Facebook Twitter

საქმე # 330100122005987785

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1066აპ-25 ქ. თბილისი

დ. ლ.1066აპ-25 31 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ლ. დ–ეს, პირადი ნომერი: ................, – ბრალად ედებოდა: არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ლ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ. თ........ მ........ ქუჩის №----ში განთავსებულ №.. კენჭისყრის შენობაში, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, მედია ცენტრ „ღ.....ს“ წარმომადგენელმა ლ. დ–ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა პარტია „......ს“ წევრზე ო. რ–ზე და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით:

2.1. ლ. დ–ე საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. ლ. დ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ალიკა დვალაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. დ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამართლებულ ლ. დ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს – ლ. ც–ეს ეცნობა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა (იხ.: ტ.3)

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა, რომელიც ითხოვს ლ. დ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „შეიძლება არსებობდეს საქმის წარმოება, რომელშიც ზეპირი მოსმენა აუცილებელი არ არის: მაგალითად, სადაც არ არსებობს სანდოობის საკითხები ან სადავო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს მოსმენას, ხოლო სასამართლოებს შეუძლიათ სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ საქმე მხარეთა წარდგინებისა და სხვა წერილობითი მასალების საფუძველზე“ (Kezerashvili v.Georgia, no. 11027/22, par. 101, ECtHR, 5/12/2024; ასევე იხ. Jussila v. Finland [GC], no. 73053/01, par. 40, ECtHR, 26/11/2006).

4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაცვის მხარეს გადაეგზავნა 2025 წლის 25 ნოემბერს (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 32). დაცვის მხარემ არ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობით და არ წარმოადგინა შესაგებელი.

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ მხარეებს ეცნობათ სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე – 2026 წლის 24 მარტს (იხ.: ტ. 3). დაცვის მხარეს მისივე მოთხოვნით, ეცნობა საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.

5.1. წინამდებარე განაჩენის გამოტანის მომენტისათვის, მხარეების მიერ არ არის წარმოდგენილი შუამდგომლობა/ები (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) არც ერთ საკითხთან მიმართებით, არ იქნა წარმოდგენილი არც დამატებითი არგუმენტაცია/პოზიცია.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართალწარმოებაში ლ. დ–ე პირადად (ადვოკატთან ერთად) მონაწილეობდა/ესწრებოდა 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო შემდგომ განხილვებში მის ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი. კერძოდ,

6.1. 2022 წლის 25 ივლისს წინასასამართლო სხდომაზე, ლ. დ–ის მონაწილეობით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ცნობილ იქნა დასაშვებად, როგორც სადავო მტკიცებულებები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი 14:08:53-14:09:20). დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ. ყველა მტკიცებულება მიიჩნია დასაშვებად და სადავოდ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი 14:06:50-14:07:42)).

6.2. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ლ. დ–ე ესწრებოდა პირველ სამ სასამართლო სხდომას (კერძოდ, 2022 წლის 4 აგვისტოს სასამართლო სხდომას – გადაიდო პროკურორის გამოუცხადებლობის გამო; 2022 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომას – განემარტა უფლებები, ბრალდების არსი და კვალიფიკაცია, გამოკვლეულ იქნა საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა, ასევე – მხარეთა შუამდგომლობები, მათ შორის, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენაზე და მოსმენილ იქნა მხარეთა შესავალი სიტყვები; 2023 წლის 31 იანვრის სხდომას – მხარეებმა უდავოდ ცნეს მოწმეთა: ნ. კ–ისა და ა. გ–ს ჩვენებები).

6.3. შემდეგ სასამართლო სხდომებს ლ. დ–ე არ ესწრებოდა საკუთარი გადაწყვეტილებით. მათ შორის: 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომას, რომელზეც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო (მასთან შეთანხმებით) სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა: დაზარალებულ ო. რ–ის, მოწმეების – ვ. ც–ს და თ. ტ–ის ჩვენებებისა; ასევე არ ესწრებოდა დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი სამი მოწმიდან არცერთი მოწმის დაკითხვას არსებით სასამართლო სხდომაზე (იხ.: 2024 წლის 12 მარტის სხდომა – თ. ტ–ის დაკითხვა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 46-51), 2024 წლის 3 ივლისის სხდომა – დაზარალებულ ო. რ–ისა და მოწმე ვ. ც–ს დაკითხვა (იხ.: ტ.3, ს.ფ. 64-72); მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმასა და სასამართლოს მიერ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ.: 2025 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმი, ტ.3, ს.ფ. 83-84).

6.4. ლ. დ–ე არ მონაწილეობდა/არ ესწრებოდა არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვას. მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ც–ემ განმარტა, რომ ლ. დ–ე არის ლ–ს მოქალაქე და ს–ში არ იმყოფება დიდი ხანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის დროსაც არ იმყოფებოდა საქართველოში (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:08:05-14:08:20), იმავდროულად, აღნიშნა რომ გამართლებული თანახმა იყო სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულიყო მისი დასწრების გარეშე (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:08:21-14:08:26).

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. 2023 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მოწმეთა: ო. რ–ის, ვ. ც–სა და თ. ტ–ის ჩვენებები, უდავოდ გახადა სხვა მოწმეების ჩვენებები და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, ხოლო – წერილობითი მტკიცებულებები სადავოდ, თუმცა მოითხოვა მათი მხოლოდ „ჩაკითხვა, ვინაიდან სამართლებრივად არ უნდოდა, რომ უდავოდ ყოფილიყო ცნობილი“(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი 17:21:45-17:24:18). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ უდავოდ არ ცნო, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სამედიცინო ბარათი №.., იმავდროულად არ მოუთხოვია აღნიშნული ექსპერტიზის/სამედიცინო შემოწმების ჩამტარებელი პირების დაკითხვა, სადავოდ არ გაუხდია/სასამართლო კვლევის საგანს არ წარმოადგენდა არც ექსპერტიზის დასკვნის/სამედიცინო ბარათის სარწმუნოობა, დასაშვებობა, კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგია, კანონიერება; დაცვის მხარეს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის/სამედიცინო ბარათის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის ან/და არ გაზიარების საკითხი.

8. დაზარალებული ო. რ–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების დროს იყო დამკვირვებელი პოლიტიკური გაერთიანება „......ს“ სახელით ქ. თ..., დ..., №... საარჩევნო უბანზე, რა დროსაც საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რომლის დეტალები დროის გასვლის გამო ზუსტად აღარ ახსოვს და რომელიც პოლიციის ჩარევით დასრულდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 14:31:42-14:33:10).

8.1. არსებით სასამართლო სხდომაზე (2024 წლის 3 ივლისს) გამოქვეყნებული დაზარალებული ო. რ–ის 2020 წლის 31 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით (ის ნაწილი, რომელშიც საუბარია ლ. დ–ის მიერ ძალადობაზე) დგინდება, რომ „ლ. დ–ე გამოირჩეოდა აგრესიით, ითხოვდა მათ გაძევებას საარჩევნო უბნიდან. ამ დროს სიტყვიერი შეკამათება ჰქონდათ ლ. ც–ესთან და ლ. დ–ესთან. ვ. ც–მ უთხრა, რომ იყო პროვოკატორი, რის შემდეგაც ლ. დ–ემ ხელი მოიქნია და ჩაარტყა ვ. ც–ს, რის შედეგადაც ვ. ც–ს ხელიდან გააგდებინა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ ლ. დ–ის მეუღლემ გაიწია მათკენ და დაიწყო ერთგვარი ძიძგილაობა, რა დროსაც დაპირისპირებულ მხარეთაგან არცერთის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ უცნობი პირი შეეცადა ლ. ც–ის შენობიდან გაყვანას, რის შემდეგაც მათ შორის გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს მოულოდნელად ლ. დ–ე შეახტა ზურგზე და ფრჩხილებით რამდენჯერმე ჩამოკაწრა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები შუბლის და ყელის მიდამოში და განიცადა ფიზიკური ტკივილი“ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 14:33:11-14:34:35).

8.2. დაზარალებულის განმარტებით, გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებით აღიდგინა პროცესი, მაგრამ დეტალები არ ახსოვს. ახსოვს, რომ ლ. დ–ემ ვ. ც–ს ტელეფონი დააგდებინა, ასევე ახსოვს ძიძგილაობა, მაგრამ ზუსტად, რა როგორ ხდებოდა და რის შემდეგ – არა. ლ. დ–ე რომ ზურგზე მოახტა ესეც ახსოვს, ზურგიდან ეჭიდავებოდა, ასევე იყო გაკაწრული, ტელეფონშიც ჰქონდა ფოტოები (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 14:34:35-14:39:16). ვ. ც–მ დაუწყო ლ. ც–ეს ყვირილი, „დაამშვიდე შენი მეუღლეო“ და მათ შორის გაწევ-გამოწევა დაიწყო, რა დროსაც, ლ. დ–ემ დაიცვა მეუღლე, მოახტა მას ზურგზე, თუმცა დარტყმა არ დაუწყია. სრულიად შესაძლებელია, რომ ხელით იჭერდა და გაიკაწრა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 14:44:52 – 14:49:44). ნაკაწრი იგრძნო და როგორც ჩანს ასე დაწერეს, რომ ეტკინა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ რამე განსაკუთრებული ტკივილი იგრძნო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 14:34:35-14:39:16).

9. მოწმე ვ. ც–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ......–ს რაიონში, ...... განთავსებულ №.. კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა დამკვირვებლად. ერთ-ერთი დამკვირვებელი არასწორად ახდენდა ამომრჩეველთა გადაღებას, რის გამოც მოუწოდა თავმჯდომარეს და მოადგილეს რეაგირებისკენ და ამის გამო შელაპარაკება მოუვიდა ლ. დ–ესთან, რომელსაც შეხლა-შემოხლის დროს ხელი მოუხვდა მის ხელზე და მოწმეს ტელეფონი დააგდებინა. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მოადგილე - ო. რ–ი, რომლის მიმართ რაიმე ძალადობას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამ ეტაპზე არ ახსოვს.

9.1. მოწმის დაკითხვისას გამოქვეყნდა 2020 წლის 31 ოქტომბრის ვ. ც–ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად: „მას შემდეგ, რაც ლ. დ–ემ მას დააგდებინა მობილური ტელეფონი, აგრესია გადაიტანა ო. რ–ზე, შეახტა ზურგზე და ხელებს უჭერდა კისრისა და ყელის არეში, ამ დროს შემოვიდნენ პოლიციელები და კონფლიქტი ამოიწურა...“. მოწმემ განმარტა, რომ სავარაუდოდ, ასე იქნებოდა, რადგან გამოკითხვის დროს უკეთ ახსოვდა. მოწმემ ვერ გაიხსენა კონკრეტულად სახის/სხეულის რა ადგილას ჩამოკაწრა ლ. დ–ემ დაზარალებული. ამასთან განმარტა, რომ ო. რ–ს არ უთქვამს, რომ განიცადა ტკივილი ლ. დ–ის ქმედებით.

10. ვ. ც–ს კუთვნილი „Iphone 6“- ის ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით (აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით) დგინდება, რომ პირველ ვიდეოჩანაწერში (I-) ასახულია 2020 წლის 31 ოქტომბერს, N-- კენჭისყრის შენობაში მომხდარი კონფლიქტი – ისმის ქალის ხმა: „ბეიჯის გარეშე რატომ ხარ?, საჩივარი დაწერეთ,“ პარალელურად იგივე შინაარსის სიტყვებს იძახის (იმეორებს) მამაკაცი და ისმის მამაკაცის ხმა: „რატომ იღებთ მოქალაქეებს?, ბ.... ვარ, ც....“ დაუკითხავად რატომ იღებდი ამომრჩევლებს?“ რაზედაც უცნობი მამაკაცი ამბობს: „თქვენ იცით კანონი?“. ამის შემდგომ კადრში ჩანს ლ. დ–ე და ლ. ც–ე. ისმის მამაკაცის ხმა: „აი, ეს ორი პროვოკატორი“. ჩანაწერი ბნელდება და პარალელურად ისმის ხმები: „სისხლის მსმელები ხართ!“ „დააწყნარე შენთან ერთად მყოფი, თორემ დაგამტვრევ ხელებს, გაიგე?“

10.1. მეორე ვიდეოჩანაწერში (............) ჩანს ლ. დ–ე და მის გვერდით ლ. ც–ე, ხოლო მათ პირისპირ – მოწმე ვ. ც– და დაზარალებული – ო. რ–ი. კადრში ასევე ჩანს რამდენიმე უცნობი პირი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომწვანო ფერის უნიფორმებში ჩაცმული პირები, რომლებიც გადაადგილდებიან სხვადასხვა მიმართულებით. ლ. დ–ე ვ. ც–ს უჩვენებს თავისი ვინაობის დამადასტურებელ მოწმობას – „ბეიჯს“ და მას სთხოვს – ანალოგიური დოკუმენტის ჩვენებას, რის საპასუხოდაც, ვ. ც– ეუბნება: „მოქალაქე ვარ ჩვეულებრივი“. ლ. დ–ე კითხულობს ვ. ც–ს შესახებ, თუ რატომ იმყოფება იგი ბეიჯის გარეშე. საუბარში ერთვება დაზარალებული ო. რ–ი და ამბობს: „საჩივარი დაწერეთ ბეიჯის გარეშე რატომ არის“. აღნიშნულის შემდგომ ვ. ც– და ო. რ–ი ეკამათებიან ლ. დ–ესა და ლ. ც–ეს. ლ. ც–ე ამბობს: „პოლიციას გამოუძახეთ“. სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება ვ. ც–სა და ბრალდებულ ლ. დ–ეს შორის, რა დროსაც ლ. დ–ე მარცხენა ხელს იქნევს, ურტყამს ვ. ც–ს მარჯვენა ხელის არეში. ვ. ც– ამბობს: „დააწყნარე შენთან ერთად მყოფი, თორემ დაგამტვრევ ხელებს, გაიგე?“. კადრში ჩანს არჩევნებზე დამკვირვებელი მომწვანო ფერის უნიფორმებში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი და იწყება მათი გადაადგილება ქაოსურად სხვადასხვა მიმართულებით, კადრში ჩანს ო. რ–ი რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიემართება დერეფნის მიმართულებით, რა დროსაც, კადრში ჩანს ასევე ლ. დ–ის მხრიდან ძალადობა ო. რ–ის მიმართ.

11. თ. ტ–მა დაკითხვისას მიუთითა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს იმყოფებოდა ........ სკოლა „ი.....“ განთავსებულ საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ბიჭსა და გოგონას შორის მოხდა კონფლიქტი, რომელიც ჯერ შენობაში დაიწყო, ხოლო შემდეგ შენობის გარეთ, დერეფნის გასასვლელთან გაგრძელდა. ო. რ–ს არ იცნობს. ვ. ც–ს კი იცნობს. კონფლიქტის დეტალები აღარ ახსოვს. გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ იქნა, რა დროსაც უკეთ ახსოვდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი 17:01:00 - 17:02:43)

11.1. პროკურორმა გამოაქვეყნა გამოკითხვის ოქმის ნაწილი, სადაც მოწმე უთითებდა რომ „2020 წლის აგვისტოდან არის ქ....... ...... ........ს წევრი და 2020 წლის 31 ოქტომბერს, თ........ მ........ ..ში განთავსებულ, ... საარჩევნო უბანზე იყო კომისიის თავმჯდომარის – მ. ლ–ის მოადგილე. საღამო ხანს, „ნ.....“ ორი ჟურნალისტი – ხ. ჭ–ე და ს. ბ., ახორციელებდნენ შემოსული ამომრჩევლების ფოტო-ვიდეოგადაღებას და რაღაც სერვერზე გაგზავნას მაშინ, როდესაც მათ მხოლოდ საარჩევნო ყუთისათვის კონკრეტული ადგილიდან ფოტოს გადაღების უფლება ჰქონდათ. ამის გამო მისცეს გაფრთხილება, ხ. ჭ–ე დაემორჩილა მითითებას, თუმცა ს. ბ. აგრძელებდა გადაღებას, რის გამოც გააფრთხილა საარჩევნო უბნიდან გაძევების ოქმის შედგენის შესახებ. ამის შემდგომ დაურეკეს ლ. ც–ეს და ლ. დ–ეს, რომლებიც რამდენიმე წუთში მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და დაიწყეს გაპროტესტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აძლევდნენ ჟურნალისტებს ფოტო-ვიდეოგადაღების უფლებას. ამ დროს კენჭისყრის ოთახის კართან გაჩნდნენ, როგორც შემდეგში გახდა მოწმისთვის ცნობილი, ვ. ც– და ო. რ–ი... დერეფანში ლ. ც–ეს, ლ. დ–ეს და მეორეს მხრივ, ვ. ც–ს და ო. რ–ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ლ. დ–ემ ხელში ჩაარტყა ვ. ც–ს და დააგდებინა მობილური ტელეფონი... ინციდენტი აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა საარჩევნო უბნის შემოსასვლელთან, სადაც ლ. დ–ემ ო. რ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ყელისა და კისრის არეში ხელის ფრჩხილებით ჩამოკაწვრაში, რის შემდეგაც ინციდენტი ამოიწურა.. ყოველივე აღნიშნულს მოწმე შეესწრო პირადად – „რასაც მოგახსენებთ დავინახე პირადად თვალნათლივ..“ - განმარტა, რომ პარტიის წევრი არ არის, დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც ეხებოდა გოგონას მიერ მისთვის უცნობი ბიჭის დაკაწვრას. აღნიშნა, რომ ისე იქნებოდა როგორც გამოკითხვის ოქმში წერია, ტყუილს არ იტყოდა, დაახლოებით ასე იყო, გოგონამ დაკაწრა ბიჭი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი 17:02:45-17:07:08).

11.2. დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ ო. რ–ი და ვ. ც– რომელი პარტიის წევრები არიან არ იცის. მოგვიანებით მოსული ჟურნალისტები - ლ. დ–ე და ლ. ც–ე იძახდნენ, ჟურნალისტები ვართ და „სრული უფლება გვაქვს, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო“. ისინი იყვნენ აგრესიულები და პროტესტის გამოხატვის ფორმა ჰქონდათ უხეში. კონფლიქტის დროს, რამდენიმე ნაბიჯით გამოსცდა საარჩევნო უბანს, თუმცა გარეთ არ გამოსულა. ახსოვს, რომ ტელეფონის დავარდნასა და დაზიანებას ადგილი ჰქონდა მცირედი ფიზიკური დაპირისპირების („კინკლაობის“) დროს. ლ. დ–ესა და ლ. ც–ეს კონფლიქტი ჰქონდათ მხოლოდ ამ ორ ბიჭთან, რა დროსაც ყველა მათგანს სთხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას. ტელეფონის გატეხვის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა შენობის გასასვლელისკენ. კენჭისყრის შენობაში ფიზიკური დაპირისპირებისა და სხეულის დაზიანების ფაქტი პირადად არ უნახავს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი 17:07:10 – 17:12:56).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ტ–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულები არიან მოწმე ვ. ც–, და მის გვერდით მდგომი ო. რ–ი, მათ პირისპირ მდგომი ლ. ც–ე და ლ. დ–ე. კადრში გადაადგილდებიან უცნობი პირები, მათ შორის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომწვანო ფერის უნიფორმებში ჩაცმული უცნობი პირები. მოწმე ვ. ც– ესაუბრება მოწმე ლ. ც–ეს და ეუბნება: „ხელები ჩამოწიე“, რაზეც ლ. ც–ე ეკითხება - „ვინ ბრძანდებით“. საუბარში ერთვება ლ. დ–ე, რომელიც კითხულობს, თუ რატომ არის ბეიჯის გარეშე ვ. ც–. ეს უკანასკნელი ეუბნება: „მოქალაქე ვარ ჩვეულებრივი“. საუბარში ერთვება ო. რ–ი და ამბობს: „საჩივარი დაწერეთ ბეიჯის გარეშე რატომ არის“ და ასევე მიმართავს ლ. დ–ეს: „თქვენი ჟურნალისტი მთელი დღის განმავლობაში აპლიკაციით რატომ იღებდა“ და მათ შორის მიმდინარეობს სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ლ. დ–ე ირგვლივ მყოფ პირებს მიმართავს, რომ პოლიცია გამოიძახონ. ამ დროს ვ. ც– იწყებს მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებას, რასაც ამჩნევს ლ. დ–ე და აგდებინებს მობილურ ტელეფონს იატაკზე. აღნიშნულზე ვ. ც– უახლოვდება ლ. დ–ეს და ეუბნება: „ხელი გაწიე, თორემ შემოგცხე“ ვ. ც– გვერდით, დერეფნის მხარეს მოშორებით მყოფ მოწმე ლ. ც–ეს ეუბნება: „დააწყნარე შენთან ერთად მყოფი“, რის შემდეგაც ამ მიმართულებით მიემართება მოწმე ო. რ–ი და მას უკან მიყვება ვ. ც–.

12.1. აღნიშნული ჩანაწერის კანონიერება/დასაშვებობა სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. ტ–ის მიერ ვიდეოჩანაწერის წარდგენა მოხდა განცხადების საფუძველზე (იხ.:. ტ.1, ს.ფ. 45).

12.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს ვიდეოჩანაწერის წარმოდგენას/განცხადებაზე დართვას, როგორც მტკიცებულების საპროცესო დამაგრების ფორმას. საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი ინახება კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

12.3. მოცემულ შემთხვევაში, თ. ტ–ის მიერ დისკზე ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის წარდგენა მოხდა განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს თ. ტ–ის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი და მასში ასახული ინფორმაცია.

13. 2022 წლის 11 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით (ექსპერტი ე.-- ლ...) დგინდება, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №..-ის მონაცემების თანახმად, ო. რ–ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 31/10/2020 წელს, 23:15სთ-ზე. პაციენტს შუბლზე, ყელზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, უცნობმა მოქალაქემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაუდგინდა დიაგნოზი: კისრის ზედაპირული ტრავმა. თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ამავე დოკუმენტის თანახმად, ო. რ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით.

დასკვნაში აღნიშნული პირადი გასინჯვის 02/11/2020 (16:16 სთ) მონაცემების თანახმად, შესამოწმებლის გადმოცემით: 2020 წლის 31 ოქტომბერს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაახლოებით 19:40სთ-ზე, უცნობმა ქალბატონმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: კისრისა და სახის მიდამოში ჩამოკაწრა. შემოწმების მომენტში ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. ობიექტურად: შუბლზე მარჯვნივ, თმოვანი საფარვლის საზღვარზე აღინიშნება ირიბ-სიგრძივად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, ფუფხით დაფარული 3სმ სიგრძის ნაკაწრი; ასეთივე ხასიათის ნაკაწრები აღინიშნება: კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში, ორი ერთმანეთის თითქმის პარალელურად, ირიბ-განივად მდებარე სიგრძეებით: ზედა - 4სმ; ქვედა - 3სმ; კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად, შუა მესამედში, ირიბ-განივად მდებარე 1,1სმ სიგრძით. იმ მოტივით, რომ ტანსაცმლით დაფარულ მიდამოებზე დაზიანება არ აქვს, გახდაზე უარი განაცხადა. სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე ფიზიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე ასევე ერთობლიობით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 31/10/2020 წელი (ტ.1, ს.ფ. 155-158).

14. სამედიცინო ბარათი №..-ით დგინდება, რომ ო. რ–ს დაუდგინდა დიაგნოზი: კისრის ზედაპირული ტრავმა. თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ო. რ–ს შუბლზე და ყელზე აღენიშნება ნაკაწრები, უცნობმა მოქალაქემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მარჯვენა ზემო კიდურის წინამხარზეც აქვს ნაკაწრი, რომელიც მიაყენა იგივე მოქალაქემ (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 115).

15. საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით ისჯება არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ან ძალადობის მუქარა.

15.1. საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის დაცვის ძირითადი ობიექტია საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება – თავისუფალი ნების საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში და პლებისციტში მონაწილეობა, ხოლო დამატებითი ობიექტი – ადამიანის ჯანმრთელობა. საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით აკრძალული ქმედება გულისხმობს დაზარალებულის ცემას, სხვაგვარ ძალადობას ან ძალადობის მუქარას, იმისდა მიუხედავად იქონია თუ არა მან გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ან/და ატარებდა თუ არა ასეთ მიზანს. დანაშაული დასრულებულია ცემის, სხვაგვარი ძალადობის ან ძალადობის მუქარის ჩადენის მომენტიდან. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ადგილს და დროს. დანაშაულის ჩადენის ადგილია - კენჭისყრის შენობა, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილი ან მათი მიმდებარე ტერიტორია. დანაშაულის ჩადენის დროა არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. განსახილველი დანაშაული ხასიათდება განზრახი ბრალით (პირდაპირი/არაპირდაპირი განზრახვა), ამასთან დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი გავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.

16. საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრისას, სამართლის ნორმის შინაარსის გრამატიკულ განმარტებასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს ასევე – ისტორიულ, ტელეოლოგიურ, სისტემურ განმარტებასაც.

17. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის ძირითადი არსია საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ან ძალადობის მუქარის აკრძალვა“. კანონპროექტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გარკვეულწილად დაცულია მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები, სისხლისსამართლებრივი რეაგირება აუცილებელია არა მხოლოდ ისეთ ქმედებებზე, რომლებმაც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას, დამნაშავის განზრახვით, ხელი შეუშალა, არამედ არჩევნებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ადგილას ძალადობის ნებისმიერ აქტზე, იმის მიუხედავად, დგინდება თუ არა ამომრჩევლის ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლის ფაქტი ან მიზანი. ასეთი დანაშაული იმსახურებს სახელმწიფოსგან გაკიცხვას, ვინაიდან პირი, რომელიც აცნობიერებს, რომ იმყოფება საარჩევნო უბანთან, საარჩევნო კომისიის განთავსების ან საარჩევნო აგიტაციის ადგილას და მაინც მიმართავს ძალადობას, როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლებისადმი უპატივცემულობას ავლენს“. კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაზე, „მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია“.

18. ამდენად, კანონმდებლის მიზანი, საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის შემოღებისას, არ იყო სამართლის ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული მხოლოდ ისეთი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, რაც იწვევს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას. კანონმდებლის მიზანი იყო საარჩევნო პროცესის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში განხორციელების უზრუნველყოფა.

19. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული a priori არ უკავშირდება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას – ქმედების საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელ, სავალდებულო კომპონენტს არ წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისას გამოიყენება ობიექტური და სუბიექტური სტანდარტები (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის N332აპ-21 განაჩენი). კერძოდ, „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც – ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებით მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის N1003აპ-20 განაჩენი; 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ-20 განაჩენი; 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება). იმავდროულად, ფიზიკური ტკივილი შეფასებითი კატეგორიაა და უპირობოდ არ უკავშირდება დაზარალებულის მიერ სავალდებულო წესით მწვავე/ძლიერი/აუტანელი ტკივილის განცდას.

21. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება 2020 წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში, ლ. დ–ის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი ო. რ–თან, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მის მოუშლელად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს 2022 წლის 11 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნას, რომლითაც დასტურდება ლ. დ–ის ქმედებით დაზარალებულისათვის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენება ჯანმრთელობის მოუშლელად (კერძოდ, შუბლზე მარჯვნივ, თმოვანი საფარვლის საზღვარზე ირიბ-სიგრძივად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, ფუფხით დაფარული 3სმ სიგრძის ნაკაწრი; ასეთივე ხასიათის ნაკაწრები: კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ქვედა მესამედში, ორი ერთმანეთის თითქმის პარალელურად, ირიბ-განივად მდებარე სიგრძეებით: ზედა - 4სმ; ქვედა - 3სმ; კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად, შუა მესამედში, ირიბ-განივად მდებარე 1,1 სმ სიგრძით), დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ნაკაწრი იგრძნო, თუმცა არ ფიქრობს, რომ რაიმე განსაკუთრებული ტკივილი იგრძნო და შესაბამისად, არ გამორიცხა ლ. დ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებით, ტკივილის მიყენება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში ლ. დ–ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა. კერძოდ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა პარტია „......ს“ წევრზე ო. რ–ზე და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით.

23. საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს – ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია (იხ.: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).

25. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

26. „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის N 3/5/1341,1660 გადაწყვეტილება „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-33).

27. ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის (განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მიზეზის და მოტივის, სასჯელის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების (არ არის ნასამართლევი), საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების, პატიმრობის ultima ratio ხასიათის გათვალისწინებით, ლ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

28. ლ. დ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა 2000 ლარი – არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე).

29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

29.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. ც–სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ლაზერული დისკები შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 307-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი;

3. ლ. დ–ე საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. ლ. დ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს გადამხდელ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1500 ლარი;

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ვ. ც–სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, კანონით დადგენილი წესით; ლაზერული დისკები შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე