Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/794 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სანოტარო მოქმედების გაუქმება; ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სადავო ბინის ბეითალმან ქონებად გამოცხადება და ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობისათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 5 ივლისს ქ. სენაკის გამგეობამ სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში ქ. სენაკის სანოტარო ბიუროს მიმართ, სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქ. სენაკში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ბ-იანის სახელზე, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 13,30 კვ.მ. საცხოვრებელი და 7,30 კვ.მ. დამხმარე ფართის ერთოთახიანი ბინა.

1993 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა ვ. ბ-იანი. მოსარჩელის განმარტებით, ვ. ბ-იანის მიერ პრივატიზებული ბინა დარჩა უპატრონოდ. თუმცა, გაირკვა, რომ გარდაცვლილს ჰყოლია ქალიშვილი ლ. მ-ოვა, რომელიც ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, კრასნოდარის მხარის ნოვოპოკროვსკის რაიონში.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ლ. მ-ოვა დროულად იყო ინფორმირებული დედის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მას ამ ფაქტზე არავითარი რეაგირება არ გაუკეთებია და არც მემკვიდრისათვის კანონით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები შეუსრულებია.

აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო 1999 წლის 8 ივნისს ლ. ლ-უას მიერ ქ. სენაკის გამგეობაში შეტანილი განცხადებიდან. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი ცხოვრობდა იმავე საერთო სარგებლობის დერეფანში განთავსებულ მეორე ბინაში და გააჩნდა აღნიშნული ბინის შესყიდვის უპირატესი უფლება.

მოსარჩელის განმარტებით, ლ. ლ-უამ განცხადებას თან დაურთო დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ 1997 წლის 25 აგვისტოს ქ. სენაკის სანოტარო ბიურომ, იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 556-ე მუხლის დარღვევით, ლ. მ-ოვას სახელზე გასცა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადაში ლ. მ-ოვას შესაბამისი განცხადებით უნდა მიემართა სანოტარო ბიუროსათვის, რაც არ გაუკეთებია. ამდენად, მან დაარღვია სამკვიდროს მიღების ვადა, ხოლო მისი აღდგენის უფლება ჰქონდა მხოლოდ სასამართლოს, ზემოთ აღნიშნული კოდექსის 557-ე მუხლის თანახმად. ამასთან დაკავშირებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. მოსარჩელის განმარტებით, სანოტარო ბიუროში ლ. მ-ოვას არ წარუდგენია ცნობა ქალაქის მერიიდან, რომ იგი წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი ვ. ბ-იანის მემკვიდრეს, ან, რომ ფლობდა და განაგებდა მის დანაშთ ქონებას. ქ. სენაკის სანოტარო ბიუროს არ ჰქონდა უფლება ლ. მ-ოვაზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა, რადგან ვ. ბ-იანის გარდაცვალებიდან აღნიშნული დოკუმენტის გაცემამდე გასული იყო ოთხი წელი.

ქ. სენაკის გამგეობამ სარჩელში მოითხოვა ქ. სენაკის სანოტარო ბიუროს მიერ 1997 წლის 25 აგვისტოს ლ. მ-ოვაზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება, მის საფუძველზე დადებული ყველა გარიგების ბათილად ცნობა, ქ. სენაკში, ... მდებარე, აწ გარდაცვლილი ვ. ბ-იანის დანაშთი ბინის ბეითალმან ქონებად გამოცხადება და მისი გადაცემა ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობისათვის.

სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. გ-იამ და მოითხოვა აღნიშნულ საქმეში მხარედ ჩართვა იმ საფუძვლით, რომ თავად არის სადავო ბინის მესაკუთრე.

საქმე აცილების წესით განიხილა მარტვილის რაიონულმა სასამართლომ და 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, გაუქმდა ქ. სენაკის სანოტარო ბიუროს მიერ 1997 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული სანოტარო მოქმედება ლ. მ-ოვას სახელზე, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემის შესახებ. ამ მოწმობის საფუძველზე დადებული ყველა გარიგება ბათილად იქნა გამოცხადებული. მამკვიდრებელი ვ. ბ-იანის დანაშთი სამკვიდრო ქონება _ ქ. სენაკში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა _ 13,3 კვ.მ. საცხოვრებელი და 7,30 კვ.მ. დამხმარე ფართით გამოცხადდა ბეითალმან ქონებად და გადაეცა სენაკის საკრებულოს გამგეობას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 3 აგვისტოს განიხილა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი მ. გ-იას სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება; ქ. სენაკის გამგეობას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივარში ქ. სენაკის გამგეობის თავმჯდომარე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ ლ. მ-ოვას მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 556-ე მუხლით განსაზღვრული სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, ხოლო ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი და ლ. მ-ოვამ ვერ მოახერხა რუსეთიდან ჩამოსვლა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, როცა მიუთითა, რომ ლ. მ-ოვას რწმუნებულ გ. კ-ავას არ ჰქონდა უფლება მასზე მინდობილი ქონება თავად შეესყიდა, მაგრამ მეუღლეზე მიყიდვის უფლება ჰქონდა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1997 წლის 23 აპრილს გაცემული სამწლიანი მინდობილობით ლ. მ-ოვამ აწ გარდაცვლილი დედის _ ვ. ბ-იანის სამკვიდროს მიღების, მთელი ქონების ფლობის და განკარგვის უფლება მისცა გ. კ-ავას.

1997 წლის 25 აგვისტოს ქ. სენაკის სანოტარო ბიუროს მიერ აწ გარდაცვლილ ვ. ბ-იანის შვილი ლ. მ-ოვას სახელზე გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

1997 წლის 24 დეკემბერს გ. კ-ავას მიეცა ცნობა-დახასიათება სანოტარო კანტორაში წარსადგენად ბინის ნასყიდობის თაობაზე. იმავე დღეს სანოტარო წესით გაფორმდა ქ. სენაკში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ბინა, ლ. მ-ოვას მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გ. კ-ავამ მიჰყიდა თავის მეუღლე მ. გ-იას, რომელიც აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ვ. ბ-იანს დარჩა ერთადერთი შვილი ლ. მ-ოვა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 544-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი ვ. ბ-იანის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამრთლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 557-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა დანარჩენი მემკვიდრე. რადგანაც ლ. მ-ოვა იყო აწ გარდაცვლილი ვ. ბ-იანის ერთადერთი მემკვიდრე, ამიტომ მას არავის თანხმობა არ სჭირდებოდა, რათა სამკვიდროს გახსნიდან, თუნდაც 6 თვის გასვლის შემდეგ, სასამართლოსათვის მიუმართავადაც მიეღო გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ქ. სენაკის გამგეობაზე სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით გადავიდოდა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 562-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ, მამკვიდრებელს _ აწ გარდაცვლილ ვ. ბ-იანს სახელმწიფოსათვის, კონკრეტულ შემთხვევაში ქ. სენაკის გამგეობისათვის, ქონება ანდერძით არ დაუტოვებია და არც თავისი შვილისათვის წაურთმევია მემკვიდრეობის უფლება.

ამდენად, პალატა თვლის, რომ 1997 წლის 25 აგვისტოს ქ. სენაკის ნოტარიუსის მიერ ლ. მ-ოვაზე კანონის დაცვით გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ გ. კ-ავას, როგორც ლ. მ-ოვას უფლებამოსილ წარმომადგენელს, უფლება არ ჰქონდა წარმომადგენლის სახელით გარიგება დაედო თავის მეუღლესთან.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 61-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლს არ შეეძლო წარმოდგენილის სახელით დაედო გარიგება თავის თავთან და არც სხვა პირთან, რომლის წარმომადგენელიც იყო იგი იმავე დროს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული კოდექსი არ კრძალავს წარმოდგენილის სახელით წარმომადგენილის მიერ გარიგების დადებას თავის მეუღლესთან, რომელიც ამავე დროს არ არის მისი მარწმუნებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს ქ. სენაკის გამგეობის თავმჯდომარე ა. ც-იას საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.