Facebook Twitter

საქმე N 020100124009611909

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1120აპ-25 23 მარტი, 2026 წელი

შ–ე გ., №1120აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. შ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 23 მაისს, დილის საათებში, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, გ. შ–ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმ მიზეზით, რომ ეჭვიანობდა მეუღლე ფ. კ–აზე, ამ უკანასკნელის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვით, მისთვის ძლიერი და ინტენსიური ფიზიკური ტკივილის და ტანჯვის მიყენების სურვილით, მრავალჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მიღებული დაზიანებების შედეგად ფ. კ–ა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, გ. შ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაიისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 8 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. შ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. კ–მ, რომლითაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორთა პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ: მასში მოყვანილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს გ. შ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებას. მოწმეები საქმის შედეგით არიან დაინტერესებულნი. მათ ჩევენებებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წინააღდეგობრივია. კასატორის აზრით, მტკიცებულებები ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არ ქონას, წინააღმდეგ შემთხვევაში განზრახვას იგი ბოლომდე მიიყვანდა და არ დატოვებდა შემთხვევის ადგილს, ვინაიდან არ ჰქონდა ხელიშემშლელი გარემოება. მოკვლის განზრახვის არ ქონაზე მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ მან ფ. კ–ას დასახმარებლად დაურეკა კობა გუგუჩიას. შემთხვევის ადგილზე მისული მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ცოცხალი იყო და საუბრობდა. მოწმე რ. მ–ას განმარტება, თითქოსდა გ. შ–ემ მეუღლეს ჩაქუჩი ჩაარტყა თავში არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოწმე რ. მ–ს გამოკითხვის ოქმი (რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. საკასაციო პალატამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მსჯავრდებული და გარდაცვლილი 32 წელი ცხოვრობდნენ ერთად; გ. შ–ეს მეუღლეზე ფიზიკურად არასდროს უძალადია; 32 წლის განმავლობაში ერთი დღითაც კი არ დაშორებულან; მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი; არასოდეს ყოფილა ადმინიტრაციული წესით სახდელდადებული; მის მიმართ არასოდროს ყოფილა გამოცემული გარდაცვლილის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. მას მეუღლის მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მკვლელობის ჩადენას გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. შ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, გ. შ–ის მიერ ფ. კ–ას ცემის ფაქტი. აღნიშნული მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მას გარდაცვლილისათვის ჩაქუჩი ან/და ბლაგვი საგანი არ ჩაურტყამს. არც მისი მოკვლის განზრახვა ამოძრავებდა. მასა და მის მეუღლეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ამ შემთხვევამდე ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს მან მხოლოდ მუშტი დაარტყა მეუღლეს. ფ. კ–ა წაიქცა და შესაძლოა დაარტყა თავი. რ. მ–სთან მისვლისას იყო ანერვიულებული, ორი ჭიქა არაყი დალია და ამის შემდეგ, შესაძლოა, რ. მ–ს უთხრა, რომ ჩაქუჩი ჩაარტყა თავში ფ. კ–ას, თუმცა რეალურად მას არ ჩუარტყამს. ფ. კ–ა სოფელ კ–ში ცოცხალი დატოვა. არ ეგონა თუ მოკვდებოდა.

5.4. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 20 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნის თანახმად, ფ. კ–ას სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ა–ს კლინიკის“-ს ს–ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N......-ის ასლი) - მონაცემების თანახმად, ფ. კ–ას ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 23.05.2024წ-ს 19:00სთ-ზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მოქალაქე ფ. კ–ას გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსსა და ნივთიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. სამედიცინო დოკუმენტაციით – ქალა-სარქვლის მოტეხილობა. ქალას ფუძის მოტეხილობა. გაკერილი, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები შუბლ-საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ და კეფის მიდამოში მარცხნივ – განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ფ. კ–ას გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: გაკერილი, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ნიკაპის მიდამოში მარცხნივ და მარცხენა მტევნის პირველ და მეორე თითებს შორის მიდამოში. სისხლნაჟღენთები ნიკაპის მიდამოში ცენტრალურად, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე. ნაჭდევი მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში – განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. ფ. კ–ას გვამზე ასევე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: მარცხენა მტევნის მესამე თითის დახურული მოტეხილობა ძირითადი ფალანგის დონეზე - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ატარებს სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. გარდა აღნიშნულისა ფ. კ–ას გვამზე აღენიშნებოდა ქირურგიული ოპერაციის - მარცხენამხრივი შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში ინტრაცერებრული ჰემატომის ევაკუაციიის, დეკომპრესიული კრანიოტომიის – შემდგომი მდგომარეობა. სამედიცინო მანიპულაციის – მარჯვენამხრივი ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაციის, დეფიბრილაციისა და ინექციების შემდგომი კვლები.

5.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებშიც კი, წარმოდგენილია ერთმანეთთან თანხვდენილი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. შ–ის ბრალეულობას, ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით. კერძოდ, მოწმეების – კ. გ–ს, მ. ა–ს და რ. კ–ს – ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 მაისს, კ. გ–ს დაურეკა გ. შ–ემ, რომელმაც უთხრა, რომ ფ. კ–ა სცემა და მისთვის მიეხედათ. ასევე, მათი ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დახვდათ ძირს დაგდებული ფ. კ–ა, რომელსაც სახე და ტანი სისხლიანი ჰქონდა, მის გვერდით კი ეგდო რკინის ტარიანი ჩაქუჩი. ადგილზე მისვლისას დაზარალებული ცოცხალი იყო. მოწმე რ. მ–ამ დაადასტურა, რომ 2024 წლის 23 მაისს მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მამა – რ. მ– და უთხრა, რომ გ. შ–ე მის სახლში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ მეუღლეს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა. დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. შ-სა და მოწმეების – რ. შ–ს, ხ. ა–ს და მ. კ–ს – ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებული და გარდაცვლილი მუდმივად კამათობდნენ, რაც გამოწვეული იყო გ. შ–ის ეჭვიანობით. იგი მუდმივად აკონტროლებდა მეუღლეს, სად იმყოფებოდა, ვის ხვდებოდა და სხვა. ასევე, აკონტროლებდა მის ჩაცმულობას და ჩაგრავდა. საოჯახო საქმეებში მონაწილეობას არ იღებდა და მხოლოდ ფ. კ–ას ამუშავებდა სახლში. გ. შ–ე მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს. ფ. კ–ა ხშირად ეუბნებოდა ხ. ა–ს, რომ გ. შ–ე მთვრალი იყო და საღამოს მის სახლში შესულიყო, რათა გ–სთან ჩხუბი თავიდან აერიდებინა. მ. კ–ამ დამატებით დაადასტურა, რომ ბევრჯერ მოუსმენია მისი დის მიმართ გ. შ–ის სიტყვები: „თავს წაგაცლი“, ,,კბილებს ამოგაძრობ“, ,,ტყვიას გესვრი“ და ,,ყელს გამოგჭრი“. ასევე, დედისგან იცის, რომ გ. შ–ე სცემდა მის დას. ფ. კ–ას სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს, ვინაიდან არ სურდა ვინმეს სცოდნოდა მისი ოჯახური პრობლემების შესახებ. საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით კი დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იყო ჩაქუჩი სისხლის ლაქებით.

5.6. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას გ. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაცვის მხარის პოზიციის, დაცემის შედეგად დაზიანების მიღების საპირისპიროდ საგულისხმოა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მსჯავრდებულის შარვალზე აღმოჩნდა გარდაცვლილის სისხლი. აღნიშნული კი ავტომატურად გამორიცხავს მხოლოდ მუშტის დარტყმას და მიუთითებს მათ შორის ძალადობრივ კონფლიქტზე. ამასთან, დარტყმების არაერთჯერადად განხორციელება დასტურდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 20 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით.

5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (ბლაგვი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ადგილმდებარეობა, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები.

5.8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ფ. კ–ას მოკვლა არ სურდა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ ნაცვლად იმისა, რომ პირველადი დახმარება თავად გაეწია, მსჯავრდებულმა მსხვერპლი მიატოვა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვაზე, უდავოდ მეტყველებს დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დანაშაულის საგანი (ჩაქუჩი) და ხილული სისხლმდენი ჭრილობით დაზარალებულის მიტოვება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მსჯავრდებულს გააზრებული ჰქონდა მისი ქმედების შესაძლო შედეგი, რომლის განზრახვაც ამოძრავებდა ან/და სულაც ფიქრობდა, რომ განზრახვა აღასრულა. მსხვერპლის მიერ სიკვდილამდე განცდილ ტანჯვას კი ადასტურებენ შემთხვევის შემდეგ ადგილზე მისული მოწმეების ჩვენებები. მათი განმარტებით, ფ. კ–ა ცოცხალი იყო, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად მძიმედ გამოიყურებოდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ვერ დაელოდნენ და თავად შეეცადნენ მის საავადმყოფოში გადაყვანას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე.

5.9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით გ. შ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ზ. კ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე