Facebook Twitter

3კ/777-01 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვა გამარტივებული წესით. მოსარჩელე განცხადების საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1999 წლის 15 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე მოსარჩელისაგან გადახდის განვადებით შეიძენდა სხვადასხვა ხარისხის პურის ფქვილს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი პირველ ეტაპზე შეიძენდა პროდუქციას სამომხმარებლო ბაზრის შესწავლის მიზნით და ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება გამყიდველთან პროდუქციის მიღებიდან 30 დღეში. 4.3. პუნქტის თანახმად, შემდგომ ეტაპზე მიღებული პროდუქციის ღირებულებას მიმღები იხდის არა უგვიანეს 14 დღისა პროდუქციის ყოველი მიღებიდან. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებული იყო ანგარიშსწორების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლო. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999 წლის 17 ნოემბერს მოპასუხეს მიეწოდა 19150 ლარის ღირებულების პურის ფქვილი, რაზედაც გაფორმდა ზემოთხსენებული ხელშეკრულების დანართი ¹ 1. მოპასუხემ გადაიხადა 792 ლარი, გადასახდელი დარჩა 18 358 ლარი. სულ პირგასამტეხლოს გათვალისწინებით მოსარჩელე მოითხოვდა 23406 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის ბრძანებით შპს “ა-ს” დაეკისრა შპს “ბ-ის” სასარგებლოდ 23406 ლარის გადახდა.

შპს “ა-ს” შესაგებლის საფუძველზე მხარეთა შორის დავა განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით.

მოპასუხე შპს “ა-ის” გენერალურმა დირექტორმა ა. ქ-შვილმა სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იყო ფიქტიური, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული თარიღი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელშეკრულების მეორე პირი, რომელზეც არ იყო აღნიშნული თარიღი. მოპასუხე მიუთითებდა, რომ შპს “ა-ს” მოსარჩელისაგან არ წამოუღია პურის ფქვილი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო დოკუმენტებში, შპს “ა” არ ფიგურირებს, როგორც პროდუქციის მიმღები. თავის მეორე შესაგებელში ა. ქ-შვილმა მიუთითა, რომ შპს “ა” მოცემულ საქმეზე იყო არასათანადო მოპასუხე, რადგან მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 1999 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ხოლო 17 ნოემბერს პროდუქცია მოსარჩელისაგან მიიღო არა ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ა-ისათვის”, არამედ პროდუქცია მიიღო როგორც ინდმეწარმე ა. ქ-შვილმა, აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა საბუღალტრო დოკუმენტებზე, სადაც მიმღების გრაფაში ჩაწერილია მისი სახელი და გვარი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ა-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21640 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა შორის 1999 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების, რომელსაც ხელს აწერს შპს-ის “ა-ს” დირექტორი ა. ქ-შვილი და დამოწმებულია შპს “ა-ს” ბეჭდით, საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდა არა ინდმეწარმე “ა. ქ-შვილთან”, არამედ შპს “ა-სთან”, რომლის დირექტორი არის ა. ქ-შვილი. აღნიშნული ხელშეკრულების ¹1 დანართის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პროდუქცია მიღებული აქვს შპს “ა-ს” და არა ფიზიკურ პირს ა. ქ-შვილს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, იმის შესახებ, რომ აღნიშნული დოკუმენტები ყალბია, რადგან მათი სიყალბის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. ხელშეკრულების სიყალბის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლომ ასევე, არ მიიჩნია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრძანება იმის შესახებ, რომ 1999 წლის 11 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე იგი იმყოფებოდა შვებულებაში, რადგან მოპასუხემ ვერ უარყო ხელშეკრულებაზე და მის დანართზე მისი ხელმოწერა და შპს-ის “ა-ს” ბეჭდის არსებობის ფაქტი. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის II პუნქტი, რომლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს “ა-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით განჩინება დაუსაბუთებელია.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურები და სხვა საბუთები, რის გამოც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო მის ხელთ არსებული დოკუმენტების პირები. აღნიშნულის გამო კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და მის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დაათვალიერა მხარეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების დედნები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ხელშეკრულება პურის ფქვილის მიწოდების თაობაზე დადებულია შპს “ბ-სა” და შპს “ა-ს” შორის, შესაბამისად პროდუქცია მიღებული აქვს შპს “ა-ს” და არა ინდმეწარმე ა. ქ-შვილს. ხელშეკრულება და დანართი ¹1 ხელმოწერილია შპს-ის “ა-ს” დირექტორის ა. ქ-შვილის მიერ. აღნიშნულ დოკუმენტებზე დასმულია შპს “ა-ს” ბეჭედი, რასაც თვითონ კასატორიც ვერ უარყოფს. ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია შპს “ა”. კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ გაყალბებულია წარმოდგენილი დოკუმენტები. რაც შეეხება თვით კასატორის მიერ წარმოდგენილი საბუთების პირებს, პალატა მათ ვერ მიიჩნევს დამატებით საკასაციო პრეტენზიად, რადგან აღნიშნულ საბუთებში კერძოდ, ერთ-ერთ ანაგრიშ-ფაქტურაში გადასწორებულია შპს “ა-ს” საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო მეორე ანგარიშ-ფაქტურაში ამოხეულია ციფრები, ამასთან, ორივე ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია შპს “ა”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა-ს” დირექტორის ა. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.