Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/782 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-შვილი ცხოვრობს ქ. გორში. მას 1993 წელს გარდაეცვალა ვაჟი – ლ. მ-შვილი, დარჩა რძალი მ. თ-ძე და შვილიშვილი – თა. მ-შვილი. თ. მ-შვილმა 1994 წლის 21 აპრილს ქ. გორში, ... მდებარე თავისი სახლი აჩუქა ქალიშვილს ლ. ბ-შვილს. ლ. ბ-შვილმა კი ქ. გორში, ... მდებარე თავისი სახლი აჩუქა ძმისშვილს – თა. მ-შვილს. ამის შემდეგ, 1996 წლის 6 აპრილს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება თა. მ-შვილს (მზრუნველი მ. თ-ძე) და მამიდამის ლ. ბ-შვილს შორის, რომლითაც ძმისშვილმა აჩუქა მამიდას ქ. გორში, ... მდებარე სახლი, ხოლო ლ. ბ-შვილმა კი თავის ძმის შვილს აჩუქა სახლი ..., ამ საცხოვრებელ სახლში 1996 წლიდან ცხოვრობენ თ. მ-შვილი (ბებია), რძალი მ. თ-ძე და შვილიშვილი თა. მ-შვილი. თ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2000 წლის მარტში მოპასუხე მ. თ-ძის, – თა. მ-შვილის დედის, მესამე პირი ლ. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა 1994 წლის 21 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ასევე, 1996 წლის 6 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ქ. გორში, ... მდებარე სახლის მის სახელზე გაფორმება. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: რძალი მ. თ-ძე აღარ უვლის, სახლიდან დაიწყო საოჯახო ნივთების გაყიდვა, რძალმა გამოიჩინა უმადურობა როგორც დედამთილის, ისე მულის მიმართ, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

ქ. გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: სადავო ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე. იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის მაგიერ მისი სახელით გარიგებას დებს მისი მშობელი. თ. მ-შვილის სახელით ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა დედას – მ. თ-ძეს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1296-ე მუხლზე მითითება საფუძველს მოკლებულია. ჩუქების ხელშეკრულებები ბათილად ვერ იქნება მიჩნეული იმის გამო, რომ რძალი არ პატრონობს მოსარჩელეს, რადგან ეს ხელშეკრულებები არანაირი პირობით არ დადებულა, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიც არ შეიძლება ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს, რადგან დასაჩუქრებულია შვილიშვილი და არა რძალი მ. თ-ძე. მცირეწლოვან თა. მ-შვილს ქ. გორში, ... მდებარე სახლი აჩუქა არა მოსარჩელემ, არამედ მისმა ქალიშვილმა, მესამე პირმა ლ. ბ-შვილმა. ბ-შვილმაც მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა ძმისშვილთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 529-ე მუხლის საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ისიც, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილის წარმომადგენელმა მ. ი-შვილმა; სააპელაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა ლ. ბ-შვილმაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი შემდეგი მოტივებით:

სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი თ. მ-შვილის სახელით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი დედა – მ. თ-ძე. ჩუქების ხელშეკრულება არის უპირობო გარიგება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისათვის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, ამ შემთხვევაში, თა. მ-შვილის მხრიდან უმადურობის გამოხატვა საქმის მასალებით არ დასტურდება. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსიც არ ითვალისწინებდა აღნიშნული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა გადაწყვიტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 268-ე და 269-ე მუხლებით.

თ. მ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებებია, არღვევს კანონით დადგენილ წესს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. 1994 წელს მოსარჩელეს თ. მ-შვილსა და მის ქალიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობაა (ახალი კოდექსის 941-943-ე მუხლები), ძველი კოდექსის 439-ე მუხლით, მისი ქალიშვილი, ნაჩუქრობის ხელშეკრულების სანაცვლოდ, კისრულობდა გარდაცვალებამდე რჩენას. ამიტომ ლ. ბ-შვილს არ ჰქონდა სადავო სახლის გასხვისების უფლება. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების წესები.

1994 წლის და 1996 წლის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა კანონის დარღვევით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ეს ხელშეკრულებები არ იყო რეგისტრირებული საინვენტარიზაციო ბიუროს მიერ, რის გამოც ნოტარიუსს არ ჰქონდა ასეთი ობიექტების გასხვისების უფლება. ქ. გორში, ... მდებარე თ. მ-შვილის ბინის საცხოვრებელი ფართია 100 კვ.მ. დამხმარე ფართი კი 47 კვ.მ შეადგენს. იმ დროისათვის 96 კვ. მეტრზე მეტ ფართზე ხელშეკრულების გაფორმების უფლება ჰქონდა რაისაბჭოს აღმასკომს; არ შეიძლება ნაჩუქრობის ხელშეკრულების საგანი იყოს ეს საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართი აღემატება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით დადგენილ ოდენობას.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

თ. მ-შვილმა სარჩელით მოითხოვა თავის ქალიშვილ ლ. ბ-შვილთან 1994 წლის 21 აპრილს გაფორმებული, ქ. გორში, ... მდებარე მისი კუთვნილი ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე, ლ. ბ-შვილსა და მის არასრულწლოვან შვილიშვილს თა. მ-შვილს შორის 1996 წლის 6 აპრილს გაფორმებული, ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის სახელზე გაფორმება. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ მისი რძალი მ. თ-ძე, არასრულწლოვანი თა. მ-შვილის დედა, არ უვლის, ცუდად ეპყრობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ჩუქების ხელშეკრულები გაფორმებულია სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის 25 ნოემბრამდე) ამოქმედებამდე, ამიტომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქციით) არ ითვალისწინებდა აღნიშნული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოსარჩელის უთანხმოება რძალ მ. თ-ძესთან არ წარმოადგენს ჩუქების ბათილობის საფუძველს იმის გამოც, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია არა მ. თ-ძესთან, არამედ ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილთან. საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ 1994 წლის 21 აპრილის და 1996 წლის 6 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებები კანონსაწინააღმდეგოდ იქნა გაფორმებული, რადგან ისინი არ არის რეგისტრირებული საინვენტარიზაციო ბიუროს მიერ. საქმეში წარმოდგენილია გორის ტექაღრიცხვის ბიუროს უფროსის მ. კ-შვილის ცნობა იმის შესახებ, რომ ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა სანოტარო რეესტრი ¹ 306 საფუძველზე აღირიცხა ლ. ბ-შვილის სახელზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ 1994 წლის 21 აპრილს თა. მ-შვილს და მის ქალიშვილ ლ. ბ-შვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგება იყო, რადგან მხარეებს სინამდვილეში სურდათ გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 439-ე მუხლის საფუძველზე. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თვალთმაქცური გარიგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს იმ გარიგების წესები, რომლის დასაფარავადაც იქნა ეს გარიგება დადებული, მაგრამ თ. მ-შვილს სამისდღემშიო რჩენის საფუძვლით არცერთ სასამართლო ინსტანციაში არ მოუთხოვია ლ. ბ-შვილან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით კი საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-შვილის წარმომადგენელს, ადვოკატ ი. ნ-ს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-შვილის წარმომადგენლის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაცო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.