Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1026აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

ი–ი ქ., №1026აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ქ. ი–ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ქ. ი–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2025 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით, 13:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში მდებარე ქ. ი–ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სოციალური დახმარების თანხის გამო, წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ქ. ი–მა რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში და ძლიერად მოქაჩა თმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – გ. ნ–ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით, ქ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ქ. ი–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქ. ი–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. ი–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ი–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემული საქმის დაზარალებულმა გ. ნ–ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ქ. ი–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.

4.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად განიხილავს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც დასათაურებულია როგორც „საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმი“. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ სათაურის არსებობა ვერ უზრუნველყოფს იმის დადასტურებას, რომ ექსპერიმენტი მართლაც ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარდა. იმის დასადგენად, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩვენების ადგილზე შემოწმების თუ ვითარების აღდგენისთვის, გადამწყვეტია არა ოქმის სათაური, არამედ – მისი შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედების რეალურ არსს.

4.5. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად შედგენილი ოქმი მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელ ინფორმაციას არ შეიცავს და, ამასთან, დაზარალებულს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში არც რაიმე ხერხის დემონსტრირებით აღუდგენია ვითარება. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერიმენტი თავისი არსით წარმოადგენს ჩვენების ადგილზე შემოწმებას და ვერ გაიგივდება ვითარების აღდგენასთან, რომელიც პირდაპირ მტკიცებულებას უტოლდება.

4.6. ამასთან, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია აღნიშნული დოკუმენტის მიჩნევა იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.

4.7. საკასაციო პალატა ვერც ვიზუალური დათვალიერების ოქმს მიიჩნევს ქ. ი–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად, რადგან, როგორც აღნიშნული ოქმის, ისე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშულ ოქმში დაფიქსირებული დაზარალებულის განმარტება კი, მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, არ გაითვალისწინება. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებს, რამდენადაც აღნიშნული პირები ფაქტის უშუალო თვითმხილველები არ ყოფილან, ირიბია და მათი გამოყენებაც, ვინაიდან პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს შეიცავს, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი ქ. ი–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა საკმარისობის შესახებ. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე