¹ 3კ/787-01 14 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საზოგადოებიდან პარტნიორების გარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 21 ნოემბერს შპს “ჯ.-ს” გენერალურმა დირექტორმა ი. პ-მ ჯ. შ-ძის და ა. ლ-უას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს “ჯ.-ა” დაფუძნებულია ექვსი პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში თანაბარი წილობრივი მონაწილეობით.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის “ლ” პუნქტის, საზოგადოების წესდების 6.2.5. და 7.2.5. მუხლით, რეგლამენტირებული უფლებამოსილების შესაბამისად, შპს “ჯ.-ს” პარტნიორთა კრებამ მოპასუხეები გარიცხა საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან.
მოსარჩელემ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის, საზოგადოების წესდების 7.4.1. აგრეთვე, შპს “ჯ.-ს” 2000 წლის 13 ნოემბრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების დადგენილების შესაბამისად მოითხოვა ჯ. შ-ძის და ა. ლ-ს საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან გარიცხულად ცნობა და სარეგისტრაციო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოების წესდების 6.2.1, 6.2.2, 6.2.3 და 6.2.10 მუხლებით რეგლამენტირებული უფლებები და თვითნებურად მოახდინეს საზოგადოებაში წილების გასხვისების მცდელობა. მათ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობებით ვინმე ა. ა-ძეს გადასცეს საზოგადოებაში წილის მართვის უფლება.
მინდობილ საკუთრებად წილის გადაცემა წილის გასხვისებასთან გათანაბრებული აქტია, ამიტომ მასზე ვრცელდება წილის გასხვისებასთან დაკავშირებული ნორმები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის ამ აქტის განხორციელებისთვის საზოგადოებას თანხმობა არ გაუცია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა შპს “ჯ.-ს” კონფიდენციალური საიდუმლოებები – ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლების, გასავლების, კრედიტორების, საზოგადოების განვითარების პერსპექტივების შესახებ გადასცეს შემთხვევით პირს ა. ა-ძეს. მოსარჩელის მითითებით, ამით დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნა – კონფიდენციალობის პრინციპი, რისი უფლებაც პარტნიორს არ ჰქონდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ პარტნიორთა შორის დავის გადაწყვეტის საფუძველს პარტნიორთა კრება წარმოადგენს. სასამართლოს განხილვის საგანი მხოლოდ კრების გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე პარტნიორთა და კრების გვერდის ავლით მოპასუხეთა მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა დაუშვებელი იყო. მათ მოითხოვეს იმ უფლების მინიჭება, რისი უფლებაც არ ჰქონდათ, რაც რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ საოლქო სასამართლომ კანონიერად გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება. მიუხედავად აღნიშნულისა, ჯ. შ-ძემ, რომელიც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო და ა. ლ-მ, რომელიც კომერციული დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, იმავე მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რასაც შემოწმებები მოჰყვა (როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა) და საზოგადოებამ განიცადა ზარალი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეები არაერთხელ იყვნენ მხილებული საზოგადოების საზიანო საქმიანობაში - საქვეანგარიშებო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში და საზოგადოების დავალებათა შეუსრულებლობაში.
ჯ. შ-ძე შპს “ჯუ.-ის” დირექტორიცაა, ხოლო ა. ლ-უა ამავე საზოგადოებაში კომერციული დირექტორის ფუნქციებს ასრულებს. მიუხედავად საზოგადოების პარტნიორთა არაერთი მიმართვისა, ისინი კვლავ აგრძელებენ იმავე საქმიანობას, რაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.6 მუხლის შესაბამისად დაუშვებელია. მათ მოახდინეს საზოგადოების წესდების და კრების იგნორირება, როცა ორჯერ არ გამოცხადნენ საზოგადოების კრებაზე, ამასთან, დაარღვიეს წესდებაც, რაც შეთქმულების და ღალატის ტოლფასია. ამით ისინი გაემიჯნენ საზოგადოების საქმიანობას და მიატოვეს დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს შეუძლებლად მიაჩნია მოპასუხეთა საზოგადოების პარტნიორად ყოფნა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები გარიცხულ იქნენ შპს “ჯ.-ს” პარტნიორობიდან.
რაიონულმა სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი მოტივები:
რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 9 აგვისტოს მინდობილობები ჯ. შ-ძის და ა. ლ-ს მიერ ა. ა-ძისათვის შპს “ჯ.-ში” თავისი წილზე უფლების ერთი წლის ვადით გადაცემა მინდობილი საკუთრების წილის გადაცემად ჩათვალა და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო წილის გასხვისებასთან დაკავშირებული წესები, ანუ საჭირო იყო პარტნიორთა თანხმობა. მოპასუხეებმა პარტნიორთა თანხმობის გარეშე გადასცეს რა წილის მართვის უფლება ა. ა-ძეს, დაარღვიეს საზოგადოების წესდების 6.2.1, 6.2.2, 6.2.3 და 6.2.10 მოთხოვნები.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ა. ა-ძეს გადასცეს ინფორმაცია შპს “ჯ.-ს” ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლების, გასავლების და კრედიტების შესახებ. ა. ა-ძეს დაავალეს რა საზოგადოების საფინანსო შემოწმება, ფაქტობრივად გათქვეს შპს “ჯ.-ს” კომერციული საიდუმლოება, რითაც დაარღვიეს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის გარემოება დაუდო, რომ მოპასუხეები პარტნიორების თანხმობის გარეშე იმავე საქმიანობას მისდევდნენ სხვა კონკურენტ საზოგადოებაში, რითაც მათ მიერ ირღვეოდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.6 მუხლის მოთხოვნა.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა თავიანთი მოქმედებებით კონფლიქტური ვითარება შექმნეს საზოგადოებაში, განუდგნენ საზოგადოებას და მიატოვეს საზოგადოებაში თავიანთი მოვალეობის შესრულება.
მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2001 წლის 30 მაისს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ა. ა-ძეს გადასცეს რა საზოგადოებაში თავისი წილის მართვის უფლება, დაარღვიეს საზოგადოების წესდების 6.2.1, 6.2.2 და 6.2.10 მუხლების, ასევე, მეწარმეთა შესახებ კანონის 46.6 მუხლის მოთხოვნა. მათ უფლება არ ჰქონდათ, წილის მართვის უფლება გადაეცათ სხვა პირისათვის, რადგან საზოგადოებაში წილის მართვა ნიშნავს პარტნიორის მონაწილეობას საზოგადოების საქმიანობაში, წილის მართვის უფლების გადაცემა კი გამოიწვევს საზოგადოებაში სხვა პირის შესვლას, რისთვისაც საზოგადოების დანარჩენი პარტნიორების ნებართვაა საჭირო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საზოგადოებასთან მოპასუხეთა დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მათ საზოგადოების გვერდის ავლით მიმართეს სასამართლოს და პროკურატურას მაშინ, როცა პარტნიორთა დარღვეული უფლებების დასაცავად მათ თავდაპირველად უნდა მიემართათ საზოგადოების საერთო კრებისათვის.
2001 წლის 13 ივლისს მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორებს მიაჩნიათ, რომ ა. ა-ძე მათ მიერ დაქირავებული იყო სპეციალისტად საზოგადოების საქმიანი დოკუმენტების გაცნობაში დახმარების გაწევის მიზნით. იგი მათთან მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა საზოგადოების საქმიანი დოკუმენტების გასაცნობად, მაგრამ საზოგადოების დირექციამ იგი ამ დოკუმენტების გასაცნობად არ დაუშვა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ ა. ა-ძისათვის წილის მართვის უფლების გადაცემას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ მათ ა. ა-ძეს გადასცეს საზოგადოებაში არსებული მათი წილის მართვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულების უფლება დროებით, დავალების შესაბამისად, ხოლო საქმეში არსებული ხელშეკრულებები საკუთრების მინდობის ხელშეკრულებები კი არა, არამედ დავალების ხელშეკრულებებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ პარტნიორთა საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძვლად მიუთითა მათ მიერ საზოგადოებაში კუთვნილი წილის სხვა პირისათვის მინდობა, საზოგადოებიდან გარიცხულ პარტნიორთა არასათანადო შეთავსება, საზოგადოებაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა და გარიცხულ პარტნიორთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობათა შეუსრულებლობა.
აღნიშნული გარემოებებიდან სააპელაციო სასამართლომ პარტნიორთა გარიცხვის საფუძვლად მიიჩნია მხოლოდ ისეთი გარემოებები, როგორიცაა საზოგადოებაში წილის მართვის უფლების სათანადო ნებართვის გარეშე სხვა პირისათვის დათმობა და კონლიქტური სიტუაციის შექმნა, მაგრამ რაიონული სასამართლოს მიერ პარტნიორების გარიცხვის სხვა მოტივები არ უარყო და არც დაადასტურა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები პარტნიორთა საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა მოპასუხეთა პარტნიორობიდან გარიცხვას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მისი შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუ კი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 152-ე მუხლების შესაბამისად ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი, მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.8 მუხლის შესაბამისად საზოგადოებაში პარტნიორის წილი პარტნიორის ქონებაა, საკუთრებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებაში პარტნიორის მდგომარეობას. ყოველ პარტნიორს აქვს კანონით მინიჭებული უფლებები, რომელთა შეზღუდვა ან აკრძალვა დაუშვებელია და იგი დარეგულირებულია მითითებული კანონის 3.9 მუხლით. პარტნიორთა წილი, შპს-ს წევრობიდან გამომდინარე, განისაზღვრება განხორციელებული შენატანის ოდენობით. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.3 მუხლის შესაბამისად პარტნიორის მიერ წილის დათმობა (გასხვისება) მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. ამავე კანონის 46.4 მუხლის შესაბამისად საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილის გადაცემის სხვა პირობებიც. კერძოდ, გამსხვისებლისთვის აუცილებელი გახდეს საზოგადოების ნებარვა ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. წილის დათმობა, გადაცემა, გასხვისება ნიშნავს წილზე უფლების ყოველგვარ დათმობას, ყოველგვარ გადაცემას. წილის გასხვისებას უთანაბრდება წილის დაგირავება, უზურფრუქტი, ვალდებულის უზრუნველყოფის საშუალებად წილის გამოყენება ან საკუთრების მინდობა – მისი გადაცემა. ამ დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც გათვალისწინებულია წილის გასხვისებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 725-ე მულის პირველი ნაწილის შესაბამისად მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი ქონება (მოცემულ შემთხვევაში – პარტნიორის წილი) თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. 727-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით, ხოლო 723-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 716-ე მუხლის შესაბამისად ქონება, რომელიც მარწმუნებელმა გადასცა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორთაგ რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად და რწმუნებული 719-ე მუხლის შესაბამისიად პასუხისმგებელია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ზიანზე, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, შპს-ში წილის გასხვისებას უთანაბრდება წილის მინდობილ საკუთრებად გადაცემა.
საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მართვა მინდობილი მესაკუთრის საქმიანობად მიიჩნევა, რომელსაც მინდობილი მესაკუთრე ახორციელებს საკუთარი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. დავალების ხელშეკრულებით კი რწმუნებული კისრულობს ვალდებულებას მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედების განხორციელებისათვის მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით, ანუ მისი მოქმედების შედეგად მესამე პირებთან წარმოშობილ ურთიერთობის მონაწილე ხდება მარწმუნებელი, რაც ფაქტობრივად განასხვავებს მას საკუთრების მინდობის ხელშეკრულებისაგან, რომლის საფუძველზეც მინდობილი მესაკუთრე თვითონ კისრულობს ვალდებულებას, მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით, ანუ მინდობილი მესაკუთრე ქონების მართვისას მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის საკუთარი სახელით. უფრო მეტიც, მესამე პირებთან ურთიერთობაში მინდობილი მესაკუთრე სარგებლობს მესაკუთრის უფლებით (სამოქალაქო კოდექსის 729-ე, 725-ე მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ა. ა-ძეს მიეცა უფლება, წარმოედგინა ჯ. შ-ძის და ა. ლ-ს ინტერესები ყველა სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და კერძო სტრუქტურებში შპს “ჯ.-ში” მათი კუთვნილი წილის მართვასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით განეხორციელებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. დავალება განისაზღვრა ერთი წლის ვადით. მითითებული მინდობილობით ა. ა-ძეს მარწმუნებლებმა საკუთრება (წილი) კი არ მიანდეს, არამედ დაავალეს გარკვეული მოქმედების განხორციელება დროებით მარწმუნებლის სახელით. ამ დავალებით რწმუნებულის მიერ მესამე პირებთან წარმოშობილ ურთიერთობის მონაწილე გახდა მარწმუნებელი და არა რწმუნებული, როგორც ეს საკუთრების მინდობის დროს ხდება, რადგან მოცემულ შემთხვევაში 2000 წლის 9 აგვისტოს, მინდობილობებით რწმუნებულს საკუთრება (წილი) კი არ გადაეცა, არამედ დაევალა მარწმუნებელთა ინტერესების სასარგებლოდ მინდობილობით წილის მართვა გარკვეული დროის ვადით.
აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მოპასუხის მოქმედება განხილულ იქნეს წილის მინდობილი საკუთრების გადაცემად. იგი დავალების ხელშეკრულებაა და ამდენად, ასეთი დავალების შესრულებისას საჭირო არაა იგივე წესების გამოყენება, რაც მეწარმეთა კანონის შესაბამისად წილის განსხვისებისათვისაა საჭირო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს-ში არსებული წილის (საკუთრების) მინდობა კი არ განხორციელდა, არამედ შპს “ჯ.-ში” პარტნიორთა წილის მართვასთან დაკავშირებით პარტნიორთა ინტერესების სასარგებლოდ, მათივე სახელით, დროებით ყველა ღონისძიების განხორციელების უფლებით აღიჭურვა რწმუნებული და ეს ფუნქცია მას უნდა განეხორციელებინა მარწმუნებლის მიერ მიცემული ცალკეული დავალების შესაბამისად მარწმუნებლის სახელით, მარწმუნებლის ინტერესების სასარგებლოდ, მარწმუნებლის ხარჯზე.
სამოქალაქო კოდექსის 727-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების მინდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. ამის დაუცველობა იწვევს მის ბათილობას, რადგან საკუთრების მინდობის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებას მიეკუთვნება, ამიტომ მისი დადებისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება არა მხოლოდ წერილობით, არამედ აუცილებელია ქონების გადაცემაც მინდობილი მესაკუთრისათვის.
ვინაიდან ქონების (წილის) გადაცემას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, თავისთავად იგულისხმება, რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაც არ დადებულა, მითუმეტეს, 2000 წლის 9 აგვისტოს მინდობილობებში არაა მითითებული იმის შესახებ, რომ მარწმუნებელი რწმუნებულს გადასცემდა წილს და მესამე პირებთან ურთიერთობაში ამ წილის მართვის უფლებას თავისი (რწმუნებულის) სახელით. აქედან გამომდინარე, მითითებული მინდობილობა არაა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, იგი დავალების ხელშეკრულებაა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა გარიცხვას არ შეიძლება საფუძვლად არც ის გარემოება დაედოს, რომ საზოგადოებაში შექმნილი იყო კონფლიქტური მდგომარეობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საზოგადოებაში კონფლიქტური მდგომარეობა შექმნა პარტნიორების მიერ დავალების ხელშეკრულების გაცემამ, რაც თავისთავად კანონიერი იყო და პარტნიორის მიერ კანონიერი მოქმედების განხორციელების გამო საზოგადოებაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ შეიძლება კანონიერ მოქმედების განმხორციელებელს შეერაცხოს.
მართალია, საზოგადოებაში მართლაც შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ ამის მოგვარება საზოგადოების დანარჩენი პარტნიორების მიერ ამაში არაბრალეული სხვა პარტნიორების საზოგადოებიდან გარიცხვით არ უნდა დარეგულირდეს. როგორც აღინიშნა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენ მოტივებს პარტნიორთა გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით (შეთავსების უკანონობა, კომერციული საიდუმლოების დარღვევა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა) სააპელაციო სასამართლო არ შეხებია და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, ანუ ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით არ გამოურკვევია მისი გამოკვლევა საკასაციო პალატის ფუნქციებს სცილდება. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 304-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.