Facebook Twitter

საქმე N020142225702259388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №28აგ-25 2 მარტი, 2026 წელი

ჟ–ე გ., №28აგ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენი. გ. ჟ–ე (ა. ც–ე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (დანაშაულის ჩადენის დროს – 2017 წლის 20 იანვარს – მოქმედი რედაქცია)), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2017 წლის 20 იანვარს ქ. ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. ბ–ში, ხ–ს ქ. N.., ბინა N...-ში ა. ც–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სხვა ნივთთან ერთად ამოღებული იქნა იარაღი და 7 ცალი ვაზნა, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ქარხნული წესით დამზადებული „ბერეტას“ მოდელის პისტოლეტი და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 7 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის Parabellum 1908 წლის ნიმუშის ვაზნები, ისინი განკუთვნილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის; შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დასრულებისთანავე ა. ც–ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით, გ. ჟ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჟ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: დამტკიცდა მსჯავრდებულ გ. ჟ–ეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ პ. ბ–ეს და პროკურორ თორნიკე გოგეშვილს შორის, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, დადებული და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დაზუსტებული საპროცესო შეთანხმება – გარიგება ბრალზე.

გ. ჟ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ჟ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. ჟ–ეს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველოს სახაზინო (საბიუჟეტო) დაწესებელებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 1 წლით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, გ. ჟ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. 2025 წლის 22 სექტემბერს, მსჯავრდებულმა გ. ჟ–ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის პოზიციით, 2019 წლის 7 მარტს იგი გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. 2023 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რა დროსაც სასამართლომ უკანონოდ დაუმძიმა ბრალი, რადგან იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გ. ჟ–ის მითითებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და შენახვას იმის მიერ, ვინც წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისათვის), რაც 2018 წლამდე მოქმედი კანონით წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს და ითვალისწინებდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა მისი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.

4. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით, დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

5. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, გ. ჟ–ეს სხვა დანაშაულებთან ერთად, მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

7. გასათვალისიწინებელია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით, გ. ჟ–ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს – 2017 წლის 20 იანვარს – მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას.

8. შესაბამისად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ქმედების დეკრიმინალიზაცია ან დეპენალიზაცია არ მომხდარა და N2453-რს საქართველოს კანონით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლი, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი გადავიდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილში, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მართებულად იქნა დადგენილი, რა დროსაც გათვალისწინებული იქნა გ. ჟ–ის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლობა, როგორც ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება.

9. რაც შეეხება გ. ჟ–ის ნასამართლობას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ადგენს ნასამართლობის გაქარწყლების წესს და რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპალაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით (რითაც უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენი) გ. ჟ–ე (იგივე ა. ც–ე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 7 თვით. მსჯავრდებულ გ. ჟ–ეს (იგივე ა. ც–ე) სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2017 წლის 20 იანვრიდან – 2017 წლის 4 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 7 მარტიდან.

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 28 აპრილის N04/20/შ/პ/ზ-036 გადაწყვეტილების თანახმად, გ. ი–ს ძე ჟ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 4 თვითა და 23 დღით. გ. ჟ–ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა – 2020 წლის 29 აპრილს.

12. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს – 2017 წლის 20 იანვარს – მოქმედი რედაქცია) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, შესაბამისად მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

13. როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, კი, ა–სა და გ–ს პრობაციის ბიუროს 2022 წლის 3 აგვისტოს წერილით დგინდება, გ. ჟ–ეს შინაპატიმრობის ვადა დაუსრულდა 2020 წლის 18 სექტემბერს. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მან ჩაიდინა – 2022 წლის 19 ივლისს. ამდენად, გ. ჟ–ე დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე, რამაც თავისთავად გავლენა მოახდინა, როგორც ქმედების კვალიფიკაციაზე, ასევე სასჯელის დანიშვნის წესზე.

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

ლევან თევზაძე