Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1107აპ-25 27 მარტი, 2026 წელი

ქ–ე ი., №1107აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ქ–ეს ბრალად ედებოდა:

1.1.1. ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

1.1.2. ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ი. ქ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2025 წლის იანვარში, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მესაკუთრული დამოკიდებულების და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის გამო, ი. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.2.2. 2025 წლის 28 მარტს, ბ–ში, .... და .... ქუჩების კვეთაზე, ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მესაკუთრული დამოკიდებულების და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის გამო, ი. ქ–ემ მკერდის არეში ხელის მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2.3. 2025 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მესაკუთრული დამოკიდებულების და შერიგებაზე მიღებული უარის გამო, ი. ქ–ემ ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით (ცოცხლად დაწვით) დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით:

2.1.1. ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის იანვრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

2.1.2. ი. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

2.1.3. ი. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2025 წლის 28 მარტის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (2025 წლის 28 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ქ–ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

2.1.5. ი. ქ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და ი. ქ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.1.6. ი. ქ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2025 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 4 ივნისის ჩათვლით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

2.2.1. 2025 წლის იანვარში, ბ–ში, .... ქუჩის №.-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის გამო, ი. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2.2.2. 2025 წლის 28 მარტს, ბ–ში, .... და .... ქუჩების კვეთაზე, ი. ქ–ემ მკერდის არეში ხელის მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2.3. 2025 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, შერიგებაზე მიღებული უარის გამო, ი. ქ–ემ ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით (დაწვით) დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – ნ. ს–ს, რომელთანაც წარსულში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას (ინტიმური პარტნიორი), რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლა. აპელანტის მოსაზრებით, სასჯელი უნდა გამკაცრდეს და მსჯავრდებულს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა, რომელიც სრულად უნდა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ოლღა მერებაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ქ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. კასატორის პოზიციით, სასჯელი უნდა გამკაცრდეს და მსჯავრდებულს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა, რომელიც სრულად უნდა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. პროკურორის პოზიციით, დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულთან პრეტენზიის არქონის შესახებ გაკეთებული განცხადება არ უნდა ჩაითვალოს სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად, რადგან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის განკარგვადი სიკეთე და მისი უარყოფა ვერ იქნება დაზარალებულის ნებაზე დამოკიდებული. მსხვერპლი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, დაექვემდებარება თუ არა მომავალში მოძალადის მხრიდან ოჯახურ დანაშაულს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ი. ქ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ი. ქ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება (ი. ქ–ე ნასამართლობის არმქონეა) და მსჯავრდებულს თითოეული დანაშაულისთვის დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაუთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, კანონიერად გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი.

4.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავის ქცევაც, რაც გულისხმობს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების მცდელობასა და დაზარალებულთან შერიგებას. აღნიშნული ქცევა მიუთითებს დამნაშავის მიერ პასუხისმგებლობის აღიარებაზე, სინანულსა და რესოციალიზაციისკენ მისწრაფებაზე, ამცირებს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სოციალურ დაძაბულობას და რეციდივის რისკს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაული თავისი ბუნებით მძიმეა, დაზარალებულთან შერიგება უნდა შეფასდეს როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, ვინაიდან იგი პირდაპირ ეხმიანება კანონის მოთხოვნას დანაშაულის შემდგომი ქცევის გათვალისწინების შესახებ და ასახავს დამნაშავის პიროვნულ პოზიტიურ ცვლილებას, რაც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პროცესში მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია.

4.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ი. ქ–ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

4.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე