Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1006აპ-25 18 მარტი, 2026 წელი

ლ–ი ს., №1006აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ლ–ის ადვოკატის – ფ. ს–ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ლ–ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. ს. ლ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის ნოემბერში, ზ. კ–ს, რომელსაც სურდა სამართალდამცავი უწყების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის დაბრუნება და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა, ნაცნობმა – ლ. მ–მა – აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ დააკავშირებდა ნაცნობებს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებდა სამართალდამცავ უწყებასთან არსებული პრობლემის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას, რაც გულისხმობდა სასჯელად მხოლოდ ჯარიმის გამოყენებას და კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის დაბრუნებას. სანაცვლოდ, უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი (10 572 ლარი). ზ. კ– დასთანხმდა შეთავაზებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლ. მ–მა ზ. კ– დააკავშირა ს. ლ–ს, რომელიც, თითქოსდა იყო პირი, ვინც ზემოაღნიშნული თანხის სანაცვლოდ, შეძლებდა მისი პრობლემის მოგვარებას. თავის მხრივ, ს. ლ–ი პირადი შეხვედრებისას არწმუნებდა ზ. კ–ს, რომ მისი დახმარებით პროკურატურაში საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და, როდესაც მზად იქნებოდა 4000 აშშ დოლარის (10 572 ლარის) გადასახდელად, საქმეც ვითომდა დაიხურებოდა პროკურორის მიერ. მეტი დამაჯერებლობისათვის, ს. ლ–მა ზ. კ– დაარიგა, რა შინაარსის ჩვენება უნდა მიეცა საგამოძიებო ორგანოსათვის მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმების პირობის მისაღებად. ასევე, თაღლითური განზრახვის გამარტივების მიზნით, ზ. კ–სთან არაერთი სატელეფონო საუბრისა თუ პირადი შეხვედრისას ახსენა იმ პროკურორის ვინაობა, რომელიც რეალურად ახორციელებდა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ზ. კ–სთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რითაც დააჯერა, რომ ნამდვილად უშუალო კონტაქტში იყო პროკურორთან, მისი საკითხის მოგვარების პროცესში. ს. ლ–ი არწმუნებდა ზ. კ–ს, რომ საქმის პროკურორი ინფორმირებული იყო მისი საკითხის ირგვლივ და პირადად შეხვდებოდა. აღნიშნული მიზნით, 2024 წლის 27 მარტს, ზ. კ– გაუშვა საქართველოს გენერალურ პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა მოსაცდელ დარბაზში მრავალსაათიანი ლოდინის მიუხედავად, ზ. კ–ს და საქმის პროკურორის უშუალო კონტაქტი არ შემდგარა. აღნიშნული დროის განმავლობაში ს. ლ–ი სისტემატურად უკავშირდებოდა მას ტელეფონით და კვლავ არწმუნებდა, რომ პროკურორი იმყოფებოდა პროცესზე და დროის მცირე ინტერვალში შეხვდებოდა მას, დღის ბოლოს კი განუმარტა, რომ შეხვედრა რამდენიმე დღით გადაიდო და პროკურორი თავად დაუკავშირდებოდა მას, თუმცა პროკურორი არ დაკავშირებია ზ. კ–ს. 2024 წლის 2 აპრილს, მორიგი შეხვედრისას, ს. ლ–მა განუმარტა ზ. კ–ს, რომ საკითხი საბოლოოდ გვარდებოდა, შესაბამისად, საქმის დაწყებისათვის, დღის განმავლობაში, მისთვის პირველ ეტაპზე უნდა გადაეცა შეთანხმებული თანხის ნაწილი – 1000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით, როდესაც საქმეს დაასრულებდა – დარჩენილი თანხა, 3000 აშშ დოლარი, რასაც ზ. კ– დასთანხმდა. შეთანხმებისამებრ, 2024 წლის 2 აპრილს, ზ. კ–მ ს. ლ–ს პირადად გადასცა თანხა 1000 აშშ დოლარი (2640 ლარი) ისე, რომ მის სასარგებლოდ არანაირი იურიდიული საკითხი სამართალდამცავ უწყებებთან არ გადაწყვეტილა. ს. ლ–ის თაღლითური ქმედებით ზ. კ–ს შესაძლოა, მისდგომოდა 4000 აშშ დოლარის (10 572 ლარი), დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ს. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 3 თვით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ს. ლ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ს. ლ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 2 აპრილიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ს. ლ–ის ადვოკატებმა – გ. ძ–მა და ფ. ს–მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ს. ლ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ ს. ლ–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს მას და სადაოდ არ ხდის პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებს. აპელანტებმა აღნიშნულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე მითითებით მოითხოვეს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად – ჯარიმის გამოყენება.

2.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, პროკურორმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ს. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ს. ლ–ის ადვოკატის – ფ. ს–ის – განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარების, მონანიების და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (ოჯახის წევრები ფინანსურად მასზე არიან დამოკიდებულნი), ს. ლ–ს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ლ–ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ს. ლ–მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება. კერძოდ, ს. ლ–მა იცოდა, რომ ზ. კ–ს ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა და სურდა მისი დადებითად გადაწყვეტა. მან ისარგებლა აღნიშნული გარემოებით და 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაჰპირდა ზ. კ–ს საკითხის მოგვარებას საკუთარი კავშირებისა და სანაცნობოს მეშვეობით. რეალურად, იგი კარგად აცნობიერებდა, რომ არ გააჩნდა არც სამართლებრივი და არც სხვა ტიპის კანონიერი ბერკეტი ზ. კ–ს მოთხოვნის შესასრულებლად, თუმცა მაინც არწმუნებდა მას, რომ საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. 2024 წლის 2 აპრილს, ზ. კ–მ ს. ლ–ს პირადად გადასცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3000 დოლარი უნდა გადაეცა საქმის დასრულების შემდეგ. სინამდვილეში, ზ. კ–ს სასარგებლოდ სამართალდამცავ უწყებებთან რაიმე იურიდიული საკითხი არ გადაწყვეტილა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, უტყუარად დასტურდება, რომ ს. ლ–ის თაღლითური ქმედებით ზ. კ–ს, შესაძლოა, მისდგომოდა დიდი ოდენობით – 4000 აშშ დოლარის – მატერიალური ზიანი. შესაბამისად, ს. ლ–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერი და დასაბუთებულია.

4.4. ჩადენილი დანაშაულისთვის ს. ლ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ექვსიდან ცხრა წლამდე.

4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ს. ლ–ისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და საზოგადოებრივი საფრთხე, ასევე – დანაშაულის მოტივი და მიზანი. კერძოდ, მსჯავრდებული ფინანსური სარგებლის მიზნითა და ანგარების მოტივით, განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდების შედეგად, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილი თანხის ნაწილს და განზრახვის სისრულეში მოყვანის შედეგად, შესაძლოა, მისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიეყენებინა. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, მიუხედავად მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, პროპორციულია მისი ქმედების და პიროვნების, რადგან მსჯავრდებულმა განზრახ მძიმე დანაშაული ჩადინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც მიუთითებს მისი მიერ კანონის აშკარა უგულებელყოფაზე. ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ წარსულში გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება (სასჯელის მოხდის არასაპატიმრო წესი), რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას დაამტკიცოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალვა, უშედეგო აღმოჩნდა. ამგვარ მოცემულობაში კასატორის მიერ მოთხოვნილი სასჯელი – ჯარიმა – ვერ უზრუნველყოფს დამნაშავის რეალურ გამოსწორებას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

4.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ლ–ისთვის თავისუფლების აღკვეთა არის ერთადერთი ეფექტიანი სასჯელი, რომელიც იქნება, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი, დანაშაულის გაცნობიერებისთვის ხელშემწყობი სასჯელი და, მეორე მხრივ, შემაკავებელი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იმავე კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების გათვალისწინებით.

4.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. ლ–ის ადვოკატის – ფ. ს–ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე