გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\784 16 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილიმოსამართლეები: თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. თ-უამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1992 წელს დაინიშნა აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა 1997 წლის აგვისტომდე. 1997 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის არ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით და აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მან მიიჩნია რა აღნიშნული უკანონოდ, სარჩელით მიმართა სასამართლოს თბილისის მითაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი კერძოდ, იგი აღდგენილი იქნა აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე და მოპასუხე ორგანიზაციას დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1999 წლის 4 ივნისს მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება მისი მინისტრის მოადგილედ აღდგენის შესახებ, ხოლო იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება თ-უას მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. 1999 წლის 26 ნოემბერს იგი კვლავ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რაც მისი აზრით არასწორია, ვინაიდან მოპასუხეს არ შეუსრულებია სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და იგი არ აღუდგენიათ თანამდებობაზე, ისე, როგორც ეს გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მინისტრის მოადგილედ აღდგენის შემდეგ მას დაეკისრა საჯარო, კერძო სამართლისა და სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციის განყოფილებაზე ზედამხედველობის ფუნქციები, უკმაყოფილო იყო და მოითხოვა აღედგინათ თავის ფუნქციებში 1992 წლის მდგომარეობით, კერძოდ დაეკისრებინათ მისთვის სანოტარო კანტორისა და მმაჩის ბიუროებზე ხელმძღვანელობა. იმის გამო, რომ ფუნქციები მინისტრის მოადგილეებს შორის უკვე განაწილებული იყო აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა თუნგიამ უარი განაცხადა მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამაზე განაწყენებულმა მოსარჩელემ დაიწყო არასაპატიო მიზეზით სამუშაო დღეების გაცდენა, სამინისტროს შინაგანაწესის უხეშად დარღვევა, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული მინისტრთა საბჭოს კომისიის მიერ. 1999 წლის 18 აგვისტოს არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენის გამო მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 1999 წლის 17 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა მიმართა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს მოხსენებითი ბარათით მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შემდეგ სამინისტროში შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ. 1999 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილა იუსტიციის მინისტრის მოხსენებითი ბარათი, დააკმაყოფილა მინისტრის თხოვნა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ-უამ აფხაზეთის აა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 რწლის 11 სექტემბრის განჩინებით თოდუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აფხაზეთის ა/რ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. თ-უამ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: აფხაზეთის იუსტიციის მინისტრმა ბოლომდე არ შეასრულა მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის გადაწვეტილება მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ. მისი სამუშაოზე აღდგენის პროცედურა დაიწყო, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანია ეს პროცესი, რის გამოც მისი გათავისუფლება მიაჩნია უკანონოდ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თოდუას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის III პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურეობრივ მოვალეობებს.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ზ. თ-უა სისტემატურად აცდენდა სამსახურს, სულ გაცდენილი აქვს ორ კვირაზე მეტი, რასაც არ უარყოფს თვით კასატორი ზ. თ-უა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში არა მარტო არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, არამედ თვით კასატორი ზ. თ-უაც ადასტურებს, რომ იგი მართლაც არ დადიოდა სამუშაოზე ანუ არ ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. ზ. თ-უას მიერ ჩადენილი გადაცდომა, სამსახურში სისტიემატური გამოუცხადებლობა არის სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც უფლებას აძლევდა მოპასუხეს გაენთავისუფლებინა ზ. თ-უა სამსახურიდან 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი აღდგენის პროცედურა დაიწყო და არ დამთავრდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რის გამოც მას მიაჩნია მისი ხელმეორედ გათავისუფლება უკანონოდ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ არ წარმოადგენს მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველს, რადგანაც თუ მას პრეტენზიები ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახურის ან პროკურატურის ორგანოებისათვის, თვითონ კასატორიც არ უარყოფს, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში, მაგრამ ამას ხსნის იმით, რომ არ მომხდარა სამსახურში მისი სრულყოფილი აღდგენა, საკასაციო სასამართლოს კი მიაჩნია, რომ მისი მუშაობის გაცდენა ამ მიზეზით არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. თ-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.