გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/780 10 იანვარი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელში _ ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა; ფართიდან გამოსახლება.
შეგებებულ სარჩელში _ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება; ფართის იჯარით აღებისა და შემდგომში გამოსყიდვის უპირატესი უფლების ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 23 დეკემბერს მარნეულის რაიონის ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიის მთავარმა ექიმმა გ. ა-ოვამ სარჩელი აღძრა მარნეულის რაიონულ სასამართლოში ზ. ყ-ევის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
1988 წლიდან აღნიშნული სამედიცინო ამბულატორია ფუნქციონირებს ... სოფლის საკრებულოს ბალანსზე რიცხულ შენობაში.
1997 წლის სექტემბერში ... სოფლის საკრებულოსა და ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ დაიკავა სოფ. ... საკრებულოს ბალანსზე რიცხული შენობა, რომელშიც ადრე განთავსებული იყო საშუალო სკოლა.
მოსარჩელის განმარტებით, სამედიცინო ამბულატორიას ხელი ეშლებოდა მუშაობაში, რადგანაც ზემოთ აღნიშნული შენობის სამი ოთახი 1997 წლიდან თვითნებურად დაიკავა ზ. ყ-ევმა და მისმა ოჯახმა.
გ. ა-ოვამ სარჩელში მოითხოვა ყ-ვების ოჯახის გამოსახლება ... სოფლის საკრებულოს ბალანსზე რიცხული, ზემოთ აღნიშნული შენობის სამი ოთახიდან და სადავო ფართის სამედიცინო ამბულატორიისათვის დაბრუნება.
ზ. ყ-ევმა შეგებებული სარჩელი შეიტანა მარნეულის რაიონულ სასამართლოში ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიის მთავარ ექიმ გ. ა-ოვას მიმართ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ 1955 წლამდე ზ. ყ-ევის დედაზე სოფ. ... ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
1959 წელს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აღნიშნული სახლი დაანგრევინა ... კოლმეურნეობის თავმჯდომარემ და ააშენებინა რვაწლიანი საშუალო სკოლა.
რაც შეეხება ყ-ების ოჯახს, იგი დარჩა საცხოვრებელი ფართის გარეშე.
1996 წელს ზ. ყ-ევმა მიმართა სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობის დირექტორ მ. ა-ევს რვაწლიანი სკოლის შენობაში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, რადგანაც აღნიშნული სკოლა აღარ ფუნქციონირებდა, იმავე სოფელში ახალი საშუალო სკოლის აშენებასთან დაკავშირებით.
1996 წლის 5 დეკემბერს სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობის დირექტორ მ. ა-ევსა და ზ. ყ-ევს შორის დაიდო ხელშეკრულება, ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული სკოლის შენობის 5 წლის ვადით დაცვის თაობაზე. სანაცვლოდ კი ყ-ევის ოჯახს, იგივე ვადით, სარგებლობის უფლებით, სკოლის შენობაში გამოეყო სამი ოთახი, სადაც ცხოვრობს 1996 წლის დეკემბრიდან.
ზ. ყ-ევის განმარტებით, კაჩაგნის სოფლის საკრებულოსა და ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიას შორის 1997 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულება უკანონოა, რადგანაც მანამდე, 1996 წლის 5 დეკემბერს, მას და სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობის დირექტორ ა-ევს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სადავო ფართზე.
ზ. ყ-ევმა შეგებებულ სარჩელში მოითხოვა ... სოფლის საკრებულოსა და ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიას შორის 1997 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულების გაუქმება, მისი უპირატესი უფლების ცნობა სადავო შენობის იჯარით აღებასა და მის შემდგომში გამოსყიდვაზე.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ზ. ყ-ევის ოჯახი გამოსახლდა სადავო შენობიდან. რაც შეეხება ზ. ყ-ევის შეგებებულ სარჩელს, მას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ყ-ევის სააპელაციო საჩივარი; მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე მარნეულის რაიონის ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ზ. ყ-ევის ოჯახი გამოსახლებულ იქნა იმავე სოფელში მდებარე, ყოფილი რვაწლიანი სკოლის შენობის ¹ 4, ¹ 5, ¹ 6, ¹ 7 ოთახებიდან. იმავე შენობის ¹ 1, ¹ 2, ¹ 3 ოთახებიდან ზ. ყ-ევის ოჯახის გამოსახლებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ყ-ევის შეგებებული სარჩელი; მარნეულის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობასა და სოფ. ... სამედიცინო ამბულატორიას შორის 1997 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული შენობის ¹ 1, ¹ 2, ¹ 3 ოთახების _ შესაბამისად 14,85 კვ.მ, 29,15 კვ.მ. და 23,85 კვ.მ. ფართის ნაწილში. შეგებებულ სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო საჩივარში მარნეულის რაიონის სოფ. ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიის მთავარი ექიმი ა-ოვა მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც ზ. ყ-ევსა და სოფ. ... სახელმწიფო მეურნეობის დირექტორ მ. ა-ევს შორის 1996 წლის 5 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე და ყ-ევების ოჯახი გამოსახლებული იქნება სადავო ფართიდან.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მარნეულის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1997 წლის 7 მარტის ¹ 4\17 დადგენილების საფუძველზე მარნეულის რაიონის სოფ. ... ყოფილ სახელმწიფო მეურნეობის ბალანსზე არსებული საშუალო სკოლის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა მარნეულის რაიონის ... სასოფლო საკრებულოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს.
აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილე იყო მარნეულის რაიონის ... სასოფლო საკრებულო, ხოლო მის მიერ 1997 წლის სექტემბერში ... სოფლის სამედიცინო ამბულატორიასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც სადავოდ გახადა ზ. ყ-ევმა წარმოადგენდა ადმინისტრაციული დავის საგანს.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას საქმე განსახილველად უნდა გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.