Facebook Twitter

საქმე N 330100124010619802

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №10აპ-26 24 მარტი, 2026 წელი

ო–ი ნ., №10აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ო–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 სათზე, ქ.თ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, შეტყობინების საფუძველზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, სხვა პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, გამოცხადდა ლ. რ–ი, რომელიც სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მივიდა ნ. ო–თან, რა დროსაც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ. ო–ი მოულოდნელად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელ ლ. რ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა კეფისა და ტანის არეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით:

ნ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 დეკემბრის განაჩენითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული გადაუხდელი ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. თ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. თ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ. ო–ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ერთობლივი მოხმარებითა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამასთან, ადვოკატის მითითებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, პენიტენციური დაწესებულების მიერ, ნ. ო–ი, მკურნალობის მიზნით, მოთავსდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მას აღენიშნება ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით დისფორიისკენ და აგრესიული ქცევებისკენ. საქმის განხილვის პროცესში, ნ. ო–ს სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წარედგინა ახალი ბრალდება, სადაც ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ იქნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. კასატორი მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე, იგი ვერ აღიქვამდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პროცესუუნარო პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. ო–ის მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენა, რასაც ადვოკატი არ ხდის სადავოდ და მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილებას საქმეზე: „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-4 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც უშვებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი.

5.4. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმა იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საშუალებას ნებისმიერი პირის მიმართ მისი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, მათ შორის, იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც არ შეუძლია, ადეკვატურად აღიქვას ბრალდების არსი ან/და დაამყაროს კომუნიკაცია ადვოკატთან (პროცესუუნარო პირი, რომელსაც ამ ფაქტის მიმართ ბრალი არ მიუძღვის). საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული უთანაბრდება პირის მსჯავრდებას, მისთვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე. პირის დამნაშავედ ცნობა იმ პირობებში, როდესაც მას წართმეული აქვს ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა, არღვევს სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი პროცესის ჩატარების მოთხოვნას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილება, II-20, 25). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ბუნებრივად აჩენდა შეურაცხადი ბრალდებულების მიმართ გასატარებელი რიგი ღონისძიებების ახლებურად მოწესრიგების საჭიროებას, ხოლო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობა მოუწესრიგებელს დატოვებდა პროცესუუნარო ბრალდებულის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2025 წლის 1 დეკემბრამდე. თავის მხრივ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონით ახლებურად მოწესრიგდა შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო პირის მიმართ სამართალწარმოების წესი.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, ერთი მხრივ, ნ. ო–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ძალადაკარგულად ცნობამდე, ხოლო, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები მიემართება შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო პირის მიმართ პროცესის წარმართვის თავისებურებებს.

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2025 წლის 10 თებერვლის №............ დასკვნის თანახმად, ნ. ო–ს აღენიშნება სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ერთდროული მოხმარებითა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი – F19.71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ. ო–ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების ერთდროული მოხმარებითა და სხვა ფსიქოატიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ზემოაღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ნ. ო–ი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.

5.7. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ო–ი არ წარმოადგენდა შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო პირს. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ დამატებით გარემოებებს, რომლებიც, ადვოკატის მოსაზრებით, მიანიშნებს მსჯავრდებულის მიერ სამართალწარმოების შინაარსის აღქმის შეუძლებლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული ინფორმაცია არ არის დაზუსტებული – სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ნ. ო–ის პროცესუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ განაჩენი გამოტანილ იქნა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული, მართლაც, არ ესწრებოდა ზოგიერთ სასამართლო სხდომას, თუმცა, ეს გამოწვეული იყო სასამართლო განხილვაში მონაწილეობაზე მის მიერვე გაცხადებული უარით.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები – ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. თ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე