საქმე N 330100125011482691
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1090აპ-25 23 მარტი, 2026 წელი
ბ. ა., №1090აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ჰის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.ლ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ბ–ჰი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2025 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით (დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა (2025 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 4 მარტს, თ–ში, მ–ში, დ–სის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილში ა. ბ–ჰიმ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 15,22 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შემცველი მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე, გამომშრალი მცენარეული მასა, 500 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ ა. ქ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თ–ში, .... გამზირზე N..-ში, ბინა N..-ში ჩატარებული ა. ბ–ჰის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 329,32 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შემცველი 2 ცალ პაკეტში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის მცენარეული მასა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ა. ბ–ჰ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ბ–ჰს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა. ბ–ჰს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ა. ბ–ჰს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2025 წლის 1 აპრილიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ჰის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ.ლ–ემ, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 10 ნოემბერს მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირობით ჩათვლა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უკანონო. პალატამ არასწორად დაასაბუთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძვლები. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება მოხდა დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვების დაწყებამდე და არა დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებული გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმისგან. ა. ბ–ჰმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველივე შესაძლებლობისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე კი, უდავოდ სცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, შესაბამისად, კასატორის აზრით, როდესაც ბრალდებული მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში, ხელს არ უშლის გამოძიებას, არ იმალება, არ გარბის და დაცვის მხარის შესავალ სიტყვამდე უდავოდ ხდის მტკიცებულებებს – საკმარისი საფუძველია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის. ამ მუხლისა და დუმილის უფლების საპირისპირო გაგება კი, ქმნის სახიფათო პრეცენდენტს. რაც შეეხება დანაშაულზე წასწრებას, კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №947აპ-24 განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტი, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება არ უნდა იქნას გაგებული დანაშაულზე წასწრებად, როდესაც იმწუთასვე არ ხდება პირის დაკავება და სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებაზე დაცვის მხარეს უარი უთხრა დაუსაბუთებლად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის განმარტება არ შეესაბამება ჰუმანიზმის პრინციპს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ა. ბ–ჰისათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევადაც.
5.6. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
5.7. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის წესსა და პირობებს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში, მითითებულია, რომ სასამართლო უფლებამოსილია ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, არ არის მითითება, რომ სასამართლო ყველა შემთხვევაში ვალდებულია სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოიყენოს აღნიშნული ნორმა, პირობების დაკმაყოფილების მიუხედავად.
5.8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ პირობებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, სამივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.
5.9. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულის მხრიდან კანონით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ვერ გახდება მისი საუარესო მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი. სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოსაყენებლად დანაშაულის აღიარებასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც მოცემული საქმის ფარგლებში არ დადგენილა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ფართო ცნებას მოიცავს და არ გულისხმობს მხოლოდ დუმილის უფლების გამოყენება/არ გამოყენებას ან/და ნერწყვის ნიმუშის გაცემაზე თანხმობის მიცემას.
5.10. როგორც საქმის მასალებით ირკვევა ა. ბ–ჰმა ბრალის წარდგენის შემდეგ გამოიყენა დუმილის უფლება და თანხმობა განაცხადა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, თუმცა ამასთანავე გამოძიების ეტაპზე ბინის ჩხრეკის დროს უარი განაცხადა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე, შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება, მსჯავრდებულ ა. ბ–ჰის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება/არ აღიარების ეტაპს არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისას, ვინაიდან მის მიმართ სახეზე არ გვაქვს ზემოხსენებული მუხლის გამოყენების საფუძვლები კუმულაციურად.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ჰის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.ლ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე