Facebook Twitter

3კ/780-01 24 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,მ. ახალაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება და შრომითი კონტრაქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. მ-შვილი მუშაობდა სს “ს-ის” თელავის ფილიალში; 2000 წლის 14 მაისს ე. მ-შვილსა და სს “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორ მ. ე-შვილს შორის გაფორმდა შრომითი კონტრაქტი 2000 წლის 1 ივლისამდე. მას დაეკისრა კარტოთეკარის მოვალეობა. ე. მ-შვილს 2000 წლის 23 ივნისს ფილიალის დირექტორმა სიტყვიერად განუცხადა შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. ე. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2000 წლის 29 აგვისტოს მოპასუხე სს “ს-ის” გენერალური დირექტორის ლ. მ-შვილის და სს “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორის, მ. ე-შვილის, მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის მიღება.

ქ. ბ-შვილსა და სს “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორ მ. ე-შვილს შორის გაფორმდა შრომითი კონტრაქტი 2000 წლის 14 მაისს, რომლის მიხედვით 2000 წლის 1 ივლისამდე ქ. ბ-შვილს უნდა შეესრულებინა კარტოთეკარის მოვალეობა. მან 2000 წლის 3 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ს-ის” დირექტორ ლ. მ-შვილის და სს “ს-ის” ფილიალის დირექტორის მ. ე-შვილის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

გ. შ-ძესა და სს “ს-ის” ფილიალის დირექტორ მ. ე-შვილს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლითაც გ. შ-ძეს 2000 წლის 1 ივლისამდე უნდა შეესრულებინა ბრიგადირის მოვალეობა. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში 2000 წლის 1 სექტემბერს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

მ. მ-შვილსა და სს “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლითაც მას 2000 წლის 1 ივლისამდე უნდა შეესრულებინა კარტოთეკარის მოვალეობა. 2000 წლის 23 ივნისს ფილიალის დირექტორმა განუცხადა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. ამის გამო მ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2000 წლის 8 სექტემბერს მოპასუხე ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის და ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორის მიმართ, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება და შრომის კონტრაქტის ბათილად ცნობა.

მ. ნ-ძეს და ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლითაც მას 2000 წლის 1 ივლისამდე უნდა შეესრულებინა კარტოთეკარის მოვალეობა. მას 2000 წლის 23 ივნისს ფილიალის დირექტორმა ზეპირად განუცხადა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ მ. ნ-ძემ 2000 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის და ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება და შრომითი კონტრაქტის ბათილად ცნობა.

გ. ი-შვილსა და ს.ს. “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლითაც მას 2000 წლის 1 ივლისამდე დაეკისრა ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობა. მას 2000 წლის 23 ივნისს ფილიალის დირექტორმა სიტყვიერად განუცხადა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, რის გამოც მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის და ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, უკანონო განთავისუფლებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შრომის კონტრაქტის ბათილად ცნობა შრომის კანონთა კოდექსის მე-6 და 30-ე მუხლების საფუძველზე.

ა. გ-ძეს და ს.ს. “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლის თანახმად მას 2000 წლის 1 ივლისამდე უნდა შეესრულებინა უსაფრთხოების ინჟინრის მოვალეობა. იგი 2000 წლის 23 ივნისს სიტყვიერად გააფრთხილა ფილიალის დირექტორმა სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. ამის გამო ა. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის, ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის მიღება, შრომის კონტრაქტის გაბათილება.

ვ. ჩ-შვილსა და ს.ს. “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორს შორის 2000 წლის 14 მაისს გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლითაც მას 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა შეესრულებინა სოფლის ელექტრომონტიორის მოვალეობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი აღარ დაუშვეს სამუშაოზე. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის და ს.ს. “ს-ის” ფილიალის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ვინაიდან ზემოაღნიშნულ მოსარჩელეებმა ერთი და იგივე მოპასუხეების მიმართ ერთგვაროვანი სარჩელები წარადგინეს, სასამართლომ გააერთიანა მათი საქმეები ერთ წარმოებად.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდნენ განუსაზღვრელი ვადით; მათ ვადიან შრომით კონტრაქტზე ხელი მოაწერინეს მოტყუებით და იძულებით, რადგან ხელს თუ არ მოაწერდნენ, სამუშაოდან დაითხოვდნენ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-შვილის, მ. მ-შვილის, ქ. ბ-შვილის, მ. ნ-ძის, გ. ი-შვილის, ა. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

დაკმაყოფილდა ო. ტ-შვილის სარჩელი და ს.ს. “ს-ეს” დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის (2000 წლის 1 ივლისი _ 2000 წლის 8 დეკემბერი) ხელფასისა და სამი თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ღ-შვილის მოთხოვნა: ს.ს. “ს-ეს” მის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი დროის (2000 წლის 1 ივლისი – 2000 წლის 8 დეკემბერი) ხელფასი და ორი თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. შ-ძის მოთხოვნა და ს.ს. “ს-ეს” დაეკისრა მის სასარგებლოდ ექვსი თვის მიუღებელი ხელფასის გადახდა, დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ჩ-შვილის მოთხოვნა და ს.ს. “ს-ეს” მის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის ხელფასის გადახდა, დანარჩენ მოთხოვნებზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ა. მ-ძის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს.ს. “ს-ეს” მის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის მიუღებელი ხელფასის გადახდა, დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გ. ი-შვილმა, ა. გ-ძემ, გ. შ-ძემ, ვ. ჩ-შვილმა, ე. მ-შვილმა, მ. ნ-ძემ, ქ. ბ-შვილმა, მ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება ე. მ-შვილის, მ. მ-შვილის, ქ. ბ-შვილის, გ. ი-შვილის, ა. გ-ძის, ვ. ჩ-შვილის, გ. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: 2000 წლის 14 მაისს მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება გაფორმდა 2000 წლის 1 ივლისამდე. აპელანტებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ 2000 წლის 28 ივნისიდან აღარ უმუშავიათ, რადგან არ დაუშვეს სამუშაოზე. პალატამ მიუთითა, რომ შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2000 წლის 28 ივნისს, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2000 წლის 1 სექტემბერს, დ. ნ-ძემ და მ. მ-შვილმა 8 სექტემბერს აღძრეს სარჩელი, ქ. ბ-შვილმა კი 3 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს. მათ დაარღვიეს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონოა ადმინისტრაციის ინიციატივით განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, რადგან აღნიშნული ვადიანი ხელშეკრულება აპელანტებთან გაფორმდა 2000 წლის მაისში და მათ ამის შესახებ არ უდავიათ კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ი-შვილმა, მ. მ-შვილმა, ა. გ-ძემ, გ. შ-ძემ, ვ. ჩ-შვილმა, ე. მ-შვილმა, მ. ნ-ძემ და ქ. ბ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორების საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ყოფილა მსჯელობა მათი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის თაობაზე; ს.ს. “ს-ის” თელავის რაიონული ფილიალის დირექტორმა მ. ე-შვილმა მათ სიტყვიერად გამოუცხადა იმავე წლის 1 ივლისიდან სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, ხოლო განთავისუფლების ბრძანება არ გადასცა; მათ სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება მიიღეს მხოლოდ თელავის რაიონული სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ 2000 წლის 10 აგვისტოს. 2000 წლის 1 სექტემბერს იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრეს გ. ი-შვილმა, ა. გ-ძემ, გ. შ-ძემ, ვ. ჩ-შვილმა, ე. მ-შვილმა; მ. ნ-ძემ და მ. მ-შვილმა; ხოლო ქ. ბ-შვილმა კი 2000 წლის 3 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ე. მ-შვილი, ვ. ჩ-შვილი, ქ. ბ-შვილი, გ. შ-ძე, მ. მ-შვილი, გ. ი-შვილი, მ. ნ-ძე და ა. გ-ძე მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე “თ-ოში”, რომელმაც 2000 წლის 2 მაისს განიცადა რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა სს “ს-ე”, შეიქმნა ასევე სს “ს-ის” თელავის ფილიალი და ამ ფილიალის დირექტორმა მ. ე-შვილმა გააფორმა ვადიანი შრომითი კონტრაქტები კასატორებთან 2000 წლის 14 მაისიდან იმავე წლის 1 ივლისამდე. ეს შრომის კონტრაქტები ხელმოწერილია როგორც დირექტორის მიერ, ისე კასატორების მიერაც.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორებს თავის დროზე ე.ი. 2000 წლის 14 მაისისათვის სადავოდ არ გაუხდიათ შრომით კონტრაქტზე ხელისმოწერები. სააპელაციო პალატის სხდომაზე ე. მ-შვილმა აღნიშნა, რომ 2000 წლის 27 ივნისიდან სამუშაოზე აღარ დაუშვეს; კასატორები მიუთითებენ იმის შესახებ, რომ ფილიალის დირექტორმა ივნისის ბოლო რიცხვებში შეწყვიტა შრომითი კონტრაქტი და ვადის დამთავრების შემდგომ ვადის გაგრძელებაზე უარი განუცხადეს. მათ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ს.ს. “ს-ის” გენერალური დირექტორის და ს.ს. “ს-ის” თელავის ფილიალის დირექტორის მიმართ 2000 წლის სექტემბერში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად ჩათვალა მათი მოთხოვნა ხანდაზმულად.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ დათხოვნის საქმეთა გამო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან კასატორებს და მოპასუხე ორგანიზაციას შორის განსაზღვრული ვადით – თვენახევრით იყო გაფორმებული შრომის კონტრაქტი შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, იმავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად შრომის კონტრაქტით დაწესებული ვადის გასვლა წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ამდენად, 2000 წლის 1 ივლისიდან კასატორებსა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან მუშაკის დათხოვნის თაობაზე სპეციალური ბრძანების მიღებას აღარ საჭიროებს. კასატორები პირველი ივლისიდან აღარ დაუშვეს სამუშაოზე და ამ მომენტიდან მათთვის ცნობილი გახდა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ი-შვილის, ა. გ-ძის, გ. შ-ძის, ვ. ჩ-შვილის, მ. მ-შვილის, ე. მ-შვილის, მ. ნ-ძის და ქ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.