Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1027აპ-25 თბილისი

კ–ი კ., 1027აპ-25 25 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. კ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ; სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 5 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ კ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლითა და 8 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

· 2025 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. გ–ში, ლ–ს ქუჩის N..-ში მდებარე „........ ცენტრის“ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. კ–მა დედას – ნ. ო–უს – მოსთხოვა თანხა – 1500 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი – მოჰკიდა ორივე ხელი ყურებში და თავი მიარტყმევინა კედელზე. ძალადობის შედეგად ნ. ო–უმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. გ–ში, ლ–ს ქუჩის N..-ში მდებარე „...... ცენტრის“ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. კ–მა დედას – ნ. ო–უს – მოსთხოვა თანხა – 1500 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი – მოჰკიდა ორივე ხელი ყურებში და თავი მიარტყმევინა კედელზე. ძალადობის შედეგად, ნ. ო–უმ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტის მიმდინარეობისას კ. კ–მა დედას – ნ. ო–უს – განუცხადა, რომ მოკლავდა, კერძოდ, გამოსჭრიდა ყელს. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. ო–უმ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ხ. ვ–ის საცხოვრებელ სახლში, კ. კ–მა მამინაცვალს – მ. ო–უს (რომელთან ერთადაც ასევე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) – მოსთხოვა ფულადი თანხა – 200 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი განუცხადა, რომ მოკლავდა, კერძოდ, დანით გამოსჭრიდა ყელს. სიცოცხლის მოსპობის მუქარა მ. ო–უმ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ხ. ვ–ის საცხოვრებელ სახლში კ. კ–მა მამინაცვალს – მ. ო–უს – მოსთხოვა ფულადი თანხა – 200 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი განუცხადა, რომ მოკლავდა, კერძოდ, დანით გამოსჭრიდა ყელს. სიცოცხლის მოსპობის მუქარა მ. ო–უმ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. კ. კ–ს შეეპასუხა დედა – ნ. ო–უ, რის გამოც, კ. კ–ი დაემუქრა დედას, განუცხადა, რომ მოკლავდა ვაჰაბისტებთან ერთად. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. ო–უმ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით კ. კ–ი ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი: 2025 წლის 6 თებერვლის ნ. ო–უს ეპიზოდი და 2025 წლის 12 თებერვლის მ. ო–უს და ნ. ო–უს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; კ. კ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, კ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის, იხ. სუსგ: №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16, №393აპ-24, №505აპ-24). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა კ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ. კ–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

8. პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – მუქარის ჩადენაში მსჯავრდებისათვის აუცილებელია ისეთი სუბიექტური კრიტერიუმის არსებობა, როგორიცაა დაზარალებულის აღქმა. ამ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად, შიშისმომგვრელიც რომ ყოფილიყო, დანაშაულის შემადგენლობა არ იქნება.

9. დაზარალებულმა მ. ო–უმ სასამართლო სხდომაზე უარყო კ. კ–ის მხრიდან მის მიმართ დამუქრების ფაქტი და აღნიშნა, რომ 2025 წლის 12 თებერვალს, როდესაც კ. კ–მა მას მოსთხოვა 200 ლარი, რაც იმ მომენტში არ ჰქონდა, კ. კ–ი გაბრაზდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა. მოცემულ სიტუაციაში, კ. კ–ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია, ასევე – კამულს დანა არ უხსენებია.

10. დაზარალებულ ნ. ო–უს ეპიზოდებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ, 2025 წლის 6 თებერვლის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულ ნ. ო–უს ჩვენება, ხოლო 12 თებერვლის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულის ჩვენება არათუ გამყარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, არამედ ეწინააღმდეგება ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ, დაზარალებულ ნ. ო–უს ჩვენების თანახმად, 2025 წლის 12 თებერვალს, 21:30 საათზე, მ. ო–უს მიერ კ. კ–ისათვის ფულის მიცემაზე უარის შემდეგ, როგორც კი მანაც უარი განუცხადა ფულის მიცემაზე, განაწყენებულმა კ. კ–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუშტი დაარტყა მაგიდას, უთხრა, „ცოტა დაგრჩათო“, რაც მან აღიქვა სიცოცხლის მოსპობის მუქარად.

11. დაზარალებულ ნ. ო–უს ჩვენება (2025 წლის 12 თებერვლის ფაქტთან მიმართებით) ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულ მ. ო–უს, ისე – მოწმე გ. ვ–ას ჩვენებებს, კერძოდ, დაზარალებულმა მ. ო–უმ განაცხადა, რომ კ. კ–მა, უარის მიღების შემდეგ, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და, გაბრაზებულმა, ისე დატოვა ბიძის სახლი, რომ მისი მხრიდან ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ. ვ–ამ. მისი თქმით, მ. ო–უს მხრიდან უარის მიღების შემდეგ, კ. კ–მა მუშტი დაადო მაგიდას და გავიდა სახლიდან, დაადასტურა, რომ სახლში შესულმა კ. კ–მა ფული მოსთხოვა ნ. ო–უსაც, თუმცა მოწმე კ. კ–ის მხრიდან დედისა და მამინაცვალის მიმართ მუქარას არ შესწრებია.

12. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა, რომელიც შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ხსენებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა. ამ ნიშნის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათაგან, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება, რამდენადაც ტკივილისა და ტანჯვის განცდა თითოეული პიროვნებისთვის ინდივიდუალურია.

13. ძალადობის ეპიზოდთან მიმართებითაც ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ნ. ო–უს ჩვენების სახით, რომელიც არ არის გამყარებული არათუ პირდაპირი, არამედ – ირიბი მტკიცებულებითაც კი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები) არ შეიცავს ინფორმაციას ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით, არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს და, შესაბამისად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, ისე – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. კ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე