგოლოგთან და მიიღო გადაწყვეტილება სინჯის ჩატარებაზე. რ-ს სამანიპულაციო ოთახში, ნ. ო-ს მითითებით, ექთანმა მ. ს-ს გაუკეთა სინჯი მედიკამენტ „ნოვოკაინზე“, რა დროსაც არ ყოფილა დაცული სინჯის ჩატარების პროცედურა. შესაბამისი წესების დარღვევით ჩატარებულ სინჯზე, მ. ს-ს ალერგიული რეაქციის ინტერპრეტირება მოახდინეს ექიმებმა – ნ. ო. და პ. პ. და ჩათვალეს, რომ სინჯი იყო უარყოფითი. ექიმმა პ. პ. მ. ს-ს გაუკეთა ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ნ. ო-ს მიერ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების – „ნოვოკაინისა“ და „ადრენალინის“ განზავებული ხსნარის ინექციის პროცესში, პაციენტ მ. ს-ს განუვითარდა ტაქიკარდია, რის შემდეგაც მანიპულაცია შეწყდა. ტაქიკარდია გადაიზარდა პარკუჭთა ფიბრილაციაში და, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, გარკვეული პერიოდით შესაძლებელი გახდა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზება, მ. ს-ს სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
4.2. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ. ს-ს გარდაცვალების მიზეზია: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც შეეძლო, გამოეწვია მ. ს-სთან გამოყენებულ რომელიმე საანესთეზიო საშუალებას, თუმცა კონკრეტული ალერგენის დადგენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ემოქმედა და პაციენტის საოპერაციოდ მომზადების პროცესი წარემართა პაციენტის სიცოცხლისათვის რისკების შესაძლებელი გამორიცხვით, არასათანადოდ გამოიკვლია პაციენტის ალერგიულობა, გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, არასწორად აწარმოა სინჯი და მისი ინტერპრეტაცია. ვინაიდან პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქცია გამოყენებულ საანესთეზიო საშუალებაზე, მკურნალ ექიმს მისი ალერგიულობის ეჭვის გამოკვლევისა და ალერგოლოგთან გადამისამართების შემთხვევაში, შეეძლო შეემცირებინა ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი, რადგან ალერგოლოგთან სწორი კონსულტირების პირობებში, გაიზრდებოდა ალერგიული წინასწარგანწყობის გამოვლენის შანსი. ამდენად, მკურნალ ექიმს გააჩნდა შესაძლებლობა, თავიდან აერიდებინა შედეგი, თუმცა, თვითიმედოვნებით ნაწარმოებ სინჯზე დაყრდნობით მიიღო გადაწყეტილება ოპერაციის ჩატარებაზე და ვერ აირიდა სამედიცინო თვალსაზრისით აცილებადი რისკის რეალიზება.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. გ., რომელიც ითხოვდა გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ნ. ო-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით და სასჯელის გამკაცრებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – თ. გ., ხოლო, მეორე მხრივ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა.
8. მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ., წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ ნ. ო-ს ბრალეულობა არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის №01-45/ნ ბრძანებით, კანის ალერგიული სინჯის ჩატარება მოექცა ალერგოლოგ-იმუნოლოგის კომპეტენციაში, რასაც მანამდე ოტოლარინგოლოგის საქმიანობაც მოიცავდა. ნ. ო. ჰქონდა სამედიცინო კომპეტენცია, რათა შეეფასებინა ალერგიული ტესტის შედეგი, რომელიც ჩაატარა სწორად და, გამომდინარე იქიდან, რომ მ. ს-ს არ ჰქონია გამოხატული ალერგიული რეაქცია, არ ჰქონდა მისი ალერგოლოგთან გადამისამართების ვალდებულება. მსჯავრდებულმა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებად მედიკამენტი „ნოვოკაინი“ იმიტომ გამოიყენა, რომ პაციენტს წარსულში უფიქსირდებოდა ამ მედიკამენტის გამოყენებით გაკეთებული გლანდების ოპერაცია, რაც მართალია დოკუმენტურად არ დადგენილა, თუმცა ადასტურებდნენ ოჯახის ახლობელი და გარდაცვლილის და. იმავდროულად, კასატორის მითითებით, არ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი ნ. ო-ს ქმედებას – ტესტის ჩატარებასა – და დამდგარ სასიკვდილო შედეგს შორის. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ანაფილაქსიის განვითარება შესაძლოა, გამოეწვია ნებისმიერ მედიკამენტს, რაც ანესთეზიის ინდუქციის დროს იყო შეყვანილი, ასევე – ლოკალურ ანესტეტიკს, რაც შეყვანილი იყო ქირურგის მიერ; ისტორიაში მითითებული მედიკამენტებიდან უმრავლესობას შეეძლო, გამოეწვია ანაფილაქსიური შოკი; ანაფილაქსიური რექცია გამოწვეული არ ყოფილა რომელიმე პრეპარატის არასწორი დოზირებით; ჩატარებული ტესტი გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი ვერ იქნება; ოპერაციის ჩარევისათვის, მათ შორის, ანესთეზიისათვის გამოსაყენებელ მედიკამენტზე, წინასაოპერაციო მომზადების ეტაპზე, ალერგიული გამოკვლევის ჩატარება სავალდებულო არ იყო. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ალერგიული რექცია გამოიწვია მედიკამენტ „ნოვოკაინზე“ ჩატარებულმა კანის ალერგიულმა სინჯმა, ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ო-ს ბრალეულია, რადგან სათანადოდ არ გამოიკვლია პაციენტი და არ დაუსვა დეტალური კითხვები მის ალერგიულობასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
9. მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატი თ. გ. საკასაციო საჩივარზე საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ზვიად ფხაკაძემ, რომელიც ითხოვს, არ იქნეს დაშვებული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, ცვლილება შევიდეს განაჩენში, ნ. ო. დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი.
10. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ხატია გოგრიჭიანი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, განაჩენის შეცვლას, ნ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და, იმავდროულად, დამატებითი სასჯელის სახით – საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაცის შეცვლის, ასევე სასჯელის ნაწილში – დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებები – ალერგიულობაზე ანამნეზის არასრულყოფილი შეკრება, სინჯის აღებაზე გადაწყვეტილების მიღება, სინჯის არასწორად გაკეთება და მისი შედეგების მცდარი ინტერპრეტირება – შეაფასა, როგორც გაუფრთხილებელი ქმედება და არა – უკანონო საექიმო საქმიანობა. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ კანის ალერგიული სინჯის ჩატარება განიხილა ვიწრო ჭრილში და უკანონო საექიმო საქმიანობად მიიჩნია სინჯის ჩატარების მხოლოდ პროცედურული მხარე, თუმცა დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე დაანაწევრა – სინჯის აღებაზე გადაწყვეტილების მიღების, ჩატარებისა და შედეგების შეფასების – ერთიანი ჯაჭვი. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სინჯის არასწორად ჩატარება ნიშნავს, რომ სინჯი არ ჩაუტარებია ალერგოლოგს; არ ჩატარებულა ალერგოლოგიულ კაბინეტში; ჩატარების დროს არ გამოყეენებულა საკონტროლო სითხეები. ზემოაღნიშნული ასახულია კომისიური ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა სასამართლოს შფასების მიღმა დარჩა კვლევის ის ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ ტესტის სწორად ჩატარებას შეეძლო ალერგიული წინასწარგანწყობის გამოვლენის შანსის გაზრდა. შესაბამისად, სინჯის გაკეთება ალერგოლოგს რომ გადაეწყვიტა; ალერგოლოგის მეთვალყურეობით ჩაეტარებინა გამოცდილ მედდას, ალერგიულ კაბინეტში და საკონტროლო სითხეების გამოყენებით, დადგინდებოდა, რომ მ. ს-ს ჰქონდა ალერგიული გამოვლინებები და, იმ კონკრეტულ დღეს, არ ჩაუტარდეოდა ოპერაცია, შესაბამისად, არ გარდაიცვლებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მ. ს-ს გარდაცვალება გამოიწვია ანაფილაქსიურმა შოკმა, რაც არის ორგანიზმის რეაქცია ალერგენზე. პაციენტის ორგანიზმს ექნებოდა თუ არა ასეთი რეაქცია – ეს უნდა დაედგინა მის მკურნალ ექიმს – ნ. ო., რაც მან არ დაადგინა, რადგან რეაქციის გამოსავლენად სინჯი ჩაატარა არასწორად, ესე იგი, განახორციელა უკანონო საექიმო საქმიანობა, მ. ს-ს კი გამოუვლინდა ალერგიული რექცია და ამ რეაქციის მძიმე ფორმის შედეგად გარდაიცვალა. შესაბამისად, ეჭვსგარეშეა, რომ ნ. ო-ს ქმედება პირდაპირ დაკავშირებულია დამდგარ გაუფრთხილებლობით, კერძოდ, დაუდევრობით გამოწვეულ შედეგთან. ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დამდგარი შედეგის, ამ შედეგთან მსჯავრდებულის დამოკიდებულებისა და დამნაშავის მიერ კანონისა და სამდიცინო პროცედურების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, უსამართლოა ნ. ო-სათვის შეფარდებული სასჯელი, რომელიც უნდა შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით მასვე უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება, რაც იქნება რეალური და პროპორციოული საშუალება სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად.
11. საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრების განხილვამდე, მსჯავრდებულმა ნ. ო. წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომლითაც დაეთანხმა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს და, იმავდროულად, ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არცერთი მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ. საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
2.1. მ. ს-ს სიკვდილის მიზეზია – ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გამოწვეული რომელიმე პრეპარატის არასწორი დოზირებით. ანაფილაქსიური რეაქციამდე შეყვანილი მედიკამენტები, ასევე – მათი დოზები წარმოადგენს აუცილებელს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ანაფილაქსიის განვითარება შესაძლებელია, გამოეწვია ნებისმიერ მედიკამენტს, რაც ანესთეზიის ინდუქციის დროს იყო შეყვანილი, ასევე – ლოკალურ ანესთეტიკს, რაც შეყვანილი იყო ქირურგის მიერ ოპერაციის დასაწყისში. „ნოვოკაინს“ შესაძლებელია, გამოეწვია ანაფილაქსიური რეაქცია. მედიკამენტების ურთიერთქმედებით განპირობებული ანაფილაქსიური რეაქციები მედიცინაში ცნობილია, თუმცა, პირველი მიზეზის დადგენა – წარმოუდგენელი.
2.2. კანის ალერგიული სინჯის გაკეთება მიეკუთვნება ალერგოლოგ-იმუნოლოგის კომპეტენციას. კანის ალერგიული სინჯის გაკეთება ნებისმიერ მედიკამენტზე უნდა გადაწყვიტოს ალერგოლოგმა და უნდა ჩატარდეს ალერგოლოგიურ კაბინეტში (იქ სადაც შოკის საწინააღმდეგო კარადა და რეანიმაციული განყოფილებაა). სინჯი ტარდება გამოცდილი მედდის მიერ ალერგოლოგის მეთვალყურეობით. მედიკამენტი უნდა იყოს შეყვანილი გარკვეული თანმიმდევრობით და განზავებით (პრიკ ტესტი, კანშიგა ტესტი და კანქვეშა დოზირებული შეყვანით) კანის მგძნობელობის წინასწარი შეფასებით დადებითი (ჰისტამინის 0,1%-იანი ხსნარის) და უარყოფითი კონტროლის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, კანის სინჯი ზემოაღნიშნული წესით არ ჩატარებულა. სწორად ჩატარებული კანის ალერგიული სინჯის და ანესთეზიის ინდუქციის დროს გამოსაყენებელ მედიკამენტებზე ალერგიული სინჯის ჩატარების შემთხვევაში, გაიზრდებოდა ალერგიული წინასწარგანწყობის გამოვლენის შანსი.
3. ბრალდების მხარის მითითებით, ექიმმა ნ. ო., რომელსაც არ ჰქონდა ალერგიული სინჯების ჩატარების უფლება, მ. ს-ს გაუკეთა სინჯი პრეპარატ „ნოვოკაინზე“, სათანადოდ ვერ შეაფასა მისი ალერგიული გამოხატულება და დაიწყო პაციენტის საოპერაციოდ მომზადება. გამომდინარე აქედან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სწორედ ნ. ო-ს უკანონო საექიმო საქმიანობის შედეგად განვითარებული მძიმე ალერგიული რეაქციის გამო გარდაიცვალა მ. ს. და, შესაბამისად, მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; დაცვის მხარის მტკიცებით კი, ნ. ო. პაციენტს სათანადო წესის დაცვით გაუკეთა ალერგიული სინჯი, რომლის შედეგების შეფასების კომპეტენციაც ჰქონდა თავად, ხოლო მ. ს-ს ანამნეზი და სინჯზე გამოხატულება არ მიუთითებდა ალერგოლოგის მოწვევის აუცილებლობაზე, შესაბამისად, ნ. ო-ს ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ არ იკვეთება. არ რის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის ქმედებასა და პაციენტის გარდაცვალებას ანუ შედეგს შორის, რაც ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის მის მსჯავრდებას.
4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ 2022 წლის 5 ივლისის წერილის თანახმად:
„სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის №119/ნ ბრძანებით, ექიმ-ოტორინოლარინგოლოგის საექიმო საქმიანობის მოცულობაში არ არის გათვალისწინებული კანის ალერგოლოგიური სინჯის (მათ შორის პროვოკაციული სინჯის) წარმოება (აღნიშნული ჩარევის განხორციელება განსაზღვრულია ექიმ-ალერგოლოგის სამედიცინო საქმიანობის მოცულობაში).
აგრეთვე, „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანების 25-ე დანართის (მე-3 მუხლის „ჭ“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5-პუნქტები; მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის „ა.ჰ1“, „ა.ჰ2, „ბ.ვ“-პუნქტები) თანახმად, სამედიცინო ჩარევის – კანის დიაგნოსტიკური და მგრძნობელობითი სინჯების „Z01.5”, მედიკამენტებზე ალერგოდიაგნოსტიკის, მათ შორის, ალერგოლოგიური (პრიკ, კანშიდა, ფეჩ, პროვოკაციული) ტესტების განხორციელება/მართვა შეუძლია ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“.
„სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის №119/ნ ბრძანებით, ექიმ „ოტორინოლარინგოლოგის“ საექიმო საქმიანობის მოცულობაში არ არის განსაზღვრული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების: ბრონქული ასთმის გამომწვევზე სადიაგნოსტიკო კანის ალერგიული სინჯების და სპეციფიური სინჯების (კერძოდ, საანესთეზიო მედიკამენტ „ნოვოკაინზე“) ჩატარება.
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებით განსაზღვრულია საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა. დადგენილია საექიმო სპეციალობები, მათ შორის, სპეციალობა – „ოტორინოლარინგოლოგია“ და სპეციალობა – „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ („შინაგანი მედიცინის“ მომიჯნავე სპეციალობა). ამავე ბრძანების თანახმად, „დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში/სპეციალობებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა”. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-7 მუხლი) ასევე განსაზღვრულია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება „მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით)”.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 10 ნოემბრის №01-45/ნ ბრძანებით დამტკიცდა ექიმ „ალერგოლოგ-იმუნოლოგის“ (25-ე დანართი) პროფესიული კომპეტენციები, რომლის თანახმად (მე-3 მუხლის „ჭ“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5-პუნქტები; მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის „ა.ჰ1“, „ა.ჰ2, „ბ.ვ“-პუნქტები), სამედიცინო ჩარევის – კანის დიაგნოსტიკური და მგრძნობელობითი სინჯების (Z01.5), მედიკამენტებზე ალერგოდიაგნოსტიკის, მათ შორის, ალერგოლოგიური (პრიკ, კანშიდა, ფეჩ, პროვოკაციული) ტესტების განხორციელება/მართვა შეუძლია ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“. ამავე ბრძანებით განსაზღვრულია, რომ სპეციალობის შინაარსი – „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ წარმოადგენს მედიცინის დარგს იმუნიტეტის, იმუნოპათოლოგიისა და ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, რომელიც შეისწავლის ალერგიული, აუტოიმუნური, იმუნოდეფიციტური დარღვევებითა და ტრანსპანტატის მოცილებით მიმდინარე პათოლოგიებს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი არის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც აქვს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა და ფლობს პრაქტიკული საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელ უნარებს, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროა ალერგია/ჰიპერმგრძნობელობითა და იმუნოლოგიური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა დიაგნოსტიკის (in vitro, in vivo, in situ), რეფერალის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციისათვის, როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ასაკში. ბრძანებით განსაზღვრულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომპონენტიც და დადგენილია, რომ ა) ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების შედეგების ინტერპრეტაცია: ა.ჰ1) კანის ალერგოლოგიური (პრიკ, კანშიდა, ფეჩ და პროვოკაციული) ტესტები; ბ) ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება: ბ.ვ) კანის ალერგოლოგიური (პრიკ, კანშიდა, ფეჩ და პროვოკაციული) და პერორალური პროვოკაციული სინჯები. მითითებული დანართის თანახმად, კანონმდებლობით არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება ალერგოლოგ-იმუნოლოგის ქმედებაში პაციენტთან მიმართებით, კერძოდ, „ალერგოლოგ-იმუნოლოგი არის სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც აქვს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა და ფლობს პრაქტიკული საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელ უნარებს, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროა ალერგია/ჰიპერმგრძნობელობითა და იმუნოლოგიური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა დიაგნოსტიკის (in vitro, in vivo, in situ), რეფერალის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციისათვის, როგორც ბავშვთა, ისე – მოზრდილთა ასაკში.”
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანების 25-ე დანართის (მე-3 მუხლის „ჭ“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5- პუნქტები; მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის „ა.ჰ1“, „ა.ჰ2, „ბ.ვ“-პუნქტები) თანახმად, სამედიცინო ჩარევის – კანის დიაგნოსტიკური და მგრძნობელობითი სინჯების „Z01.5“, მედიკამენტებზე ალერგოდიაგნოსტიკის, მათ შორის, ალერგოლოგიური (პრიკ, კანშიდა, ფეჩ, პროვოკაციული) ტესტების განხორციელება/მართვა შეუძლია ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“.
5. აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის დადგენილებით, ნ. ო. ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო სს „...“ ასევე – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმ ნ. ო-ს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში ალერგოლოგია-იმმუნოლოგია, ხოლო მის მიერ პაციენტ მ. ს-სთან ჩატარებული სამედიცინო ჩარევა კანის სადიაგნოსტიკო და მგრძონებელბითი სინჯი (Z01.5) (სპეციფიკური ალერგოლოგიური ტესტი საანესთეზიო მედიკამენტ „ნოვოკაინზე“ და არა ბრონქული ასთმის გამომწვევ რესპირატორულ ალერგენზე) წარმოადგენდა საექიმო საქმიანობას სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილებით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის ზემოაღნიშნული დადგენილება. აქვე, საჩივრის ავტორს დამატებით მიეთითა, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ნ. ო. არ გააჩნდა, რამეთუ კანონმდებელი სამედიცინო სასწავლების დამთარების გარდა, შესაბამისი სპეციალობით საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ ითვალისწინებს სახელმწიფო სერტიფიკატის ქონას.
7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ექიმმა ლარინგოლოგმა – ნ. ო., რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი „ალერგოლოგია-იმუნოლოგიის“ სპეციალობით და, შესაბამისად, არ ჰქონდა ალერგიული სინჯების გაკეთების უფლება, არ გადაამისამართა პაციენტი ალერგოლოგთან, გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და ამისათვის დადგენილი წესის შეუსაბამოდ, თავად აუღო მ. ს-ს ალერგიული სინჯი პრეპარატ „ნოვოკაინზე“ და თავადვე მოახდინა მისი შედეგების ინტერპრეტირება, რაც მართებულად შეფასდა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობა.
8. იმავდროულად, აღსანიშნავია: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს მხარეთა შორის დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442-ე მუხლით დასჯად ქმედებას შორის, მკაფიოდ გაიმიჯნოს ამ ქმედებათა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, ნ. ო-ს ქმედება – უკანონო საექიმო საქმიანობა, ექცევა ადმინისტრაციული გადაცდომის ფარგლებში, თუ მისი ქმედება გასცდა სამართალდარღვევის ფარგლებს და გამოკვეთილია დანაშაულის შემადგენლობა.
9. ამ სადავო საკითხის გამორკვევისას, უპირველესად აღსანიშნავია, რომ უკანონო საექიმო საქმიანობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკანონო ქმედებამ – საექიმო საქმიანობამ – გამოიწვია ისეთი შედეგი, როგორიც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაა ან უფრო მძიმე – სიცოცხლის მოსპობა. შესაბამისად, უკანონო საექიმო საქმიანობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მატერიალური დანაშაულია და მისი შემადგენლობისათვის უკანონო საექიმო საქმიანობას აუცილებლად თან უნდა სდევდეს, ერთი მხრივ, კონკრეტული შედეგი – ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ამ უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომელიც დიდწილად დაეფუძნა საქმეზე ჩატარებულ კომისიურ სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ვერ დადგინდა თუ კონკრეტულად რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია პაციენტის ანაფილაქსიური შოკი ანუ პაციენტის სიკვდილის მიზეზო. ამავე დასკვნის კვალდაკვალ, ანაფილაქსიის განვითარება შესაძლოა, გამოეწვია ნებისმიერ მედიკამენტს, რაც ანესთეზიის ინდუქციის დროს იყო შეყვანილი, ასევე – ლოკალურ ანესთეტიკს, რაც შეყვანილი იყო ქირურგის – ნ. ო-ს – მიერ ოპერაციის დასაწყისში. საექსპერტო კვლევის მიხედვით, დასაშვებია, რომ პრეპარატ „ნოვოკაინს“ შესაძლოა, გამოეწვია ანაფილაქსიური რეაქცია, თუმცა, იმავდროულად, აღნიშნულია, რომ მედიკამენტების ურთიერთქმედებით განპირობებული ანაფილაქსიური რეაქციები მედიცინაში ცნობილია, მაგრამ, პირველი მიზეზის დადგენა – წარმოუდგენელი. მეტიც, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სამხილით არ დადგენილა, რომ ნ. ო-ს ქმედება – უკანონო საექიმო საქმიანობა – მიზეზობრივად უკავშირდება პაციენტის ლეტალურ შედეგს, ურომლისოდაც იგი არ განხორციელდებოდა. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ და დადგინდა, რომ ნ. ო-ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ არის გამოკვეთილი და, ამდენად, სადავო კვალიფიკაციის ნაწილში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, თითქოსდა, ნ. ო. სრულიად უდანაშაულოა და უნდა გამართლდეს, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებლი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ცხადყოფს, რომ მკურნალმა ექიმმა –ნ. ო., ოპერაციამდე, ალერგიული ანამნეზის გამოსარკვევად, არ ჩაუტარა სათანადო გამოკითხვა პაციენტს, არ გადაამისამართა იგი ალერგოლოგთან და სათანადო წესების დაუცველად, თავად ჩაუტარა ალერგიული სინჯი პრეპარატ „ნოვოკაინზე“, რომლის შედეგები თავადვე შეაფასა და მიიჩნია, რომ იყო უარყოფითი. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების – „ნოვოკაინისა“ და „ადრენალინის“ განზავებული ხსნარის ინექციის პროცესში, მ. ს.-ს განუვითარდა ტაქიკარდია, რომელიც გადაიზარდა პარკუჭთა ფიბრილაციაში და, მიუხედავად გატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტი გარდაიცვალა. საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ სწორად ჩატარებული კანის ალერგიული სინჯის და ანესთეზიის ინდუქციის დროს გამოსაყენებელ მედიკამენტებზე ალერგიული სინჯის ჩატარების შემთხვევაში, გაიზრდებოდა ალერგიული წინასწარგანწყობის გამოვლენის შანსი.
12. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 14.06. N206/ო ბრძანებით დამტკიცებულები ხელშეკრულების №.... თანახმად, პაციენტ მ. ს-სა და საავადმყოფოს ადმინისტრაციას შორის დაიდო ხელშეკრულება, რითაც მკურნალმა აიღო ვალდებულება მ. ს-სათვის ჩაეტარებინა სათანადო მკურნალობა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის: მკურნალი ვალდებული იყო შეექმნა ყოველგვარი პირობები „პაციენტის სრულყოფილი მკურნალობისათვის“, „სრულყოფილად ეწარმოებინა დანართი №1-ის შევსება“... შესაბამისად, მ. ს-ს მკურნალი ექმი ვალდებული იყო წინასაოპერაციოდ, პაციენტის საფუძვლიანი გამოკითხვით, გამოერკვია მისი ალერგიული წინასწარგანწყობა და ამგვარად შეკრებილი ანამნეზის გათვალისწინებით, ალერგულობის პირობებში, მიეღო სათანადო გადაწყვეტილება შემდგომი ღონისძიებების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ნ. ო. სათანადოდ არ გამოიკვლია პაციენტის ალერგიულობის საკითხი, რასაც, თავის მხრივ, ცხადყოფს ამ კუთხით შედგენილი ერთადერთი სამედიცინო დოკუმენტიც – ფორმა №IV-300-7/ა – პაციენტის წინასაოპერაციო კითხვარიც, რომელშიც ყველა კითხვაზე პასუხი უარყოფითია, მათ შორის: „6. გაქვთ თუ არა თავის ტკივილი - არა“, „13. „გაქვთ თუ არა ბრონქული ასთმის მოვლენები - არა“, „33. გაქვთ თუ არა ალერგია მედიკამენტებზე - არა“ , „36. ღებულობთ თუ არა მედიკამენტებს - არა“... მაშინ, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციაში – ფორმა №IV-300-15/ა – წინასაოპერაციო ეპიკრიზის თანახმად, მ. ს-ს ჩივილებია: ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ხშირი ჰაიმორიტი; დაავადების დინამიკა – ქრონიკული; ობიექტური მონაცემებითა და კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებით პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძგიდის გამრუდება და ნიჟარების ჰიპერტროფია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები ნათლად მიუთითებს წინასაოპერაციო გამოკითხვის ფორმალურობაზე, მაშინ, როდესაც სათანადო გამოკითხვის შემთხვევაში, შესაძლოა, მ.- ს-ს ალერგიული ანამნეზი შეცვლილიყო. ზემოაღნიშნულია კვალდაკვალ, ალერგოლოგთან პაციენტის გადამისამართებით, შესაძლო იყო ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის შემცირება და, შესაბამისად, სასიკვდილო შედეგის თავიდან არიდება, თუმცა ნ. ო-ს უსაფუძვლო თვითიმედოვნებით შედეგი თავიდან ვერ იქნა არიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ო-ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა, როგორც მ. ს-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის, სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი, სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და, რომ, სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
15. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აფასებს, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით და მიიჩნევს, რომ ნ. ო. სასჯელის სახით შეფარდებულ შინაპატიმრობასთან ერთობლივად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება – მაქსიმალური ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
17. საკასაციო სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებლად მიიჩნევს, შეუნარჩუნოს ნ. ო. საექიმო საქმიანობის უფლება. ამავდროულად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის პირობებში, სასჯელის, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციული მიზნების შესრულება, სრულად შესაძლებლად მიაჩნია ნ. -ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, რამეთუ დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, მოცემულ შემთხვევაში, დიდწილად სწორედ გამოყენებული დამატებითი სასჯელით – საექიმო საქმიანობის აკრძალვით – არის დაზღვეული. მსჯავრდებულის წარსული ცხოვრებისა და მისი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, საზოგადოებისაგან მისი იზოლაციისა და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.
18. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილია მსჯავრდებულის ვრცელი პოზიცია, თუმცა არა – დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა ნ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ო--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. ნ. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს შინაპატიმრობა – 1 წლითა და 6 თვით;
5. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება – 3 წლით;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. ო.შინაპატიმრობა მოხდილი აქვს;
7. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე