Facebook Twitter

საქმე N 190100124009987866

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1089აპ-25 16 მარტი, 2026 წელი

გ-ე გ., №1089აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, გ. გ–ე, მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა ქ. რ–ში, მ–ა ქუჩაზე მყოფ თ. მ–ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ლოგინში მოკლავდა“, რაც თ. მ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 1 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. გ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. გ–ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარა. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რაც სრულად ავსებს ერთმანეთს და საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში –საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის თანმიმდევრული და საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.4. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №230აპ-13 განაჩენი).

5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდეგნილი თ. მ–ის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში განხორციელებული აუდიოჩანაწერი შეიცავს დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებას – „ლოგინში მოკვლის“ მუქარას – გ. გ–ის მხრიდან, თუმცა სახეზეა იმგვარი არსებითი წინააღმდეგობები, რაც გადაულახავ ეჭვს ქმნის მუქარის განხორციელების დროსთან დაკავშირებით. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ 2024 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე, გ. გ–ე ტელეფონით დაუკავშირდა თ. მ–ეს და დაემუქრა. აღნიშნულის დასადასტურებლად ლოგიკურია, რომ დაზარალებულის ტელეფონზე უნდა ყოფილიყო გ. გ–ის მხრიდან შემავალი ზარი. რის შემდეგაც თ. მ–ე უნდა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს.

5.6. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, კერძოდ, მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ ზარის ინიციატორი იყო თ. მ–ე, რაც ერთ-ერთი მთავარი შეუთავსებლობაა ბრალდების შინაარსთან. ამასთან, აღნიშნულ ჩანაწერს დროში უსწრებს თ. მ–ის მიერ „112“-ში დახმარების მიზნით განხორციელებული ზარი. 2024 წლის 29 ივლისს, „112“-ში, 15:47 საათზე განხორციელებული შეტყობინებით, ზარის ინიციატორია თ. მ–ე, რომლის ტელეფონის ნომერია .. .. .. .., რომლის გადმოცემით, თ–ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მამაკაცზე, რომელიც სამჯერ არის ნასამართლევი ძალადობის, ქურდობის და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უკავშირდება და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება და ითხოვს დახმარებას. გამუდმებით ურეკავს, ხელს უშლის მუშაობაში, 10 წუთის წინ ადგილი ჰქონდა მუქარას. ეს პირი გ. გ–ეა. შეტყობინების შინაარსით ნათელია, რომ იგი განხორციელდა შემთხვევის დღეს 15:47 საათზე, რომელშიც მითითებულია, რომ 10 წუთის წინ ადგილი ჰქონდა მუქარას გ. გ–ის მხრიდან. თუმცა საუბარის ჩანაწერი, სადაც გ. გ–ე დაზარალებულს ემუქრება მოკვლით, განხორციელებულია მას შემდეგ, რაც თ. მ–ე–მ შეტყობინება გააკეთა 112-ში და მოითხოვა გამოძიების დაწყება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მუქარის შემცველი ჩანაწერი უფრო დიდი ხანგრძლივობისაა, ვიდრე დაზარალებულის მიერ 112-ში ზარის განხორციელებამდე, მის ტელეფონის ნომერზე, გ. გ–ის ტელეფონიდან შემომავალი ზარები.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა შესაძლოა არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობის ხარისხსს უკარგავს მის ჩვენებას, მით უფრო, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულის საპირწონედ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება.

5.8. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გ. გ–ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, გ. გ–ის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე