საქმე N 330100125010779226
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1116აპ-25 26 მარტი, 2026 წელი
ფ–ა ნ., №1116აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ფ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21:15 საათზე, ნ. ფ–ა „BMW“-ს მარკის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით ........, იმყოფებოდა თ–ში, გ–ს სანაპიროზე. ამოსასვლელი პანდუსით ამოვიდა „....–ს სახელობის ხიდთან“, ვინაიდან შუქნიშანზე ენთო მწვანე ფერის მაშუქი, შეუჩერებლად შევიდა „........ სახელობის ხიდის“ პირველ სამოძრაო ზოლში, ........ გამზირის მხრიდან ....... ხეივნის მიმართულებით, დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით. მის წინ თანმხვედრი მიმართულებით უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრავ ავტომობილზე გასწრების მიზნით, გადავიდა მეორე სამოძრაო ზოლში და მოძრაობა განაგრძო განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის (60 კმ/სთ) გადაჭარბებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. მეორე სამოძრაო ზოლში, ასევე მასზე დაბალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილზე გვერდის ავლის მიზნით ნ. ფ–ამ საჭე კვლავ მიმართა მარჯვნივ, პირველი სამოძრაო ზოლისკენ, ისე რომ არ გაითვალისწინა შერჩეული სიჩქარე, საგზაო პირობები და მოძრაობის ინტენსივობა, რის გამოც ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე მოუცურდა ავტომობილი, ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გზის სავალი ნაწილიდან ავარდა მარჯვენა მხარეს არსებულ „.......... ხიდის“ საფეხმავლო ბილიკზე და შეეჯახა ტროტუარზე მოძრავ ქვეითს – ლ. ფ–ეს. აღნიშნულით ნ. ფ–ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. ნ. ფ–ას მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებებით, ლ. ფ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
1.3. 2024 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21:15 საათზე, ნ. ფ–ა „BMW“-ს მარკის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით ......., იმყოფებოდა თ–ში, გ–ს სანაპიროზე. ამოსასვლელი პანდუსით ამოვიდა „....... სახელობის ხიდთან“, ვინაიდან შუქნიშანზე ენთო მწვანე ფერის მაშუქი, შეუჩერებლად შევიდა „.......... სახელობის ხიდის“ პირველ სამოძრაო ზოლში, .......... გამზირის მხრიდან .......... ხეივნის მიმართულებით, დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით. მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილზე გასწრების მიზნით, გადავიდა მეორე სამოძრაო ზოლში და მოძრაობა განაგრძო განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის (60 კმ/სთ) გადაჭარბებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. მეორე სამოძრაო ზოლში, ასევე მასზე დაბალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილზე გვერდის ავლის მიზნით ნ. ფ–ამ საჭე კვლავ მიმართა მარჯვნივ, პირველი სამოძრაო ზოლისკენ, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გზის სავალი ნაწილიდან ავარდა საფეხმავლო ბილიკზე და შეეჯახა ტროტუარზე მოძრავ ქვეითს – ლ. ფ–ეს. ნ. ფ–ას მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ. ფ–ემ მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება. ნ. ფ–ა, რომელსაც ევალებოდა მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულ ლ. ფ–ზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაზარალებული მიატოვა განსაცდელში, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ. ფ–ა წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით, უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენით, ნ. ფ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდა.
ნ. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით; მასვე, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა – სრულად შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ფ–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით და დამატებით სასჯელად საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ და მოითხოვა ნ. ფ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 14 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნ. ფ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურება ნ. ფ–ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და დაადგინა, რომ ნ. ფ–ას ლ. ფ–ე განსაცდელში დაუხმარებლად არ მიუტოვებია, რადგან არცერთ მოწმეს არ მიუთითებია, რომ მსჯავრდებული, რომელსაც ევალებოდა და შეეძლო დაზარალებულის დახმარება რაიმე ფორმით ეხმარებოდა მას. მსჯავრდებულს დახმარების სათხოვნელად არ დაურეკავს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში. ამასთან, ბრალდების მხარე თვლის, რომ ნ. ფ–ას მიმართ დანიშნული სასჯელი ლმობიერია, რადგან იგი დაემალა გამოძიებას და არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად, ბრალდების მხარე უთითებს თაღლითობის ბრალდების სს საქმეზე ნ. ფ–ასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს გაუქმების და გირაოს უზრუნველსაყოფად ყადაღადებული ქონების აღსასრულებად მიქცევის საკითხს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ნ. ფ–ას მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ განსაცდელში მიტოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერება.
5.3. უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განსაცდელში მიტოვება – ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის ვალდებულება, ხოლო დამდგარ შედეგს (სათანადო დახმარების შემთხვევაშიც დადგებოდა სიკვდილი თუ არა) per se ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პასუხისმგებლობის საფუძველია განსაცდელში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N335აპ-21 გადაწყვეტილება). ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსაცდელში მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება.
5.4. განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანით შეჯახების შედეგად, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ ნ. ფ–ას წარმოექმნა ლ. ფ–ეზე ზრუნვის ვალდებულება (რომლის შესაძლებლობაც მას ჰქონდა), იმისგან დამოუკიდებლად, გამოიღებდა თუ არა მისი მცდელობა შედეგს და შეუნარჩუნდებოდა თუ არა მას სიცოცხლე, იგი ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი ზომები.
5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, თვითმხილველი მოწმეების: გ. ღ–ს, გ. ღ–სა და ვ. ი–ს ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ ნ. ფ–ას არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი. იგი იყო მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და მისთვის ცნობილი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა მოქალაქეებიც, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ იყო დაზარალებული და ეხმარებოდნენ მას. შემთხვევის ადგილი დატოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამასთან, თავად მსჯავრდებულის განმარტებით, მან მანქანა თავად გადააგორა, ყვიროდა დაერეკათ სასწრაფო დახმარებისათვის, შემდეგ კი, ადგილზე მყოფმა პირმა უთხრა, რომ უკვე დარეკილი იყო. სასწრაფოს მისვლის დროსაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაიანახა, თუ როგორ გადააფარეს მას სუდარა. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნ. ფ–ამ დაიანახა და შეიმეცნა დაზარალებულის გარდაცვალება და შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, საწინააღმდეგოს მტკიცება კი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტებით.
5.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაცია პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მიმოხილული მტკიცებულებები ადასტურებენ ნ. ფ–ას მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, ამასთან მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც დაასტურებდა განსაცდელში მიტოვების ფაქტს, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი.
5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 43-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.10. რაც შეეხება, აღკვეთის ღონისძიების დარღვევისა და უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო. შესაბამისად, ვერც აღნიშნული საკითხი გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე