Facebook Twitter

¹ 3კ/766-01 12 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე ოთხოთახიანი ბინა წარმოადგენს თ. ბ-იას საკუთრებას. იგი 1997 წლის დეკემბერში შეუთანხმდა დ. ო-იას, რომ კუთვნილ ბინას მიჰყიდიდა. დ. ო-იას 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1998 წლის 30 მაისამდე უნდა გადაეხადა ბინის მესაკუთრისათვის 70 000 აშშ დოლარი, თვეში 15-20 000 აშშ დოლარი. ამასთან, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ამ თანხის 2%.

მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმება გაფორმებულ იქნა მარტივი წერილობითი ფორმით. იმის გამო, რომ მხარეთა შორის აღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმდა, დ. ო-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: მ. და თ. ბ-იების მიმართ და მოითხოვა მის მიერ ბინის შესყიდვისათვის გადახდილი 60 000 აშშ დოლარის დაბრუნება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. ო-იას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თ. და მ. ბ-იებს დაეკისრათ სოლიდარულად დ. ო-იას სასარგებლოდ 37 200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით. სარჩელი 22 800 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. და მ. ბ-იების მიერ. დ. ო-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით თ. და მ. ბ-იების და დ. ო-იას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გააუქმა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დააკმაყოფილა დ. ო-იას სარჩელი. თ. და მ. ბ-იებს დააკისრა 17 200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში დ. ო-იას სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი; დ. ო-იას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2568 ლარის გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლისა და 505-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობა დააკვალიფიცირა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებად განვადების პირობით; 508-ე მუხლის საფუძველზე, თუ მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმის შემთხვევაში ყოველი მხარე ვალდებულია, დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც მათ მიიღეს აღნიშნული ხელშეკრულებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ. ო-იას განმარტება იმის შესახებ, რომ მან გადაუხადა თ. ბ-იას ბინის საფასური _ 60000 აშშ დოლარი, რადგან აღნიშნული თანხის გადახდის საბუთი ვერ წარადგინა. ბ-იები ადასტურებენ, რომ მათ დ. ო-იასაგან მიიღეს მხოლოდ 17200 აშშ დოლარი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 174-ე მუხლზე, რომლითაც პროცენტი ფულადი ვალდებულებების მიხედვით საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციებისა და კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა დაუშვებელია. არ გაიზიარა თ. ბ-იას განმარტება იმის შესახებ, რომ დ. ო-იას მიერ გადახდილი 10.000 აშშ დოლარი არის ბეს სახით მიღებული, ხოლო 7200 აშშ დოლარი კი პროცენტია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამოქალაქო სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე შეთანხმება ბეს შესახებ თანხის ოდენობის მიუხედავად წერილობით უნდა დაიდოს; საქმის მასალებით კი არ დასტურდება აღნიშნული, რის გამოც სასამართლომ 10.000 აშშ დოლარი ბედ არ მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. და მ. ბ-იებმა შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინეს კანონით დადგენილი წესების დარღვევით: არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, მათ სასამართლოში პაექრობისას არ დაუყენებიათ მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც სასამართლომ სწორად არ იმსჯელა მათ შეგებებულ სარჩელზე.

სააპელაციო სასამართლოში კი თ. ბ-იამ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააზუსტა პროცესის ბოლოს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა მისი მიღება.

თ. და მ. ბ-იებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ დ. ო-იას ერთი წლის განმავლობაში ექსპლოატაციაში ჰქონდა მათი ბინა და პირიქით, ბინის მესაკუთრეებს დააკისრა მის სასარგებლოდ 17.200 აშშ დოლარის გადახდა. დ. ო-იაც არ უარყოფს, რომ მათი ბინა სასტუმროდ გამოიყენა და კარგ შემოსავალს ღებულობდა.

მათი შეგებებული სარჩელი რეგისტრირებულია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში, მაგრამ მოსამართლემ არ მიიღო იგი. ამიტომ ვერ გაიზიარებენ სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ რაიონულ სასამართლოში მათი შეგებებული სარჩელი კანონის დარღვევით იქნა შეტანილი. რაიონულმა სასამართლომ შეგებებული სარჩელის მიუღებლობით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ.

დ. ო-იას მიერ 1997 წლის 13 ოქტომბერს გადაცემული 10.000 აშშ დოლარი არის ბე, ხოლო 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1998 წლის 30 ნოემბრამდე დ. ო-იამ გადასცა კასატორს 3%-იანი დანარიცხი 7.000 აშშ დოლარი და 200 აშშ დოლარი _ ბუნებრივი აირის შემოსაყვანად.

თ. ბ-იას ავადმყოფობის პერიოდში დ. ო-იამ ცალმხრივად დაარღვია მხარეთა შეთანხმება, რის გამოც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის II ნაწილი. მან ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დ. ო-იას უკანონო მფლობელობაში ჰქონდა კასატორების სადავო ბინა 1997 წლის 13 ოქტომბრიდან 1998 წლის ოქტომბრის ბოლომდე, რომელსაც ამუშავებდა სასტუმროდ. ამ ბინის ექსპლოატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი კი სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 411-ე მუხლების საფუძველზე უნდა გადაეცეს მის კანონიერ პატრონს და უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისაგან, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული შეადგენს დაახლოებით 80 000 დოლარს.

მთლიანად დ. ო-იამ კასატორს მიაყენა 105.400 აშშ დოლარის ზიანი; რომლის ანაზღაურებასაც იგი მოითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ თ. ბ-ია და დ. ო-ია 1997 წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე თ. ბ-იას კუთვნილ ბინას იყიდდა დ. ო-ია, რომელიც ბინის ღირებულებას 70000 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდა მესაკუთრეს 1997 წლის 1 ნოემბრიდან 1998 წლის 30 მაისამდე. თ. ბ-იამ კუთვნილი ბინა დაუთმო დ. ო-იას, რომელმაც გააქირავა ეს ბინა. იმის გამო, რომ მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით არ გაფორმდა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2000 წლის იანვარში დ. ო-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. და თ. ბ-იების მიმართ და მოითხოვა მათთვის მიცემული ბინის ღირებულების – 60000 აშშ დოლარის დაბრუნება.

თ. ბ-იამ რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა დ. ო-იას მიერ მისი ბინიდან მიღებული სარგებლის, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. შემდგომ, რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 მაისის სხდომაზე თ. ბ-იამ მოითხოვა მისი შეგებებული სარჩელის განხილვა. მან აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ფორმას, მაგრამ ვინაიდან არ იცოდა აღნიშნულის შესახებ, ვერ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ შეგებებული სარჩელის შეტანა პაექრობამდე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად თ. ბ-ია კი ასახელებს იმას, რომ არ იცოდა, რა ფორმით დაეყენებინა ეს მოთხოვნა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან კანონის არ ცოდნა საპატიო მიზეზად არ ითვლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ-იების მიერ შეგებებული სარჩელი შეტანილი იყო კანონით დადგენილი წესების დარღვევით (დაუცველია ფორმა, გადაუხდილია ბაჟი), მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩათვალა იგი შეგებებულ სარჩელად. ამასთან, პროცესის ბოლოს, პაექრობის დროს მათი მოთხოვნა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ დაუყენებიათ, ამიტომ ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა მასზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რაიონულმა სასამართლომ თ. ბ-იას შეგებებული სარჩელის განხილვის შუამდგომლობაზე იმსჯელა არა პაექრობის დროს, არამედ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ შეგებებული სარჩელი არ იქნა წარდგენილი საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია, აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 185-ე მუხლით კი მოწესრიგებულია ის შემთხვევა, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება ამ ხარვეზის შესახებ და მისცეს ვადა მოსარჩელეს მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სარჩელს უმოძრაოდ დატოვებს და მოსარჩელეს დაუბრუნებს. სასამართლოს განჩინებაში სარჩელის უმოძრაოდ დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად წარადგინა შეპასუხების სახით შეგებებული სარჩელი, სადაც დაყენებული აქვს მოთხოვნა საქმის განხილვამდე; ასეთ ვითარებაში სასამართლო ვალდებული იყო მიეცა მხარისათვის ვადა ხარვეზის შესავსებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.