Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-347-278-კ-05 31 ივლისი,2006
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «.. .." დირექტორმა 11.10.02წ. სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.06.00წ განჩინებით შპს «... საწარმოს" მთლიანი ქონება გადაეცა შპს «.. ..ს". მოსარჩელის განცხადებით, მრავალიწ. მანძილზე შპს «... საწარმოს" მფლობელობაში იყო 9,2 ჰა, რომელიც შემოღობილია. მიწის ფართობზე განთავსებულია ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც ზემოაღნიშნული განჩინებით მათ უნდა გადასცემოდათ. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-2 თავის მე-6 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების გასხვისება მიწის გარეშე კანონსაწინააღმდეგოა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართეს თხოვნით, რომ მათთვის გადაეცა შპს «... საწარმოს" მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები და დაერეგისტრირებინა იგი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, რაზეც უარი ეთქვათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე მიწის მართვის სამმართველოსათვის ქმედების განხორციელების დავალება, საჯარო რეესტრში მიწის შპს «.. ..ის» სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.10.02წ. გადაწყვეტილებით შპს «.. ..ის" სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს დაევალა შპს «.. ..ის" სარგებლობაში არსებული 9.2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მათ შორის _ 3 ჰა‚ მდებარე ქ. ზესტაფონში (ნორმატიული ფასით _ 63360 ლარი), 6.2 ჰა მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში (ნორმატიული ფასით 81840 ლარი), საკუთრების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის განხორციელება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
09.12.02წ. შპს «... საწარმოს" დირექტორმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.10.02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენდა და მონაწილეობა უნდა მიეღო საქმის განხილვაში.
განმცხადებელის მოსაზრებით, შპს «.. ..ის" საკუთრებაში არ გადასულა სადავო მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.05.00წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელმაც შეცვალა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესი, 2000წ. 2 ოქტომბრიდან უკანონოდ იქნა ცნობილი ყველა ის სააღსრულებო მოქმედება, რომლის ძალითაც შპს «.. ..ი" აღმასრულებლის უკანონო მოქმედებების შედეგად დაეუფლა სახელმწიფო ქონებას. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.10.00 გადაწყვეტილებით შპს «.. ..ი" შპს «... საწარმოს" ქონების უკანონო მფლობელად გამოცხადდა. განმცხადებლის აზრით, სააღსრულებო წარმოების შესწავლით დგინდება, რომ შპს «.. ..ი" უკანონოდ ფუნქციონირებს, უკანონოდ ფლობს და განკარგავს შპს «... საწარმოს" უძრავ-მოძრავ ქონებას, რის გამოც იგი ასევე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ კანონიერ მფლობელს და მესაკუთრეს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ‚ ვინაიდან სასამართლოსთვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული ფაქტი, მოსარჩელისთვის უნდა შეეთავაზებინათ საქმეში სათანადო მოპასუხედ სადავო ქონების მესაკუთრის ჩაბმა. თუკი მოსარჩელე უარს იტყოდა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, შემდგომი საპროცესო მოქმედება სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე უნდა განეხორციელებინა. განმცხადებელი თვლის, რომ არსებობს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სსკ-ის 422-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
აღნიშნული განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 13.12.02 განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.01.03 განჩინებით‚ შპს «... საწარმოს" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.02.03 განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 13.12.02 განჩინება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.03.03 განჩინებით შპს «... საწარმოს" განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 16.02.04 განჩინებით შპს «... საწარმოს" უარი ეთქვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.10.02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ღვინისა და კონიაკის დაძველებისა და ჩამოსხმის საწარმომ".
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.01.05 განჩინებით შპს «... საწარმოს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 16.02.04 განჩინება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 9.2 ჰა მიწის ნაკვეთზე განლაგებული უძრავ-მოძრავი ქონება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაეცა შპს «.. ..ს", ხოლო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" 28.10.97 კანონის თანახმად, მიწა საკუთრებაში გადაეცემათ იმ პირებს, ვინც სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს «.. ..ს" საკუთრებაში გადაეცა რა უძრავი ქონება, შესაბამისად‚ უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთიც. სააპელაციო პალატის აზრით, შპს «... საწარმოს" არავითარი იურიდიული უფლება სადავო მიწაზე არ გააჩნდა, რის გამოც იგი მხარედ ვერ იქნებოდა მოწვეული საქმეში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის წარმოება საქმეზე შეიძლება განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე მხარის მონაწილეობით შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ საქმეზე მხარედ შპს «... საწარმოს" მონაწილეობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «... საწარმომ". კასატორმა აღნიშნა, რომ შპს «... საწარმოს" ერთადერთი პარტნიორია სახელმწიფო 100%-იანი წილის უფლებით, საზოგადოების ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მისი განკარგვა ხორციელდება სსიპ «სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან" შეთანხმებით. კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლოს 02.10.00 გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.99 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებანი უკანონოდ იქნა მიჩნეული. შპს «.. ..ი" უკანონოდ იყო დაუფლებული მათი საზოგადოების ქონებას, რომელიც ამჟამად დაყადაღებულია უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ და ქონება ჩაბარებული აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, შპს «.. ..ის" დირექტორის მიმართ აღძრული იმ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე, რომელ საქმეშიც იგი სამოქალაქო მოსარჩელეს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, 02.10.02 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს «.. ..ი" არ წარმოადგენს შპს «... საწარმოს" ქონების მესაკუთრეს. შპს «.. ..ის" სარჩელში მითითებული იყო, აგრეთვე, რომ იგი სადავო ქონების ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს მხოლოდ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისთვის ნივთის ფაქტობრივი მფლობელობა საკმარისი საფუძველი არ არის. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს «.. ..ი" უკანონოდ ცნობილი სააღსრულებო მოქმედებებით არის დაუფლებული მის ქონებას, რის გამოც ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე. სააპელაციო სასამართლოს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი უნდა გამოეყენებინა არა მისეული ზოგადი მოსაზრების დონეზე, არამედ კონკრეტული ნორმის დასაბუთებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-2 მუხლის «ა" და «ბ" ქვეპუნქტები, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, სკ-ის 158-ე მუხლი. კასატორის აზრით, აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი მფლობელობა ვერ გახდება საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქმის განხილვა მოხდა აპელანტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. სხდომას არ ესწრებოდა შპს «.. ..ის" წარმომადგენელიც. ოქმის ჩანაწერი სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.10.02წ. გადაწყვეტილების და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 17.01.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქმე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 14.08.98 გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 16.08.99 განჩინებით, სს «ვ...ის" სამართალმემკვიდრის შპს «... საწარმოს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ზესტაფონის ყოფილი კონიაკის სპირტების დაძველების და ჩამოსხმის საწარმოს (შემდგომში შპს «.. ..ის") დირექტორის თ. ბ-ის შეგებებული სარჩელი, კერძოდ: აღდგენილი იქნა პირვანდელ უფლებებში ზესტაფონის ყოფილი ... საიჯარო საწარმოს კოლექტივი; შპს «... საწარმოს" ჩამოერთვა საიჯარო საწარმოსათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და დაუბრუნდა ამ უკანასკნელს 17.10.97წ. ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების მიერ ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერის დროს შედგენილი აქტის შესაბამისად; საიჯარო საწარმოს გადაეცა 95.713,96 დეკალიტრი საკონიაკე სპირტი; შპს «... საწარმოს» დაეკისრა საკონიაკე სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სასარგებლოდ ზიანის 1.272036,11 ლარის ზარალი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 22.12.99 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «... საწარმოს" საკასაციო საჩივარი, საიჯარო საწარმოზე გაცემული საკონიაკე სპირტები ჩაითვალა სახელმწიფოს საკუთრებად, დაკმაყოფილდა საიჯარო საწარმოს დირექტორის თ. ბ-ის შეგებებული სარჩელი, საიჯარო საწარმოს კოლექტივი აღდგენილ იქნა პირვანდელ უფლებებში, შპს «... საწარმოს" ჩამოერთვა კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონება-ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და დაუბრუნდა ამ უკანასკნელს 17.10.97 შს საგამოძიებო დეპარტამენტის ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების მიერ ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერის დროს შედგენილი აქტის შესაბამისად, შპს «... საწარმოს" ჩამოერთვა და ზესტაფონის კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს გადაეცა 95713,96 დეკალიტრი საკონიაკე სპირტები. შპს «... საწარმოს" კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანით მიყენებული ზარალის 1272036,21 ლარის გადახდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 14.03.00 დადგენილებით საიჯარო საწარმოს უფლებამონაცვლე შპს «.. ..ი" რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში. ამავე სასამართლოს 11.05.00 განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..ის" დირექტორის თ. ბ-ის მოთხოვნა, შეიცვალა გადაწყვეტილების აღსრულების წესი და საშუალება და შპს «... საწარმოს" მთლიანი ქონება გადაეცა შპს «.. ..ს". ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.06.00 განჩინებით ძალაში დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.05.00 განჩინება. შპს «... საწარმოს» ურავ-მოძრავი ქონება გადაეცა შპს».. ..ს".
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.10.00 გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.99 გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ზესტაფონის რაიონის აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედებანი ჩაითვალა უკანონოდ, რადგან აღმასრულებელმა ახალი სააღსრულებო ფურცლის გარეშე მოახდინა ქონების გადაბარება შპს «.. ..ზე". ამავე სასამართლოს 01.07.02 განჩინებით განიმარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.10.00 განჩინება არ ნიშნავს ქონების შპს «.. ..ისაგან" შპს « ... საწარმოსათვის" დაბრუნებას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.10.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..ის" სარჩელი მოპასუხე ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მოპასუხემ სარჩელი ცნო, მას დაევალა შპს «.. ..ის" სარგებლობაში არსებული 9,2 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საკუთრების უფლებით და საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის მოხდენა.
სსკ-ის 422-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად‚ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი‚ თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «.. ..ი" არ არის შპს «... საწარმოს"
ქონების მესაკუთრე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.10.00 გადაწყვეტილებით, რომლითაც აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედებანი უკანონოდ ჩაითვალა, არ არის უარყოფილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ძალაში შესული 22.12.99წ. გადაწყვეტილება, აგრეთვე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.05.00 გადაწყვეტილება, საოლქო სასამართლოს 02.06.00 განჩინება, გარდა ამისა, სააპელაციო პალატის 01.07.02 განჩინებით განიმარტა, რომ საოლქო სასამართლოს 02.10.00 განჩინება არ ნიშნავს ქონების შპს «.. ..ისაგან" შპს «... საწარმოსათვის" დაბრუნებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" 28.10.98 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, კერძოდ‚ ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 9,2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შპს «... საწარმოს" გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ფართობზე კასატორის მიერ გათვალისწინებული მიწის წლიური გადასახადის გადახდა, რაც‚ ხსენებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.05.00 და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.06.00 განჩინებებით შეიცვალა აღსრულების წესი და საშუალება და შპს «... საწარმოს" მთლიანი ქონება გადაეცა შპს «.. ..ს". ამასთანავე, მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ხსენებული განჩინებებით შპს «.. ..ს" გადაეცა კასატორის საკუთრებაში არსებული ქონება, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა შპს «... საწარმოს" არა საკუთრებაში‚ არამედ _ სარგებლობაში. შპს «... საწარმოს" საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები სკ-ის 150-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებს, რომელზედაც ისინი არიან განლაგებულნი. აღნიშნული ურთიერთკავშირის გამო საკუთრების უფლება ვრცელდება‚ აგრეთვე‚ შენობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზეც, ვინაიდან დამოუკიდებელი სანივთო უფლება არსებით შემადგენელ ნაწილზე შეუძლებელია, ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე აქცესორულ უფლებას, რაზედაც მიმაგრებულია ეს ნივთი. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული განჩინებები არ მოიცავდა კასატორის სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც არასაცხოვრებელი ფართი იყო განლაგებული. კასატორს ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ფართზე აქცესორული უფლება, ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლება მოიაზრება მიწის ნაკვეთთან ერთად და მათი განცალკავება შეუძლებელია. ამასთანავე, საქმეზე არ არის დადგენილი შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული ფართის ოდენობა. ცხადია, რომ უძრავი ქონება ვერ იქნებოდა დამაგრებული 9,2 ჰა მიწის ნაკვეთზე. ამდენად‚ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს «.. ..ისათვის" საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის გამო მას უნდა გადასცემოდა‚ აგრეთვე‚ სადავო მიწის ნაკვეთიც. გასაჩივრებულ განჩინებაში ხსენებული მოსაზრების გასამყარებლად სააპელაციო პალატა უთითებს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონზე, ხსენებული კანონის კონკრეტული ნორმის მითითების გარეშე. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მიწათსარგებლობის უფლება «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის 3.4 მუხლის მიხედვით მოიცავს იჯარის, აღნაგობის, გირავნობის ან უზუფრუქტის უფლებას, საქმეზე არ არის დადგენილი კანონით გათვალისწინებული მიწათსარგებლობის რა ფორმით ჰქონდა გადაცემული შპს «... საწარმოს" სადავო მიწის ნაკვეთი, მიწათსარგებლობის რა დამადასტურებელი საბუთით აქვს გამოყოფილი მას სარგებლობაში მიწის ფართი. გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მსჯელობიდან გაურკვეველია‚ თუ რის გამო შეუწყდა სადავო მიწის ფართით სარგებლობის უფლება კასატორს, რატომ იწვევდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა კასატორისათვის არასაცხოვრებელი ფართისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლების შეწყვეტას. ზემოაღნიშნული გარემოებების გარკვევის გარეშე შეუძლებელია შპს «... საწარმოს" მხარედ მოწვევის აუცილებლობის და მაშასადამე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 16.02.04წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმყაოფილების, საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც‚ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად‚ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ყველა გარემოება, რომელთა სამართლებრივი ანალიზის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახალი განხილვისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «... საწარმოს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.01.05წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩირდება.