Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1007აპ-25 თბილისი

ბ–ი გ., 1007აპ-25 11 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 23 აგვისტოს, შუადღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ძ–ს. აღნიშნული მუქარა ა. ძ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 23 სექტემბერს, შუადღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ბ–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ძ–ს. აღნიშნული მუქარა ა. ძ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 23 სექტემბერს, შუადღის საათებში, თ-ის რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. ბ–მა არასრულწლოვანი შვილის – ს. ძ–ის – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ძ–ს, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი. აღნიშნულის შედეგად, ა. ძ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. ბ–ი ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მაია გუგეშაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, გ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. გამართლებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ზ–ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20 №746აპ-19, №674აპ-20, N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდებოდა გ. ბ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულმა ა. ძ–მა (ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით.

10. ოჯახში ძალადობა, ისევე, როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, შედეგიანი დელიქტია და მათი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, ხოლო მუქარის შემთხვევაში – დაზარალებულმა უნდა განიცადოს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებული ა. ძ–ი განიცდიდა ფიზიკური ტკივილს. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მისი ჩვენების გარეშე რთულია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. იგივე უნდა ითქვას მუქარის შედეგად გამოწვეულ შიშზე, რომელიც უტყუარად დადასტურდებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით. ამასთან, მუქარის ეპიზოდებში ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს არანაირ ფაქტობრივ კონკრეტიზაციას, თუ რაში გამოიხატა სიცოცხლის მოსპობის მუქარა – სიტყვიერად დაემუქრა თუ ჟესტებით ან რაიმე საგნის დემონსტრირებით. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარეს უნდა მოეხდინა იმ ქმედებების უტყუარად დადასტურება, რაც აღწერილია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ იკვეთება გ. ბ–ის მხრიდან მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტები, კერძოდ: შეტყობინება არ შეიცავს არანაირ კონკრეტიზაციას მომხდართან დაკავშირებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გარდა იმისა, რომ ექსპერიმენტი დაზარალებულის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა, არ აღწერს მუქარისა და ფიზიკური ძალადობის კონკრეტულ გარემოებებს. მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშია მითითებული, რომ სახლში არსებული თმის შესაჭრელი აპარატით გ. ბ–ი ა. ძ–ს ემუქრებოდა თმის შეჭრით, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. გარდა ამისა, არცერთი აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ რომელიმე დანაშაული განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რასაც, ასევე, მოიცავს გ. ბ–ის ბრალდება ფიზიკური ძალადობის ნაწილში. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით, ინფორმატიული არ არის არც 2023 წლის 23 სექტემბრის სამედიცინო ბარათი №..., რომელშიც მითითებულია, რომ, პაციენტ ა. ძ–ის გადმოცემით, „ქმარმა მიაყენა შეურაცხყოფა; აგზნებულია, კანკალებს“, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი ამგვარი მდგომარეობა, არცერთ მტკიცებულებაში არ არის აღწერილი.

12. რაც შეეხება მოწმეების – მ. ბ–სა და თ. გ–ს – გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნული მოწმეები არ არიან მუქარისა და ძალადობის ფაქტების თვითმხილველნი. მათ გადმოსცეს დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება გ. ბ–ის წინააღმდეგ, სასამართლო ვერ იმსჯელებს ირიბ მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა, წერილობით მტკიცებულებებში გადმოცემული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების გადამოწმება პირველწყაროსთან – დაზარალებულთან. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ისეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. „... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

13. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გ. ბ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

14. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები (რომლებიც, ფაქტობრივად, არაინფორმატიულია ფიზიკური ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელების ნაწილში), დაზარალებულის ჩვენების გარეშე (რომელიც სასამართლოსთვის დასაყრდენია), ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს იმის დასადგენად, რომ გ. ბ–მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებები.

15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მაია გუგეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ ვლინდება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

17. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის – მაია გუგეშაშვილის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი