გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\781 9 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
ე. მ-ევმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე “ს-ის” თბილისის სალოკომოტივო დეპოსაგან ყოველთვიურად ხელფასზე 20% დანამატის ანაზღაურება 1997 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, შემდეგი საფუძვლით:
1975 წელს შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მოპასუხე ორგანიზაციაში მიიღო სხეულის დაზიანება და დაკარგა შრომისუნარიანობა. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1977 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ორგანიზაცია უნაზღაურებს დაკარგული შრომის უნარის საზღაურს თვეში 263 ლარის ოდენობით. იგი არის “საპატიო რკინიგზელი” და მას, როგორც “საპატიო რკინიგზელს” საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით ეკუთვნის ხელფასზე 20% დანამატი, რომელსაც მოპასუხე არ უნაზღაურებს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით: რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის ბრძანებით ხელფასზე 20% დანამატი ეკუთვნით მომუშავე “საპატიო რკინიგზელებს”. მოსარჩელე კი ორგანიზაციაში არ მუშაობს 1975 წლიდან და იღებს მხოლოდ დახმარებას.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გალდაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 622 ლარის გადახდა 1997 წლის 5 დეკემბრიდან 2000 წლის 1 აპრილამდე საზღაურის 20% დანამატით. გლდანი ნაძალადევის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რკინიგზის თბილისის სალოკომოტივო დეპომ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქაალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილისის სალოკომოტივო დეპოს საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ევგენი მანთაშევს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ 1997 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს რკინიგზის დეპარატმენტის კოლეგიის სხდომაზე დამტკიცებული დებულების “საქართველოს “საპატიო რკინიგზელის” წოდების მინიჭების შესახებ” 4.1.5 პუნქტის თანახმად, საპატიო რკინიგზელის ნიშნით დაჯილდოებულ პირს უფლება აქვს მიიღოს ხელფასთან ერთად დანამატის სახით ხელფასის 20%. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დანამატის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ მომუშავე “საპატიო რკინიგზელის” ნიშნით დაჯილდოებულ პიროვნებებს, ხოლო მოსარჩელე კი კარგა ხანია არ მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში. იგი არ იღებს ხელფასს, იღებს მხოლოდ დახმარებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-ევმა, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მართალია რკინიგზის დეპარტამენტის ბრაძანებაში მოხსენებულია ხელფასზე 20%-ის დანამატის გავრცელება მომუშავე პირებზე, მაგრამ აქ საგულისხმოა, რომ არიან “საპატიო რკინიგზელის” წოდებით დაჯილდოებული პირები, რომლებმაც თავიანთი სურვილით გაწყვიტეს შრომითი ურთიერთობა სალოკომოტივო დეპოსთან და ღებულობენ მხოლოდ პენსიას. მან კი შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა არა საკუთარი სურვილით, არამედ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. სალოკომოტივო დეპომ თავის თავზე აიღო და მას უნაზღაურებს მემანქანის თვიურ საშუალო ხელფასს, იგი ასევე სარგებლობს ყველა იმ სიკეთით, რითაც სარგებლობენ მომუშავე მემანქანეები, აქედან გამომდინარე, იგი გათანაბრებულია მომუშავე მემანქანეებთან. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997 წლის 5 დეკემბრის ბრძანება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. მ-ევის სარჩელი და მოპასუხე “ს-ის” თბილისის სალოკომოტივო დეპოს დაეკისრა მანთაშევის სასარგებლოდ 622 ლარის და 89 თეთრის გადახდა 1997 წლის 5 დეკემბრიდან 2000 წლის 1 აპრილამდე საზღაურის 20% დანამატის სახით.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გ. მ-ევს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო საჩივარი შეიტანა “ს-ის” თბილისის სალოკომოტივო დეპომ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლის დავის საგნის ფასი შეადგენდა 622 ლარსა და 89 თეთრს და ახალი გადაწყვეტილებით მანთაშევს სარჩელზე უარი უთხრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატებოდა, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 622 ლარს. ამდენად, საკასაციო საჩივარი შეცდომით იქნა მიღებული წარმოებაში, იგი დაუშვებელია, რის გამოც საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეწყდეს საქმეზე ე. მ-ევის სარჩელით მოპასუხე “ს-ის” თბილისის სალოკომოტივო დეპოსთან ზიანის ანაზღაურების შესახებ საკასაციო წარმოება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.