¹ 3კ/775-01 12 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ქ. გაბელაია (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
კასატორის მოთხოვნა: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობა; სადავო ბინის მოსარგებლედ ცნობა, მოპასუხისგან 88 დასახელების ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ხ-შვილი ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა. ბინაში ცხოვრობდა ნ. ტ-შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2000 წლის მარტში. ნ. ტ-შვილს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. მას დარჩა მეორე რიგის მემკვიდრე ძმა ო. ტ-შვილი. ე. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. ტ-შვილის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის კუთვნილი მოძრავი ნივთების უპატრონოდ ცნობა, რადგან მამკვიდრებელი 7 თვის წინ გარდაიცვალა და მისი ნივთები არავის მოუკითხავს.
ო. ტ-შვილმა, მისმა მეუღლემ და შვილმა ე. და ნა. ტ-შვილებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ე. ხ-შვილის მიმართ და მოითხოვეს ნ. ტ-შვილის მესაკუთრედ ცნობა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 15,17 კვ.მ. ლიტ “ვ” ნაგებობის ერთოთახიან ბინაზე, შემინული აივნით და სარდაფით; ო. ტ-შვილის მემკვიდრედ ცნობა ამ ბინაზე; ე. და ნა. ტ-შვილების მოსარგებლედ ცნობა და მათი შესახლება ამ ბინაში სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 575-ე მუხლების საფუძველზე. მათ ასევე მოითხოვეს მოპასუხისგან აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის და მათი კუთვნილი 34 941 ლარის ღირებულების 88 დასახელების ნივთის დაბრუნება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ე. ხ-შვილის სარჩელი ნ. ტ-შვილის კუთვნილი მოძრავი ნივთების უპატრონოდ ცნობის და ხაზინასათვის გადაცემის თაობაზე;
ო., ნა. და ე. ტ-შვილების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ო. ტ-შვილს გადაეცა ნ. ტ-შვილის კუთვნილი მოძრავი ნივთები ე. ხ-შვილის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით.
ე. და ნა. ტ-შვილებს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის მოსარგებლედ ცნობაზე; ო. ტ-შვილს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹4-2 ოთახის მესაკუთრედ ნ. ტ-შვილის ცნობაზე და ნ. ტ-შვილის მემკვიდრედ იმავე ბინაზე ცნობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა ო., ნა. და ე. ტ-შვილების მოთხოვნა ე. ხ-შვილის მიმართ 34941 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნების თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილი იყო ო. ტ-შვილის და. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ო. ტ-შვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნ. ტ-შვილმა სადავო ბინა შეიძინა 1967 წლის ნოემბერში ზ. ჟ-სკაიასაგან, რადგან საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცება იმის თაობაზე, რომ ზ. ჟ-სკაია იყო სადავო ბინის მესაკუთრე. ამიტომ სასამართლომ ვერ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, რადგან იგი ეხება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებულ ურთიერთობებს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილია, რომ სამართლის სუბიექტად და უფლებაუნარიანად მიიჩნევა მხოლოდ ცოცხალი ადამიანი. ამიტომაც აწ გადაცვლილი ნ. ტ-შვილს არ შეიძლება მიენიჭოს სადავო ბინის მესაკუთრის უფლება. აღნიშნულის გამო ო. ტ-შვილი არ შეიძლება ცნობილ იქნეს სადავო ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილი სადავო ბინაში მარტო ცხოვრობდა და ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 575-ე მუხლების თანახმად არ დააკმაყოფილა ე. და ნა. ტ-შვილების მოთხოვნა სადავო ბინის მოსარგებლედ ცნობის თაობაზე.
ო., ე. და ნა. ტ-შვილებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ო., ე. და ნა. ტ-შვილების სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ შეიცვალა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ო. ტ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. ო. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ზ. ჟ-სკაიას მიერ ნ. ტ-შვილისათვის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობილი უფლების მემკვიდრედ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ “ვ” ნაგებობის ¹ 4-2 ოთახზე, მიმდებარე შუშაბანდსა, ე.წ. გალერეასა და სარდაფზე. ო. ტ-შვილს სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ: აწ გარდაცვლილ ნ. ტ-შვილს სადავო საცხოვრებელი სადგომი სარგებლობის უფლებით დათმობილი ჰქონდა, იგი ჩაწერილი იყო ამ მისამართზე და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ბინის მესაკუთრე ს. ს-იანსა და ნ. ტ-შვილს შორის 1968 წლის 25 თებერვალს დადებული იყო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და მათ შორის არსებობდა ქირავნობის ურთიერთობა, რადგან ბინის ქირის გადახდის თაობაზე მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ასევე გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლი, რომლითაც მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან, სამკვიდროს დამტოვებელთან. ამ მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო. ტ-შვილი ცნობილ უნდა იქნეს სარგებლობის უფლების მემკვიდრედ, რადგან მამკვიდრებელი ნ. ტ-შვილი ფლობდა სადავო სადგომს საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის უფლებით, ხოლო ნა. და ე. ტ-შვილები არ ცნო სადავო სადგომის მოსარგებლედ იმის გამო, რომ ისინი არ არიან აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის მემკვიდრეები. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნა მოპასუხეებისაგან 88 დასახელების 34.941 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მათ ვერ დაადასტურეს ასეთი ნივთების არსებობა მოპასუხესთან.
ო., ე. და ნა. ტ-შვილებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ბინაზე ო. ტ-შვილის მესაკუთრედ ცნობა; ე. და ნა. ტ-შვილების სადავო ბინაზე მოსარგებლედ ცნობა; მოპასუხისაგან 88 დასახელების ნივთის გამოთხოვა ან მისთვის 34 941 ლარის ღირებულების დაკისრება; კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 673 ლარიდან 169 ლარის დაბრუნება და მოპასუხისათვის 873 ლარის დაკისრება სახელმწიფო ბაჟის სახით. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილი სადავო ბინის მესაკუთრედ უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 47-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. მამკვიდრებელი სადავო ბინაში მოსარგებლის უფლებით არ ცხოვრობდა. კასატორი ო. ტ-შვილი არის გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე სამოქალაქო კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ნა. და ე. ტ-შვილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის ბინაში და ერთიანი საოჯახო მეურნეობა ჰქონდათ. მისი გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელეს ამ ბინაში ცხოვრება, მაგრამ 2000 წლის 5 ივლისს, როცა ბინიდან ქალაქში გავიდნენ, ბინა დალუქული დახვდათ მოპასუხის მიერ. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს სადავო ბინაში მათი ცხოვრება და მოპასუხის მიერ ბინის დალუქვა. დედა-შვილი აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის 575-ე მუხლით კი უფლება აქვთ დაიცვან თავიანთი მფლობელობა ყოველგვარი დარღვევისაგან, მათ შორის მოპასუხე ხ-შვილისაგან. სადავო ბინაში მოთავსებული იყო 88 დასახელების 34 941 ლარის ღირებულების ნივთი, მაგრამ მოპასუხე არ უბრუნებს ამ ნივთებს. კასატორები მიუთითებენ, რომ გარდაცვლილ, მარტოხელა ნ. ტ-შვილს ყოვლად დაუშვებელია, არ ქონოდა ფული, ოქროს სამკაულები, ვერცხლის კოვზები, დანა-ჩანგალი, და სხვა ძვირფასი ნივთები. სასამართლომ არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი ო. ტ-შვილს, რადგან იგი ინვალიდია.
ე. ხ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ო. ტ-შვილი ცნობილ იქნა სადავო ბინის მოსარგებლედ. ე. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივებია შემდეგი: აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილი მარტოხელა იყო, მასთან არავინ ცხოვრობდა. იგი მოსარგებლის სტატუსით ცხოვრობდა სადავო ბინაში. ო. ტ-შვილი თავისი ოთხ სულიანი ოჯახით ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე, იზოლირებულ, 48 კვ.მ. ფართის, სამოთახიან საკუთარ ბინაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ო., ე. და ნა. ტ-შვილების საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ე. ხ-შვილი. ამ სახლის ლიტ “ვ” ნაგებობის 15,17 კვ.მ. ფართის ერთ ოთახში, შემინული აივნით და სარდაფით, წლების განმავლობაში ცხოვრობდა ნ. ტ-შვილი. იგი ჩაწერილი იყო ამ მისამართზე და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ჟ-სკაიამ ეს ბინა გადასცა ნ. ტ-შვილს 4000 მანეთად. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტთა მოთხოვნა სადავო ბინის მესაკუთრედ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილს ცნობის შესახებ, რადგან ზ. ჟ-სკაია არ იყო ამ ბინის მესაკუთრე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ტ-შვილს სადავო ფართზე ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის უფლება. პალატამ ასევე სწორად არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ბინის მესაკუთრე ს. ს-იანსა და ნ. ტ-შვილს შორის 1968 წლის 25 თებერვალს დადებული იყო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და მათ შორის არსებობდა ქირავნობის ურთიერთობა, რადგან ბინის ქირის გადახდის თაობაზე მათ შორის არ იყო შეთანხმება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ო. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ნ. ტ-შვილი ცნობილ უნდა იქნეს სადავო ბინის მესაკუთრედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ურთიერთშორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი უძრავი ქონების შეძენის ახალ წესს ითვალისწინებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამიტომ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილი სადავო ბინის მესაკუთრედ არ შეიძლება ცნობილ იქნეს. შესაბამისად უარი უნდა ეთქვას ო. ტ-შვილს სადავო ბინის აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის მემკვიდრედ ცნობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო ო. ტ-შვილი აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის მიერ სადავო ბინით სარგებლობის უფლების მემკვიდრედ. პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავება შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყო. ასევე არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლიც, რომლითაც მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის ისეთივე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან, სამკვიდროს დამტოვებელთან. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლის შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. საცხოვრებელი ფართობის დათმობის გარიგებიდან წარმოშობილი მფლობელობის უფლება არ გადადის მემკვიდრეობით, რადგან ამას არ ითვალისწინებს აღნიშნული კანონი.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ე. და ნ. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ისინი ცნობილ იქნენ სადავო ბინის მოსარგებლეებად, რადგან ისინი იყვნენ აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის ოჯახის წევრები სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 573-ე მუხლების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლის თანახმად, თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 575-ე მუხლის საფუძველზე დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისაგანაც. ეს მუხლები არეგულირებენ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ნ. ტ-შვილს სადავო ბინის მესაკუთრესთან ქირავნობის ხელშეკრულება არ ჰქონია გაფორმებული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ო., ე. და ნა. ტ-შვილებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული 88 დასახელების ნივთის, სულ 34941 ლარის ღირებულების, ე. ხ-შვილთან არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებიათ, რადგან საკასაციო საჩივარში მიუთითეს, რომ გარდაცვლილ მარტოხელა ნ. ტ-შვილს ყოვლად დაუშვებელია, არ ჰქონოდა ფული, ოქროს სამკაულები, ვერცხლეული და სხვა ძვირფასი ნივთები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ტ-შვილი არის II ჯგუფის ინვალიდი, ,,ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები ყველა სარჩელზე. ამიტომ ო. ტ-შვილი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ე. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ო., ე. და ნა. ტ-შვილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ “ვ” ნაგებობის ¹ 4-2 ოთახზე, მიმდებარე შუშაბანდსა და სარდაფზე აწ გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის სარგებლობის უფლების მემკვიდრედ ო. ტ-შვილის ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ო. ტ-შვილის სარჩელი მოპასუხე ე. ხ-შვილის მიმართ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ “ვ” ნაგებობის ¹4-2 ოთახზე, მიმდებარე შუშაბანდსა და სარდაფზე გარდაცვლილი ნ. ტ-შვილის მესაკუთრედ და მის მემკვიდრედ ო. ტ-შვილის ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ო. და ე. ტ-შვილები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.