Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/789 16 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წლის 2 სექტმბერს ა. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე “ზ-ის” მიმართ და მოითხოვა 2088 აშშ დოლარის გადახდევინება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლის 25 მარტს მოპასუხემ მისგან შეიძინა 11,6 ტონა საბურღი ფოლადის მილი, რომლის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა 1996 წლის 10 აპრილამდე, მაგრამ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და დღემდე ნებაყოფლობით არ იხდის ვალს. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს “ზ-ის” ბეჭდით დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ა. მ-ძემ 1996 წლის 4 აპრილს ფირმა “ზ-ში” ჩააბარა 2088 აშშ დოლარის ღირებულების საბურღი მილი, რომლის ღირებულება არ მიუღია და გადახდილი იქნება 10 აპრილისათვის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბურღი მილები მას არ შეუძენია ა. მ-ძისაგან, რის გამოც თავი არ ცნო სათანადო მოპასუხედ. სათანადო მოპასუხედ დაასახელა თ. ბ-ძე. დირექტორმა ასევე, უარყო თავისი ხელმოწერა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობაზე და ზედდებულზე.

შპს “ზ-ი და გ-ის” ბუღალტრის ბ. მ-ძის განმარტებით ცნობა და ზედდებული შევსებული იქნა მის მიერ დირექტორის დავალებით.

თანამოპასუხედ ჩაბმული თ. ბ-ძის განმარტებით იგი იყო შუამავალი შპს “ზ-სა” და ა. მ-ძეს შორის, შ. გ-ძის მიერ საბურღი მილები დაწუნებული იქნა, რის გამოც მან მხოლოდ შესანახად დატოვა საბურღი მილები ფირმის ტერიტორიაზე. მილები მის მიერ იქნა რეალიზებული და მიღებული თანხის ნაწილი გადაუხადა ა. მ-ძეს.

ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა და საქმე მოკვლევის ჩასატარებლად გადაეგზავნა აჭარის შსს ეკონომიური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს. საქმე განახლდა 2000 წლის 13 მარტს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს “ზ-ი და გ-ე” არასათანადო მოპასუხედ ცნო სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე და იმის გამო, რომ მოსარჩელე თანახმა არ იყო თავდაპირველი მოპასუხის შეცვლაზე, 2000 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ არ გაიზიარა ა. მ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. ბ-ძე იყო შპს “ზ-ის” სავაჭრო მაკლერი და დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს ვალდებულებითი ურთიერთობა ჰქონდა თ. ბ-ძესთან და არა შპს “ზ-თან”.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ორივე საბუთი შევსებული იყო მოპასუხე საზოგადოების ბუღალტრის მიერ და არცერთზე არ იყო დირექტორის ხელმოწერა. სასამართლომ მიუთითა, რომ საბუთები ბუღალტრის მიერ გაცემული იქნა იმისათვის, რომ მოსარჩელეს არ ეფიქრა, რომ თ. ბ-ძე მას ატყუებდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 სექტემბრის განჩინებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა და ზედდებული შინაარსისა და ფორმის მიხედვით დოკუმენტის სახეს არ მიეკუთვნება, რის გამოც მტკიცებულებად არ გამოდგება.

ა. მ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 85-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა და საქმე მოკვლევისათვის გადაეგზავნა აჭარის ა/რ ეკონომიური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს. საქმის მასალები სასამართლოში დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ _ 1999 წლის 30 ნოემბერს. საქმეს არ ერთვის მოკვლეული მასალები. სასამართლომ საქმე განაახლა და ისე განიხილა, რომ არ გაარკვია შსს ეკონომიური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით შემოწმდა თუ არა განჩინებაში მითითებული საკითხები და მათ მიერ რა გარემოებები იქნა დადგენილი.

შპს “ზ-ი და გ-ის” ბუღალტრის განმარტებით, ცნობა და ზედდებული მის მიერ იქნა შევსებული დირექტორი შ. გ-ძის დავალებით. სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ცნობა და ზედდებული შეავსო ბუღალტერმა იმისათვის, რომ ა. მ-ეს თავი მოტყუებულად არ ეგრძნო და მხოლოდ ამ ცნობის მიღების შემდეგ დატოვა საქონელი და გულდამშვიდებით წავიდა. ცნობა დამოწმებულია შპს “ზ-ის” ბეჭდით და ხელმოწერილია. ცნობის შინაარსიდან ირკვევა, რომ საქონელი ჩაიბარა შპს “ზ-მა” და იკისრა ვალდებულება მისი ღირებულების გადახდაზე.

სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად, საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ზ-მა” თავის ტერიტორიაზე მიიღო საქონელი რის შესახებაც ბუღალტერმა გასცა ცნობა.

სასამართლომ ცნობა და ზედდებული არ მიიჩნია მტკიცებულად, ამასთან არ არის დასაბუთებული რატომ არ გამოდგება ისინი მტკიცებულებად. ასევე, გადაწყვეტილებაში არ არის ასახული თუ რას დაეყრდნო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ ცნობაზე და ზედდებულზე ხელმოწერა არ ეკუთვნის დირექტორს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-ძის საკასციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 1 სეტემბრის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.