გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/778 9 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ა-ევას და სპს “შ. ვ-ძეს” შორის სხვადასხვა დროს დაიდო სალომბარდო ხელშეკრულებები. კერძოდ, 1998 წლის 19 ივლისს ნ. ა-ევამ ლომბარდში შეიტანა 10 000 აშშ დოლარი, 35 დღეში 7%-ის დარიცხვით; 1998 წლის 25 სექტემბერს _ 5 000 აშშ დოლარი, 30 დღეში 7%-ის დარიცხვით 1999 წლის პირველ იანვარს _ 3 000 აშშ დოლარი, 30 დღეში 7%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 35 დღით. სულ ნ. ა-ევას მიერ ლომბარდში შეტანილი იქნა 18 000 აშშ დოლარი.
სპს “შ. ვ-ძემ” 1999 წლის 10 აგვისტომდე ნ. ა-ევას პროცენტის სახით გადაუხადა 14 015 აშშ დოლარი. 1999 წლის 10 აგვისტოდან კი შეწყვიტა პროცენტის გადახდა. 1999 წლის ნოემბერში ძირითადი ვალის ანგარიშში ნ. ა-ევას გადაეცა ავტომანქანა “იკარუსი”.
2000 წლის 9 მარტს ნ. ა-ევამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სპს “შ. ვ-ძეს” მიმართ და მოითხოვა ძირითადი ვალის 15 000 აშშ დოლარის და 1999 წლის აგვისტოდან 2000 წლის მარტამდე დარიცხული პროცენტის _ 8 110 აშშ დოლარის, სულ 23 100 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხე მიუთითებდა, რომ ნ. ა-ევას ავტომანქანა “იკარუსი” გადაეცა 7 000 აშშ დოლარის ანგარიშში, 1999 წლის აგვისტომდე ზედმეტად აქვს გადახდილი პროცენტი 1120 აშშ დოლარის ოდენობით და აგვისტოდან პროცენტის გადახდა შეწყვიტა იმის გამო, რომ საზოგადოება 1999 წლის აგვისტოდან ითვლება გაკოტრებულად. საბოლოოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო 10 000 აშშ დოლარის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე სპს “შ. ვ-ძეს” ნ. ა-ევას სასარგებლოდ დაეკისრა 22 680 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 480 ლარის გადახდა.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სპს “შ. ვ-ძეს” ნ. ა-ევას სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლომ გამოიყენა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტი და სამოქალაქო კოდექსის 626-ე და 627-ე მუხლები.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება. ასევე, დადგენილად ცნო სპს “შ. ვ-ძის” გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საფუძვლად მიუთითა 1999 წლის 4 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ საზოგადოებამ ნ. ა-ევას აცნობა თავისი გადახდისუუნარობის შესახებ და უარი უთხრა 1999 წლის აგვისტოდან პროცენტის გადახდაზე. ნ. ა-ევას უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა ვალის დაბრუნება, მაგრამ რადგანაც ნ. ა-ევას დაუყოვნებლივ არ მოუთხოვია ვალის დაბრუნება, არ გამოუთქვამს წერილობითი პრეტენზია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს 2000 წლის მარტამდე, ივარაუდება, რომ ნ. ა-ევა თანახმა იყო ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს 1999 წლის 10 აგვისტოდან არ უნდა გადახდეს პროცენტი.
სასამართლომ ასევე, დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს 1999 წლის 10 აგვისტომდე ზედმეტად ჰქონდა გადახდილი პროცენტი 1120 აშშ დოლარის ოდენობით და ავტომანქანა “იკარუსის” ღირებულება იყო 7 000 აშშ დოლარი.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ევამ. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 626-ე და 627-ე მუხლები და სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული საფუძვლებით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ნ. ა-ევას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 14.1.3. მუხლის თანახმად, თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, საზოგადოების ხელმძღვანელმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის დღიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადონ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
ამავე კანონის 14.2. მუხლის თანახმად, ასევე, სპს “შ. ვ-ძის” წესდების 7.6. და 7.7. მუხლების თანახმად, ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი. დავალიანების დადგენისთანავე ისინი მოვალენი არიან ამის თაობაზე აცნობონ სასამართლოს, რომელმაც უნდა აღძრას საბანკროტო საქმე.
მოცემულ შემთხვევაში 1999 წლის 4 ივნისს საზოგადოების პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა საზოგადოების ლიკვიდაცია. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი სპს “შ. ვ-ძის” ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს თუ არა საზოგადოების გადახდისუუნარობის შესახებ, ამასთან, სასამართლოში გახსნილი იყო თუ არა საბანკროტო საქმე. სასამართლოს მიერ, ასევე, არ არის დადგენილი პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაინიშნა თუ არა ლიკვიდატორები, ლიკვიდატორების მიერ დადგინდა თუ არა საზოგადოების დავალიანება და ამის შესახებ აცნობეს თუ არა სასამართლოს.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე, საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგენა სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელია.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით. ამ მუხლის თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვალე ვადამდე დააბრუნებს პროცენტიან სესხს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოვალეს სპს “შ. ვ-ძეს” დღემდე სესხი დაბრუნებული არა აქვს. ამდენად, პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, დაუსაბუთებელია ავტომანქანა “იკარუსის” შეფასების ნაწილში. სასამართლომ დაადგინა ავტომანქანის ღირებულება, მაგრამ არ არის დადგენილი რა თანხის ანგარიშში გადაეცა ავტომანქანა, შედგა თუ არა რაიმე საბუთი გადაცემის შესახებ, მოსარჩელეს ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა თუ სარგებლობაში, საქმეში არ მოიპოვება ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ევას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.