Facebook Twitter

¹3კ/781-01 2 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის კულტურის განყოფილების 2000 წლის 31 მარტის ¹10 ბრძანებით ........ სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილეს მ. თ-შვილს დაეკისრა სამუსიკო სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულება ამავე სკოლის დირექტორის ლ. ა-შვილის უფასო შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით 2001 წლის 27 მარტამდე.

გურჯაანის კულტურის განყოფილების 2000 წლის 14 სექტემბრის ¹22 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და დაუბრუნდა პირვანდელ თანამდებობას, ხოლო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დაინიშნა ამავე სკოლის პედაგოგი მ. პ-შვილი.

მ. თ-შვილმა 2000 წლის 25 სექტემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მისი გათავისუფლების ბრძანების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მისთვის უცნობია, თუ რა საფუძვლით მოხდა მისი გათავისუფლება, იგი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, არის კვალიფიციური სპეციალისტი, აქვს ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი და სხვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბერის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალტის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გათავისუფლების ბრძანება და თ-შვილი გადაყვანილ იქნა ...... სამუსიკო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: პალატამ მიიჩნია, რომ თ-შვილის გათავისუფლებისას დაცული არ იყო სამართლის ნორმით გათვალისწინებული პირობები. “კულტურის სამინისტროს სისტემის სამუსიკო, სამხატვრო და ხელოვნების სკოლების შესახებ კანონის” 50-ე მუხლის თანახმად, დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გურჯაანის კულტურის განყოფილებამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: გურჯაანის რაიონის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნის მიხედვით მ. პ-შვილს აქვს უფრო მაღალი კვალიფიკაცია “საბავშვო სამუსიკო, სამხატვრო და ხელოვნების სკოლების შესახებ” დებულების 47-ე მუხლის თანახმად, დირექტორებად ინიშნებიან პირები, რომელთაც გააჩნიათ შესატყვისი უმაღლესი სპეციალური განათლება და პედაგოგიური 3 წლის გამოცდილება”. კასატორი არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ იყო გათავისუფლების საფუძველი და მიიჩნევს, რომ გათავისუფლების საფუძველია მ. თ-შვილის არასათანადო კვალიფიკაცია. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. თ-შვილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა მოხდა გარკვეული ვადით - 2001 წლის 27 მარტამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მ. პ-შვილი მ. თ-შვილის სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში სკოლას ფაქტიობრივად ეყოლება 2 დირექტორი, რაც გაუმართლებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მარიეტა თ-შვილის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო 2000 წლის 14 სექტემბრის ¹22 ბრძანების გაუქმების ნაწილში დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონის კულტურის განყოფილების 2000 წლის 31 მარტის ¹10 ბრძანების თანახმად, მ. თ-შვილს დაეკისრა სამუსიკო სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის დირექტორის ლ. ა-შვილის უფასო შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით 2001 წლის 27 მარტამდე. ხოლო 2000 წლის 14 სექტემბრის ¹22 ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2000 წლის 14 სექტემბრიდან და დაუბრუნდა პირვანდელ თანამდებობას, ხოლო დირექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე სკოლის პედაგოგს მ. პ-შვილს.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. თ-შვილის დირექტორის მოვალეობისაგან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, მასში მითითებული არ არის იმ გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო მ. თ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლებას.

პალატას მიაჩნია, რომ მ. თ-შვილი ვერ იქნება სამუშაოზე აღდგენილი იმის გამო, რომ ¹10 ბრძანებით იგი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გარკვეული ვადით, კერძოდ, 2001 წლის 27 მარტამდე ანუ მხარეთა შორის დადებული იყო შრომის ვადიანი ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ მ. თ-შვილის სამუშაოზე აღდგენა იურიდიულად არ დაასაბუთა. კერძოდ მითითებული არ არის კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც აღდგენილი იქნა მ. თ-შვილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დაცვით ახალი მტკიცებულებების შეკრება საჭირო არ არის და საკასაციო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო შრომის ვადიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც გავიდა 2001 წლის 27 მარტს. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად შრომის კონტრაქტით განსაზღვრული ვადის გასვლით წყდება შრომის ხელშეკრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მ. თ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გურჯაანის კულტურის განყოფილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მ. თ-შვილის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. ამ ნაწილში გამოტანილი იქნას ახალი გადაწყვეტილება.

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

მ. თ-შვილს სარჩელში სამუშაოზე აღდგენაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.