გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/773 7 თებერვალი, 2001, წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი სარჩელში - პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შეგებებულ სარჩელში - ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. გ-იას საკუთრებას პრივატიზაციის საფუძველზე წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ... მდებარე 26 კვ.მ. ფართის ბინა. მის ბინაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცხოვრება დაიწყო მეზობელმა რ. ლ-ძის ოჯახმა. ქ. გ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა საკუთარი ბინიდან რ. ლ-ძის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება. რ., ნი. და მ. ლ-ძეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს ქ. გ-იას მიმართ და მოითხოვეს ბინის ფართზე უფლებადაკარგულად და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ა-ძის საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ქ. გ-იას სარჩელი. რ., ნი., მ. და ნა. ლ-ძეები, მათთან მცხოვრებ ყველა პირთან ერთად, გამოსახლებულ იქნენ ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან და ეს ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მის მესაკუთრე ქ. გ-იას. უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა რ., ნი. და მ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინა 1992 წლის 15 მაისს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ქ. გ-იას, ხოლო რ. ლ-ძეს ამ ბინაში შესახლების რაიმე იურიდიული დოკუმენტი არ გააჩნია. ქ. გ-იამ ბინის პრივატიზაცია გააფორმა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01.02 ¹ 107 დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ქ. გ-იას სახელზე. ქ. გ-იას სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად აქვს უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების შესაბამისად ქ. გ-იას სარჩელი შეტანილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში. აღნიშნული გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ნი., ნა. და მ. ლ-ძეები საკასაციო საჩივარში ითხოვენ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა; მტკიცებულებები ობიექტური განხილვის გარეშე შეაფასა; არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 პუნქტი და არ გამოიყენა 1997 წლის ნოემბრამდე მოქმედი კანონმდებლობა; არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 312-ე, 172-ე მუხლები; არ გამოიყენა, ასევე, საბინაო კოდექსის მე-13, 63-ე და 69-ე მუხლები; არასწორად განმარტა საქართველოს მინისტრთა კაბინების 107-ე დადგენილების მე-2 პუნქტი, რადგან ქ. გ-ია, სადავო ბინაში ჩაწერის მიუხედავად, იქ არ ცხოვრობდა; მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ ქ. გ-იას 1992 წლის 15 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით სადავო ბინა საკუთრებაში გადაეცა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1999 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მეორე პუნქტის საფუძველზე. სასამართლო ხელწერის ექსპერტიზის 2000 წლის 5 ივლისის დასკვნის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო რომ ქ. გ-იას სახელით გაკეთებული პირადობის დამადასტურებული ჩანაწერები 1999 წლის 30 აპრილის რწმუნებულებაზე და 1992 წლის 15 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე, ერთი და იგივე პირის მიერ არის შესრულებული, ხოლო იმავე ექსპერტიზის დასკვნის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული შეფასებები არ ადასტურებენ იმას, რომ ხელმოწერები ქ. გ-იას მიერ არ არის შესრულებული. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ქ. გ-ია სადავო ბინაში წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა და მარტო ჩაწერის საფუძველზე მისი პრივატიზაცია უკანონო იყო, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. გ-ია სადავო ბინაში თავის დროზე ჩასახლებული იყო იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის ნორმების დაცვით, მოპოვებული ჰქონდა ფართზე სარგებლობის უფლება, ეს უფლება არ დაუკარგავს. მის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს არ წამოუყენებიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად არ გამოიყენა საბინაო კოდექსი, ასევე, სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის) რედაქციით, რადგან ქ. გ-იამ, როგორც ბინის მესაკუთრემ მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება მოითხოვა 1999 წელს, ამიტომ მისი საკუთრების უფლება დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით.
სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ვინაიდან კასატორების მიერ სადავო ბინის მფლობელობას, ერთი მხრივ, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მეორე მხრივ, მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დააყენოს ვინდიკაციური სარჩელი და მოითხოვოს საკუთარ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნი., მ. და ნა. ლ-ძეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.