გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/793 24 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობა:
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილიმოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე(მომხსენებელი)
დავის საგანი: _ ქორწინების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
პ. ს-ი და ჟ. მ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1998 წლის 5 ივლისიდან ქ. ბათუმის სასამართლოს 1998 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოთხოვნა და ... ქ. ბათუმში მცხოვრები პ. ს-ი ცნობილ იქნა არაქმედუნარიანად. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ა. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ხელვაჩაურის განყოფილებისა და ჟ. მ-ის მიმართ და მოითხოვა პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 1141-1143-ე მუხლების საფუძველზე, რადგან პ. ს-ი ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის ფსიქიურად იყო დაავადებული. აღნიშნული ქორწინება ოჯახის შექმნას მიზნად არ ისახავდა პ. ს-ის ავადმყოფობის გამო. ქორწინების რეგისტრაციის დროს არ იქნა გამჟღავნებული პ. ს-ის ავადმყოფობა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ა. ბ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: პ. ს-ი და ჟ. მ-ი 1994 წლიდან იმყოფებიან ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში; ქორწინების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ პ. ს-ის ქმედუუნაროდ ცნობა არ წარმოადგენს მხარეთა შორის ქორწინების ბათილობის საფუძველს, რადგან ჟ. მ-მა იცოდა, რომ პ. ს-ი ავადმყოფი იყო. ყოველივე აღნიშნულის გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე პ. ს-სა და ჟ. მ-ს შორის ქორწინების ბათილად ცნობა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ა. ბ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გააუქმა მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ 1998 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება მოქალაქე პ. ს-სა და მოქალაქე ჟ. მ-ს შორის. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ჟ. მ-მა იცოდა პ. ს-ის ფსიქიური ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი დაუმალა ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოს; ქორწინების მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ჟ. მ-ს ამ ქორწინების რეგისტრაციით უნდოდა მიეღო საკუთრებაში პ. ს-ის ბინა.
აჭარის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის საბინაო განყოფილების სარჩელი და ჟ. მ-ი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოსახლებულ იქნა უკანონოდ დაკავებული პ. ს-ის ბინიდან, მდებარე ..... ქ. ბათუმში. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პ. ს-ი ფსიქიურადაა დაავადებული, მ-ი შვილთან ერთად უკანონოდ შესახლდა სადავო ოროთახიან ბინაში და ყოველგვარი ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ბინა ორ ნაწილად გაყო (საქმე ¹2-44.1996 წ. ს. ფ. 41,42). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2000 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით პ. ს-ი ფსიქრონერვოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ ჟ. მ-ი მის სანახავად არ მისულა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა ქორწინების რეგისტრაციაში მხარეები. ამ ორგანოში განცხადება ქორწინების თაობაზე შეტანილია 1998 წლის 30 აპრილს, პ. ს-ი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 1998 წლის 2 თებერვლიდან 19 მაისამდე. ამდენად მას არ შეეძლო განცხადება შეტანა ქორწინების რეგისტრაციაზე; დარღვეული იქნა სამოქალაქო კოდექსის 1110-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მტკიცებას იმის შესახებ, რომ პ. ს-ი ქმედუუნაროდ ცნობილი იქნა ქორწინების შემდეგ, რაც თავის დროზე არ იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება. სააპელაციო სასამართლო ძირითადად ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ ეს ქორწინება მიზნად ოჯახის შექმნას არ ისახავდა, რის გამოც იგი ფიქტიური ქორწინება იყო.
ჟ. მ-ი საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ქორწინების კანონიერად ცნობის თაობაზე.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
პ. ს-თან ცოლ-ქმრული ურთიერთობა დაიწყო 1993 წლიდან, ქორწინების რეგისტრაციაში ურთიერთშეთანხმებით და გონივრული განსჯის შედეგად გატარდნენ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის I ნაწილი, არ გაითვალისწინა 1110-ე მუხლის მოთხოვნა. ქორწინების მომენტისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.
სასამართლომ არ დაკითხა მრავალბინიანი სახლის არცერთი მობინადრე, რომლებიც დაადასტურებდნენ მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტს. სამოქალაქო კოდექსის 1145-ე მუხლის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მოქალაქეობრივი რეგისტრაციის ორგანოს ან ერთ-ერთ მეუღლეს. მოცემულ შემთხვევაში კი აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს არ ჰქონდა სარჩელის აღძვრის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 1145-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე, არ შეიძლება ქორწინება ბათილად იქნეს ცნობილი, რადგან პ. ს-თან 7 წელია შექმნილი აქვს ოჯახი.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პ. ს-ი და ჟ. მ-ი 1998 წლის ივლისში დაქორწინდნენ. პ. ს-ი ქორწინებამდე დაავადებული იყო შიზოფრენიით და წლების განმავლობაში მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჟ. მ-თან დაქორწინების შემდეგ, 1998 წლის 14 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პ. ს-ი ცნო არაქმედუნარიანად. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ბ-ე სარჩელით ითხოვს პ. ს-ისა და ჟ. მ-ის ქორწინების ბათილად ცნობას არა იმ საფუძვლით, რომ პ. ს-ი ქორწინების დროისათვის ფსიქიურად იყო დაავადებული და შემდეგ იგი ამის გამო არაქმედუნარიანად იქნა ცნობილი, არამედ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ პ. ს-ის ავადმყოფობის გამო მათი ქორწინება არ ისახავდა მიზნად ოჯახის შექმნას. სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილი იქნეს ბათილად, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). ჟ. მ-ი პ. ს-თან ოჯახის შექმნას მიზნად რომ არ ისახავდა, ამას სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად ცნობს შემდეგი გარემოებებით: 1993 წელს ჟ. მ-ი თავის შვილთან ერთად (პირველი ქორწინებიდან) პ. ს-ის ოროთახიან ბინაში შესახლდა. აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1996 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ქ. ბათუმის მერიის საბინაო განყოფილების სარჩელი მოპასუხე ჟ. მ-ის მიმართ და იგი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოასახლა უკანონოდ დაკავებული სადავო ბინიდან, რომელიც ირიცხება პ. ს-ის სახელზე, მდებარე ... ქ. ბათუმში და თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბარა პ. ს-ს. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და მის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ჟ. მ-ის განმარტება პ. ს-თან ფიქტიური ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ, რადგან ჟ. მ-ი ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა პ. ს-ის ბინაში, ბინა გაყო ორ ნაწილად, ერთი ოთახი დამხმარე სათავსებით მან შვილთან ერთად დაიკავა, ხოლო მეორე ოთახი კი იზოლირებულად გადააკეთა, ცალკე შესასვლელი გაუკეთა და პ. ს-ს დაუტოვა საცხოვრებლად. მასთან არავითარ ურთიერთობაში არ არის. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ ქორწინების რეგისტრაციამდე ფაქტიურ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა პ. ს-თან და მასთან ერთად 7 წელია ოჯახი აქვს შექმნილი.
საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად ვერ მიიჩნევს იმას, რომ აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს არ ჰქონდა უფლება ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი წარედგინა. სამოქალაქო კოდექსის 1145-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდება ისე, რომ მიზნად არ ისახავს ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელი შეუძლია აღძრას აგრეთვე მეორე მეუღლემაც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ არაქმედუნარიან პ. ს-ს 2000 წლის 18 მაისს აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მეურვედ დაუნიშნა მურად შანიძე. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე). მოცემულ შემთხვევაში ჟ. მ-თან ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება ჰქონდა პ. ს-ის მეურვეს და არა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რის გამოც ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.