საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1005აპ-25 თბილისი
ც–ე დ., 1005აპ-25 17 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივლისის განაჩენით დ. ც–ე ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2025 წლის 17 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც–ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით, 11:00 საათზე, თ–ში, …. ქუჩის N…, ბინა N..-ის მიმდებარედ, დ. ც–ემ ფ. გ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად ჰკრა გულმკერდზე, რის გამოც, ფ. გ–ი დაეცა ძირს და კიბეს დაარტყა თავი, შემდეგ კი დ. ც–ემ ფეხი დაარტყა გულმკერდზე, ასევე – ხელები მოჰკიდა ფეხებზე, ასწია ზემოთ, მოიქნია ძლიერად და ისე დააგდო ძირს. დ. ც–ის ზემოაღნიშნული ქმედებებით ფ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის: თავის ტვინის შერყევა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა, ჯვარედინი იოგის გაგლეჯის და ტიბიალური პლატოს ხაზოვანი მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
4. მსჯავრდებული დ. ც–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ– საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და დ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ასევე – № სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვას, რომელშიც არის დ. ც-ის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას განაჩენის უკანონობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ფ. გ–სა და მოწმეების ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ც–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. დაზარალებულმა ფ. გ–მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის 19 დეკემბერს დ. ც–ემ ექვსი თვით იქირავა მისი კუთვნილი, თ–ში, …. ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N... შეთანხმებულები იყვნენ, რომ ბინის დაცლის თაობაზე გააფრთხილებდა ერთი თვით ადრე. 2022 წლის ოქტომბერში დაურეკა დ. ც–ეს და უთხრა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს გადიოდა ერთი წელი და ვალდებული იყო, ერთი თვით ადრე გაეფრთხილებინა. გააფრთხილა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს უკვე უნდა დაეცალა ბინა. დ. ც–ემ უპასუხა, რომ ახალი წლები მოდიოდა, ვერ მოახერხებდა და ბინას დაცლიდა 2023 წლის 19 იანვარს; შემდეგ უთხრა, რომ 2023 წლის 19 იანვარს ვერ დაცლიდა და ბინას 2023 წლის 19 თებერვალს გამოათავისუფლებდა. 2023 წლის 19 იანვარს დ. ც–ემ თანხა აღარ ჩაურიცხა. ხელშეკრულება დასრულებული იყო და ბოლო თვის თანხა ავანსად ჰქონდა აღებული. დ. ც–ემ თანხა 2023 წლის 19 თებერვალს, დილით ჩაურიცხა. დაურეკა და ჰკითხა, რომ, მოლაპარაკების თანახმად, 2023 წლის 19 თებერვალს ბინა უნდა გაეთავისუფლებინა და თანხა რატომ გადაურიცხა, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ბინას ვერ დაცლიდა, რადგან ამ ფასში სხვა ბინა ვერსად იპოვა და, ცხოველების გამოც, ბინაში არავინ უშვებდა. ბრალდებულს აუხსნა, რომ ეს არ იყო მისი პრობლემა, ჰყავდა კლიენტი და უნდოდა უფრო ძვირად გაქირავება. დ. ც–ემ უთხრა, რომ იმაზე მეტს იხდიდა ქირას, ვიდრე რეალური ღირებულება იყო და მიიყვანდა სამხარაულის ბიუროს ექსპერტს, ასევე – გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას, რის შემდეგაც გაუთიშა ტელეფონი. ორ საათში მიაკითხა კორპუსთან, დაურეკა, სთხოვა ჩასვლა და დალაპარაკება, რაზედაც დ–მა დაუწყო კივილი და შეჰპირდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას, რის შემდეგაც გაუთიშა ტელეფონი. დაუკავშირდნენ პოლიციიდან, სადაც მივიდა, მაგრამ გამომძიებელი არ დახვდა ადგილზე და ვერ გამოჰკითხეს. მეოთხე მისვლაზე დაკითხეს, რა დროსაც დააფიქსირა, რომ ითხოვდა კუთვნილი ბინის დაცლას. შემდეგ წერილიც გაგზავნა, რომლითაც 2023 წლის 19 მარტს ითხოვდა ბინის დაცლას. 2023 წლის 19 მარტს, გამთენიისას დ. ც–ემ ჩაურიცხა ერთი თვის თანხა. დილის თორმეტი საათისთვის მივიდა კუთვნილ ბინასთან, დააკაკუნა კარზე და დარეკა ზარი. სახლიდან ისმოდა ადამიანების ხმა. გაიღო კარი. კარში იდგა ორი ადამიანი, მარცხენა მხარეს – დ. ც–ე, ხოლო მარჯვნივ – მისთვის უცნობი მამაკაცი. დ. ც–ეს უთხრა, რომ შევიდოდა ბინაში. დ. ც–ემ ორივე ხელი ჰკრა და უთხრა, „გადი, ქალო“, აქედანო. ძირს დაეცა და კიბის საფეხურზე დაარტყა თავი. მისი კარის წინ არის ზედა სართულზე ასასვლელი კიბე. კარიდან კიბემდე არის ერთი მეტრი და ოცდახუთი სანტიმეტრი. შეეცადა წამოჯდომას, რა დროსაც დ. ც–ემ გულმკერდის არეში დაარტყა ფეხი და კვლავ გადააგდო, რის გამოც, მეორედ დაარტყა თავი. დ. ც–ე დაიხარა, ორივე მუხლის ქვევით მოჰკიდა ხელები და ფეხები, კარიდან რომ მოეშორებინა, მთელი ძალით აიქნია და გადააგდო, დაეცა ოდნავ გვერდით და ისევ დაარტყა თავი, რის გამოც, იგრძნო ძლიერი ტკივილი. ყვიროდა და ითხოვდა შველას. როდესაც დ–მა სცადა ფეხის დარტყმა, ძალიან შეეშინდა, მოახერხა წამოჯდომა და ორივე ხელით ჩაეჭიდა მას ფეხში. ბრალდებულს ეცვა ე.წ. „პიჟამო“ და ხალათი. დ. ც–ეს შარვალი ჩაეხადა და საცვალი უჩანდა. კივილზე გამოვიდნენ მეზობლები. რადგან შოკში იყო, დ–ზე ხელი ვერ გააშვებინეს. როდესაც კივილი დაიწყო, დ. ც–ესთან მყოფი უცნობი ბიჭი შევიდა სახლში. პირველი მივიდა გვერდით მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი. მეზობელმა, ე. გ–მა, გამოუტანა სკამი და დასვეს. დ. ც–ე შევარდა ბინაში და დაიწყო კივილი, რომ იგი იყო უვარგისი ქალი და აგდებდა სახლიდან, რადგან უნდოდა რუსებისთვის ბინის მიქირავება. დ. ც–ემ დარეკა 112-ში. თვითონაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ცოტა ხანში კარი გაიღო და გამოვიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც, ძაღლთან ერთად, ჩავიდა კიბეზე. მისმა მეზობელმა ქალბატონმა დაინახა, თუ რა მიმართულებით წავიდა უცნობი მამაკაცი. ი. ბ–მა ჰკითხა, ნამდვილად …. ეროვნების ადამიანებზე აპირებდა თუ არა ბინის გაქირავებას, რაზედაც განუცხადა უარი. ი. ბ–ს კიბეებზე არ ჩაჰყოლია, რადგან ფეხს საერთოდ ვერ ადგამდა. საუბრის დროს იჯდა სკამზე. მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ორმა ადამიანმა მოჰკიდა ხელი და ჩაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანაში. წაიყვანეს ….საავადმყოფოში. დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, ფეხის იოგი ჰქონდა გაწყვეტილი. უთხრეს, რომ ერთი კვირის შემდეგ უნდა გაეკეთებინა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; დაუნიშნეს მკურნალობა. ფინანსების გამო ვერ დარჩა საავადმყოფოში. იმ ღამეს ცუდად გახდა. 2023 წლის 13 აპრილს გაიკეთა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და დაუდგინდა ორი იოგის გაწყვეტა. იმავე წლის 28 აპრილიდან დაიწყო სარეაბილიტაციო კურსი. 2023 წლის 15 ივნისს მივიდა ექიმთან და დაუნიშნეს ოპერაცია. 3 ივლისს გაიკეთა ჯვარედინი იოგის ოპერაცია, რის შემდეგაც, ორი თვე კვლავ გადიოდა რეაბილიტაციას. მომხდარი შემთხვევის გამო, უწევს ყავარჯნით გადაადგილება. დ. ც–ეს სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება არ შეუთავაზებია.
8. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება და ადასტურებს მოწმე ზ. ხ–ს ჩვენება, რომლის თანახმად, მეუღლესა და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თ–ში, …. ქუჩის N…, ბინა N..-ში. 2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით, 11:30 საათზე, გააღვიძა ხმაურმა. აივნიდან გადაიხედა ეზოში და გარეთ არაფერი ხდებოდა. შემდეგ მივიდა კართან, გაიხედა სათვალთვალოში და მისგან მარცხნივ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა ქალბატონი სახლში შესვლას. შებრუნდა სახლში, დაამშვიდა ბავშვი და მეუღლეს უთხრა, რაც ხდებოდა. დაბრუნდა კართან და ისევ გაიხედა სათვალთვალოში, რა დროსაც დაინახა, რომ დ. ც–ემ ხელი ჰკრა ქალბატონს, რომელიც დაეცა ზურგზე კიბესთან და ფეხები დარჩა კარში. დ. ც–ემ კარის დაკეტვისას ქალბატონს ფეხებში აგრესიულად მოჰკიდა ხელი და გადაწია ქვევით ჩამავალი კიბისკენ. ამის შემდეგ, ბრალდებული შევიდა სახლში და ჩაკეტა კარი. ჩაიცვა შარვალი და გავიდა გარეთ. ამ დროს სხვა მეზობლებიც იყვნენ, მათ შორის, იქვე მცხოვრები მ–ა და ე–ა. დაზარალებული სკამზე დასვეს, რადგან ფეხს ვერ ამოძრავებდა. არ ახსოვს, დ. ც–ეს შარვალი ჩახდილი ჰქონდა თუ არა; ჩახდილი რომ ჰქონოდა, დაამახსოვრდებოდა, არაბუნებრივი მდგომარეობის გამო.
9. თ–ს …. საავადმყოფოდან ამოღებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N….ბარათით დგინდება, რომ ფ. გ–ის ჰოსპიტალიზაციის თარიღია 2023 წლის 19 მარტი, 12:58 საათი. დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, მუხლის სხვა და დაუზუსტებელი ნაწილების ღრძობა, დაჭიმვა და გადაძაბვა, გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმა.
10. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის თანახმად, 2023 წლის 19 მარტს, 11:24 საათზე, ფ. გ–ისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი. პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას, ტკივილს მარცხენა, ქვედა კიდურში, მუხლის არეში. პაციენტის გადმოცემით, დაახლოებით, 30 წუთის წინ ფიზიკურად შეეხო მდგმური, დააგორა კიბეზე, მიიღო თავის და ქვედა კიდურის ტრავმები.
11. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N….. დასკვნის მიხედვით:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის N…. სამედიცინო ბარათის ჩანაწერების თანახმად, ფ. გ–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2023 წლის 19 მარტს, 12:58 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ფ. გ–ს ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, ხოლო ტრავმატოლოგის კონსულტაციით, მიეცა რეკომენდაცია მარცხენა მუხლის სახსრის მრტ კვლევაზე;
შპს „……. ჰოსპიტალის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (გაცემის თარიღი – 2023 წლის 30 მარტი) ჩანაწერების თანახმად, ფ. გ–ს 2023 წლის 30 მარტს, 12:55 საათზე, მიუმართავს აღნიშნული კლინიკისთვის, რომელშიც ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: მუხლის იოგის(ების) სხვა სპონტანური გახლეჩვა და მიეცა რეკომენდაცია მარცხენა მუხლის სახსრის მრტ კვლევაზე;
შპს „…… ჰოსპიტალში“ 2023 წლის 19 აპრილს ჩატარებული ფ. გ–ის მუხლის და წვივის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის დასკვნის მონაცემებით, ფ. გ–ს დაუდგინდა: მარცხენა მუხლის სახსრის წინა, ჯვარედინი იოგის გაგლეჯის მრტ სურათი; მარცხენა დიდი წვივის პლატოს მოტეხილობის მრტ სურათი;
წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მრტ გამოკვლევის ამსახველი დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია „ე….ს“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ნ. ს–მა. დასკვნის თანახმად; „არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხნივ წინა ჯვარედინი იოგის მაღალი ხარისხის ტრავმული დაზიანების (გაგლეჯის) მრ სურათი. ტიბიალური პლატოს ხაზოვანი სტრეს-მოტეხილობის მრ ნიშნები.“ დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს (19.03.2023);
დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2023 წლის 19 მარტის თარიღს;
დაზიანება მარცხენა მუხლის სახსრის წინა, ჯვარედინი იოგის გაგლეჯის და ტიბიალური პლატოს ხაზოვანი მოტეხილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-
ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2023 წლის 19 მარტის თარიღს.
12. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე – საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებსა და ექსპერტიზების დასკვნებთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს დ. ც–ის მიერ ფ. გ–ისათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს. სასამართლოს დაზარალებულისა და მოწმის (ზ. ხ–ს) ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია. მათ ჩვენებებში არ გამოვლენილა იმგვარი სახის არსებითი წინააღმდეგობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე. ამასთან, მათ სრულად შეესაბამება და თანხვდება სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული გარემოებები და დაცვის მხარესაც არ წარმოუდგენია წონადი არგუმენტი რომელიმე მათგანის გაუზიარებლობის დასასაბუთებლად. შესაბამისად, მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მოთხოვნას დ. ც–ის გამართლებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ბრალეულობა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, დ. ც–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედების იურიდიულად სწორად დაკვალიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლომ დ. ც–ე დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას საქმის გამოთხოვასთან დაკავშირებით, საქმის არსებითი განხილვის დროს მსჯავრდებულმა დააყენა ანალოგიური შუამდგომლობა, რაზეც მოსამართლემ, არგუმენტირებულად ადგილზე თათბირით უთხრა დასაბუთებული უარი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო უარი არ ითვალისწინებს საკასაციო წარმოების ფარგლებში ახალი მტკიცებულების/ინფორმაციის წარდგენისა თუ გამოკვლევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დაცვის მხარის მოთხოვნა და გამოითხოვოს საკასაციო საჩივარში მითითებული სისხლის სამართლის საქმე.
16. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მსჯავრდებულის დამცველის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე