Facebook Twitter

საქმე N 190100125011176691

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N1128აპ-25 26 მარტი, 2026 წელი

ს–ი შ., №1128აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მყოფ ი. გ–ს მობილურ ტელეფონის ნომერზე ........ დაუკავშირდა ყოფილი სიძე – შ. ს–ი. ი. გ–მა მობილური ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე. საუბრის მიმდინარეობისას, შ. ს–მა ი. გ–ს განუცხადა, რომ დაუწვავდა სოფელ ხ–ში არსებულ სახლს, ასევე, მოკლავდა ი. გ–ს, მასთან მყოფ ე. გ–სა და თავის ყოფილ მეუღლეს – ხ. გ–ს. ქონების განადგურების, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა ი. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მყოფ ი. გ–ს მობილურ ტელეფონის ნომერზე ....... დაუკავშირდა ყოფილი სიძე – შ. ს–ი. ი. გ–მა მობილური ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე. ტელეფონზე საუბრის მიმდინარეობისას, შ. ს–მა ყოფილ მეუღლეს – ხ. გ–ს განუცხადა, რომ მოკლავდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ხ. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მყოფ ი. გ–ს მობილურ ტელეფონის ნომერზე ........ დაუკავშირდა ყოფილი სიძე – შ. ს–ი. ი. გ–მა მობილური ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე. ტელეფონზე საუბრის მიმდინარეობისას, შ. ს–მა ე. გ–ს განუცხადა, რომ მოკლავდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ს–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:

2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ-ის სოფელ კ–ში მყოფ ი. გ–ს მობილურ ტელეფონის ნომერზე ....... დაუკავშირდა ყოფილი სიძე – შ. ს–ი. ი. გ–მა მობილური ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე. საუბრის მიმდინარეობისას, შ. ს–მა ი. გ–ს განუცხადა, რომ დაუწვავდა სოფელ ხ-ში არსებულ სახლს, ასევე, მოკლავდა ი. გ–ს, მასთან მყოფ ე. გ–სა და თავის ყოფილ მეუღლეს – ხ. გ–ს. ქონების განადგურების, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა ი. გ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ, ასევე მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა შ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ე. გ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენით, შ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ე. გ–ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

შ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შ. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა და მოითხოვა შ. ს–ის ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

2.4. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ–მ და მოითხოვა შ. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 5 დეკემბერს, მსჯავრდებულ შ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ–ემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შ. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შ. ს–ს არ ჩაუდენია მუქარა, ხოლო დაზარალებულმა ი. გ–მა იცრუა და პირადი მოტივით დააბრალა მას დანაშაულის ჩადენა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელბმა კი, თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყვეს და არ გაარკვიეს თუ რატომ თქვა ტყუილი დაზარალებულმა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. ს–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ს–ის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ი. გ–ის ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ერთმნიშვნელოვნად მიუთითა შემთხვევის დღეს, სატელეფონო საუბრისას, მის მიმართ განხორციელებული მუქარის და შედეგად შიშის განცდის თაობაზე.

5.4. დაზარალებულ ი. გ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2025 წლის 4 თებერვალს, საღამოს, მას დაურეკა შვილმა – ხ. გ–მა და უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლე შ. ს–მა მიიღეს დაშორების გადაწყვეტილება. ხ. გ–ი 5 თებერვალს მივიდა მასთან სახლში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით ექვსი საათისთვის, შ. ს–ის დედის ტელეფონიდან დარეკა შ. ს–მა. საუბრისას იგი გავიდა შვილის ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ მისი შვილები – ე. და ხ–ა. ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და საუბარი სამივეს ესმოდა. შ. ს–ი კითხულობდა მისი შვილის ადგილსამყოფელს და მას უთხრა, რომ სურდა მისი შვილი ერთ საათში ყოფილიყო მასთან ს–ში. ვინაიდან შ. ს–ს ამ დროს ჰქონდა ისეთი ხმის ტონი, რომ იფიქრა, ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო და, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია, მოატყუა, თითქოს, ხ–ა და ბავშვი იყვნენ გ–ში. აღნიშნულზე შ. ს–მა უთხრა რომ წავიდოდა გ–ში და თუ იქ არ დახვდებოდნენ ხ–ა და ბავში გადაწვავდა სახლს. ამაზე დაზარალებულმა უპასუხა, რომ დამშვიდებულიყო და ხვალ ესაუბრათ. შ. ს–მა მას უთხრა სალანძღავი სიტყვები და დაემუქრა, რომ მივიდოდა და მათ სისხლს დაღვრიდა. დაზარალებულის განმარტებით, მას ძალიან შეეშინდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ნერვიულობისგან უკანკალებდა ხელები ისე, რომ ვერ შეძლო ნომრის აკრეფა, ამიტომ „112-ში“ დარეკა მისმა შვილმა – ე. გ–მა. პოლიციის მისვლამდე კი, ხის კუნძი და დიდი ტომარა მიადეს კარს, რომ შ. ს–ი ვერ შესულიყო სახლში.

5.5. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს – ე. გ–ისა და ხ. გ–ის ჩვენებები, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ სატალეფონო საუბრისას შ. ს–მა განახორციელა მუქარა. მათ ასევე დაინახეს შეშინებული დედა, რომელიც კანკალებდა.

5.6. ზემოხსენებული მტკიცებულებები კი, თანხვდენილია №......, №......... და №....... შემაკავებელ ორდერებში მითითებულ გარემოებებთან.

5.7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება შ. ს–ის მიერ მუქარის ჩადენისა და შედეგად შიშის განცდის ფაქტი.

5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ბ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე