Facebook Twitter

¹ბს-347-331(კ-06) 29 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ც. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები: აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურო; ჯ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 14 მარტს ც. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ კრედიტორ ჯ. ც-ის მოთხოვნით, მ/წლის 14 მარტს გასცა სააღსრულებო ფურცელი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე.

მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო მისი გამოსახლება ბათუმში, .... ქ. ¹75-ში მდებარე ბინიდან, რაც, მოსარჩელის განმარტებით, არაკანონიერია, რადგან ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლებოდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვინაიდან საქმის წარმოება ჯერ არ იყო დამთავრებული, რაც დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 11 იანვრის განჩინებით, რომლითაც საქმე ნაწილობრივ, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2005 წლის 14 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.

2005 წლის 15 მარტს მოსარჩელე ც. კ-ას წარმომადგენელმა გ. წაქაძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის ,,დ» პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გამო მოითხოვა ¹2-546 საქმეზე 2005 წლის 14 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ც. კ-ას წარმომადგენელ გ. წ-ის განცხადება და შეჩერდა ¹2-546 საქმეზე 2005 წლის 14 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული სააღსრულებო წარმოება მოვალე ც. კ-ას სარჩელზე აღძრულ ¹3-242 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ც. კ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 იანვრის განჩინებით ც. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო ბინიდან გამოსახლების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე».

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს მიერ გაიცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო განცხადებაში და ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით ც. კ-ას წარმომადგენლის – გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. კ-ას საჩივარი; დაკმაყოფილდა ჯ. ც-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა ც. კ-ას შეგებებული სარჩელი. საქართველოს უზენესი სასამართლოს 2005 წლის 11 იანვრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ც. კ-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ჯ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული გულისხმობს რომ გადაწყვეტილება ჯ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, განხილვის საგნად დარჩენილია ც. კ-ას სააპელაციო საჩივარი მისი შეგებებული სარჩელის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა. როგორც ც. კ-ას სარჩელშია მითითებული, ჯ. ც-ის სარჩელზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2005 წლის 14 მარტს, რითაც დაცულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნა, რომ იძულებითი აღსრულება დაიშვება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და ასევე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო (ამ შემთხვევაში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სადავო სააღსრულებო ფურცელი არ არის საქმეში, მაგრამ იმას, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2005 წლის 14 მარტს, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 11 იანვარს, არ უარყოფს მოსარჩელის წარმომადგენელიც.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ას წარმომადგენელმა გ. წ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. კასატორის განმარტებით, მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის მოულოდნელი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მისამართზე მიღება, რომელზედაც, გასაჩივრებული განჩინების შესაბამისად, გაუგზავნეს უწყებები, მაგრამ ეს უწყებები მათ არ მიუღიათ, ვინაიდან მას თურმე შეუცვლია მისამართი და ამის თაობაზე სასამართლოსთვის არ უცნობებია.

კასატორის განმარტებით, უწყებაში სწორად არის მითითებული მისი საპროცესო სტატუსი (ც. კ-ას წარმომადგენელი) და მისამართი, მაგრამ ქუთაისიდან ბათუმში გაგზავნილ ტექსტში დაშვებულია შეცდომა: ის გაგზავნილია .... ქ. ¹55-ში მცხოვრებ კ-ის (ტექსტში გამორჩენილია სიტყვები: ,,ც. კ-ას წარმომადგენელ გ. წ-ეს»), ასეთი კი არ არსებობს და დეპეშაზე გაკეთებული წარწერა შეესაბამება სინამდვილეს – ქ. ბათუმში, .... ქ. ¹55-ში ც. კ-ა არ ცხოვრობს.

ცირა კოსატას მისამართია: ბათუმი, .... ქ. ¹75, ხოლო ბათუმში, ... ქ. ¹55-ში გაგზავნილი დეპეშა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ვერ ჩაითვლება უწყების ჩაბარებად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ას წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორ ც. კ-ას წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ძირითად საფუძვლად საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” პუნქტი, კერძოდ, კასატორის მითითებით, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის მოწვევა მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.

კასატორის პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ზემოაღნიშნული დარღვევის არსებობის ფაქტი, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. ამავე კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც სასამართლო უწყების შინაარსი უნდა პასუხობდეს.

საქმეში, ს.ფ. 54-ზე, წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომელიც სრულად პასუხობს ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულ ყველა რეკვიზიტს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული გზავნილი წარმოადგენს სწორედ იმ დოკუმენტს, რომელიც განკუთვნილია მხარისათვის (წარმომადგენლისათვის) და რომლის საფუძველზეც მხარის წარმომადგენელს ეცნობება პროცესის დანიშვნის თარიღი. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ გზავნილში ცალსახადაა მითითებული გ. წ-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, ხოლო, რაც შეეხება საქმეში, ს.ფ. 56-ზე, დაცულ დოკუმენტს, მითითებული წარმოადგენს ჩაბარების შესახებ შეტყობინებას, რომელიც თავისთავად ვერ გაიმეორებს სასამართლო შეტყობინების შინაარს, ის განკუთვნილია სასამართლოსათვის და მასში გაპარული მექანიკური შეცდომა, ვერ იქცევა იმის დასტურად, რომ მხარის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა მოწვეული პროცესზე.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ამ ნაწილში და მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი გაზიარების მატერიალურ-პროცესუალური საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოქალაქე ჯ. ც-მა 2003 წლის 23 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ც. და მ. კ-ების, გ. გ-ასა და თანამოპასუხე მ. ლ-ას მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹75-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან მისი წილის რეალურად გამოყოფა და მოპასუხეთა სადავო ფართიდან გამოსახლება.

იმავე წლის 6 ივნისს მოპასუხე ც. კ-ამ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 27 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ც. და მ. კ-ები და გ. გ-ვა მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹75-ში მდებარე ჯ. ც-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის პირველი სართულის ¹1, მე-2 სართულის ¹1 და ¹5 ოთახებიდან; ც. კ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. კ-ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ც. კ-ას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ც. კ-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 11 იანვრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო ც. კ-ას შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, რომ ჯ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააღსრულებო ფურცელი ჯ. ც-ის მოთხოვნით გაცემულია 2005 წლის 14 მარტს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია ჯ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს წინამდებარე სარჩელის დაუკმაყოფილებლობას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ-ას წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განჩინება;

3. ც. კ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.