საქმე №010142225702259996
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №26აგ-25 9 მარტი, 2026 წელი
ბ–ი ი., №26აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:
1.1. ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ბ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა 2022 წლის 20 აგვისტოდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი ი. ბ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. ბ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ბ. ხ–ს, პ. გ–სა და მ. ა–ს, ასევე – თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრები.
4. 2025 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ბ–მა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. მსჯავრდებულმა ი. ბ–მა საკასაციო წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება, აგრეთვე – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი არგუმენტებით:
· გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ირიბ ჩვენებებსა და უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელთა მიმართ არსებობდა დაუშვებლობის საფუძველი;
· მტკიცებულებათა შეფასებისა და ფაქტების დადგენის პროცესში სასამართლოებმა გვერდი აუარეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სსსკ-ს და სხვა მოქმედ კანონმდებლობას. გარდა ამისა, სასამართლოებმა არ იხელმძღვანელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით;
· შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში განიხილეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც არსებითად იხილავდნენ სისხლის სამართლის საქმეს. ეს გარემოება მოსამართლეთა აცილების კანონისმიერი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული ი. ბ–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებას ასაჩივრებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ხოლო, ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის საფუძველია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება უნდა აკმაყოფილებდეს ორ აუცილებელ კრიტერიუმს: ერთი მხრივ, იგი უნდა იყოს ობიექტურად უცნობი განაჩენის გამოტანის მომენტში, ანუ – ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის არსებობის შესახებ არც სასამართლოს და არც მხარეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საქმის არსებითად განხილვისას და, მეორე მხრივ, აღნიშნული გარემოება უნდა იყოს ისეთი მნიშვნელობის მქონე, რომ მას შეეძლოს გავლენის მოხდენა საბოლოო გადაწყვეტილების შედეგზე. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა არ შეიძლება იმ საკითხების ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად განიხილება საქმის არსებითი განხილვისას, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში. მათ შორის, დაუშვებელია საქმის გადასინჯვა მტკიცებულებების სარწმუნოობისა და საკმარისობის ხელახალი შემოწმების მიზნით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19).
5. საკასაციო პალატა კასატორის პოზიციის შეფასებისას იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ახალი გარემოების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა საკასაციო საჩივარში მითითებული განაჩენების გადასინჯვას. კასატორის არგუმენტები, რომლებიც შეეხებოდა ირიბ ჩვენებებსა და უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს, პასუხგაცემულია სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო ისეთი ახალი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელზე დაყრდნობითაც გამოტანილ იქნა განაჩენი, არ წარმოდგენილა. საკასაციო საჩივარსა და თანდართულ მასალებში არც ობიექტურად ახალი გარემოება იკვეთება და არც ისეთი ფაქტი, რომელიც არსებითად შეცვლიდა განაჩენის შედეგს.
6. სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ი. ბ–ის პოზიციას, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლეების აცილების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს არსებითად ჰქონდათ განხილული მისი სისხლის სამართლის საქმე.
7. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. აღნიშნული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს, რომ მოსამართლეს ეკრძალება საქმის არსებითად განხილვა იმ შემთხვევაში, თუ მან უკვე განიხილა აღნიშნული საქმე ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე. შესაბამისად, ნორმის შინაარსი არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს საპირისპიროდ, ვინაიდან იგი მკაფიოდ ადგენს მოსამართლის კომპეტენციის შეზღუდვის ფარგლებს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აკმაყოფილებს „ახლად გამოვლენილი გარემოების“ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს. ამდენად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე