Facebook Twitter

¹3კ/767-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წლის 23 იანვარს ლ. კ-შვილსა და გ. ბ-შვილს შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ლ. კ-შვილმა შეიძინა ქ. თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინა, ბინაში ცხოვრობდნენ თ. და დ. ჟ-ტები.

ლ. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: დ. და თ. ჟ-ტების გამოსახლება თბილისში, ..... მდებარე სადავო ბინიდან.

თ. და დ. ჟ-ტებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს იმავე სასამართლოს, მოითხოვეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და განმარტეს, რომ ზემოთ აღნიშნული ბინა პრივატიზებულ იქნა დ. ჟ-ტის სახელზე 1993 წლის 18 სექტემბერს, ვინაიდან ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მისი განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით შეიძლებოდა, რაც არ ყოფილა წარდგენილი.

მოპასუხეების განცხადებით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა ლ. კ-შვილის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ. 1994 წლის 22 ივნისს დ. ჟ-ტსა და მ. ტ-შვილს, 1996 წლის 30 აგვისტოს მ. ტ-შვილსა და გ. ბ-შვილს და 1997 წლის 23 იანვარს გ. ბ-შვილსა და ლ. კ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები კანონის დარღვევით იქნა გაფორმებული, ვინაიდან მათთვის ბინის გასხვისების თაობაზე არაფერი ყოფილა ცნობილი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

დ., თ. და ქ. ჟ-ტები (თანმყოფ პირებთან ერთად) გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ..... მდებარე ბინიდან, ხოლო თ. და დ. ჟ-ტების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და დ. ჟ-ტებმა და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინის განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით შეიძლებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა წარდგენილი.

აპელანტთა განცხადებით, 1994 წელს მან საშუამავლო ფირმა “ვ-ის” მეშვეობით კომერციული აქტივ ბანკიდან კრედიტი აიღეს. როგორც შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, საშუამავლო ფირმის წარმომადგენელმა თ. ჟ-ტს წერილობითი თანხმობა ჩამოართვა სესხის უზრუნველყოფისათვის ბინის გირაოდ ჩადების თაობაზე, გირავნობის მაგივრად კი გააფორმა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება; ბინის გასხვისების თაობაზე მათთვის სარჩელის შეტანამდე ცნობილი არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოპასუხეებს დ. და თ. ჟ-ტებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1994 წლის 22 ივნისს მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო სადავო სახლის გასხვისების, გაყიდვის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადა უფლების დაცვისათვის იმ პირის სარჩელით, რომლის უფლება დარღვეულია განისაზღვრება სამი წლით; ჟ-ტებს თავისი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ.

კასატორები თ. და დ. ჟ-ტები მოითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იურიდიული დასაბუთებულობის გამო და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას; კასატორები დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევენ კ-შვილის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარებას და განმარტავენ, რომ ბ-შვილსა და კ-შვილს შორის მათი ბინის თაობაზე მოჩვენებითი გარიგება დაიდო, რომელიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის I ნაწილის თანახმად. ასევე მიუთითებენ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა მათ 1997 წლიდან უნდა მოხდეს _ როცა გაიგეს მხარეებმა სარჩელის შეტანის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ თითქოს თ. ჟ-ტის საშუამავლო ფირმის წარმომადგენელმა ჩამოართვა წერილობითი თანხმობა ბინის გირაოდ ჩადების თაობაზე სესხის საგარანტიო უზრუნველყოფისათვის, ვინაიდან საქმის მასალებით ასეთი არ დასტურდება; მასალებში წარმოდგენილია თ. ჟ-ტის ხელწერილი, გაცემული 1994 წლის 21 ივნისს, რომლითაც ეს უკანასკნელი იძლევა თანხმობას თბილისში, ..... მდებარე ბინის გასხვისებაზე. ასევე, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

პალატას მიაჩნია, რომ თ. ჟ-ტისა და მისი მეუღლე დ. ჟ-ტისათვის სწორედ აღნიშნული პერიოდიდან, ე.ი. 1994 წლის ივნისიდან, იყო ცნობილი სადავო სახლის გასხვისების, გაყიდვის ფაქტი, მაგრამ მათ სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად 1994 წლის 22 ივნისი და სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკითხი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლით უნდა გადაწყდეს. აღნიშნული ნორმით საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. დ. და თ. ჟ-ტებმა შეგებებული სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 1998 წლის ივნისში, ე.ი. 4 წლის შემდეგ შეიტანეს, რითაც ბუნებრივია გაუშვეს დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვის ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წამოუყენებია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად სწორადაა დასაბუთებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და დ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.