¹ 3კ/796-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,თ. კობახიძე
დავის საგანი: კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჯ-ძეს, რომელიც დაბადებულია 1980 წელს, 1984 წელს გარდაეცვალა მამა ი. ჯ-ძე 1989 წელს დედა _ ლ. ლ-ავა. ქ. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წელს 21 თებერვლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანმა მ. ჯ-ძის მეურვედ დაინიშნა ბიძა ო. ლ-ავა; ო. ლ-ავამ და მისმა მეუღლემ 1994 წლის 23 თებერვალს იშვილეს მ. ჯ-ძე. მ. ჯ-ძის დედის _ ლ. ლ-ავას სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, ... კორპუსში, კოოპერატიული ბინა. მ. ჯ-ძემ 2000 წლის 18 ივლისს გააფორმა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ლ. ლ-ავას სახელზე რიცხულ კოოპერატიულ ბინაზე. ამის გამო ო. ლ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოს მოპასუხეების: მ. ჯ-ძის, ნოტარიუსი თ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მ. ჯ-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა და სადავო ბინაში მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მ. ჯ-ძემ გაშვილების შემდეგ დაკარგა ღვიძლი მშობლების მიმართ მემკვიდრეობის უფლება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ო. ლ-ავას სარჩელი, გააუქმა ნოტარიუს თ. გ-შვილის მიერ გაცემული მემკვიდრეობის დამადასტურებელი მოწმობა; მოსარჩელე ო. ლ-ავას უარი ეთქვა მესაკუთრედ ცნობაზე. აღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მ. ჯ-ძე, როგორც გარდაცვლილი ლ. ლ-ავას ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე.
ო. ლ-ავამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა ო. ლ-ავას სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ აწ გარდაცვლილი ლ. ლ-ავა იყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის “...”-ის წევრი, მის სახელზე გამოწერილ იქნა 1976 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის ორდერი. ლ. ლ-ავა გარდაიცვალა 1989 წელს. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად ამ დროს მოიხსნა სამკვიდრო მის სახელზე, სამკვიდროში შედიოდა ქ. თბილისში, ... ბინის საპაიო შენატანიც. ლ. ლ-ავას გარდაცვალების დროისათვის დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე – ქალიშვილი მ. ჯ-ძე, რომელიც შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 მუხლის საფუძველზე გახდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრე. ვინაიდან მ. ჯ-ძემ შვილად აყვანამდე მიიღო აწ გარდაცვლილი ლ. ლ-ავას დანაშთი სამკვიდრო ქონება, ამიტომ ო. ლ-ავას მიერ მ. ჯ-ძის შვილად აყვანა გავლენას ვერ იქონიებს ადრინდელი სამართლებრივ ურთიერთობებში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ლ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: აწ გარდაცვლილ ლ. ლ-ავას კოოპერატივის პაი არ ჰქონდა სიცოცხლში მთლიანად გადახდილი, დის გარდაცვალების შემდეგ პაი მთლიანად დაფარა ო. ლ-ავამ, მ. ჯ-ძის შვილად აყვანის შემდეგ გაუქმდა მისი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისში, ... ბინაში. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმებულია, რის გამოც კოოპერატი “...”-ის თავმჯდომარე ლ. ნ-შვილს არავითარი უფლებამოსილება აღარ ჰქონდა ლ. ლ-ავას გარდაცვალების დროისათვის. მ. ჯ-ძე არასრულწლოვანი იყო, მას არ შეეძლო სამკვიდროს მიღება, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ იგი, ფაქტობრივად, დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ღვიძლი მშობლებისა და წარმოშობითი ნათესავების მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ო. ლ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მ. ჯ-ძეს მამა ი. ჯ-ძე გარდაეცვალა 1984 წელს, დედა ლ. ლ-ავა 1989 წელს. არასრულწლოვანი მ. ჯ-ძის მეურვედ (დაიბადა 1980 წელს) ქ. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დაინიშნა დედის ძმა, ბიძა, ო. ლ-ავა; ო. ლ-ავამ და მისმა მეუღლემ 1994 წლის 23 თებერვალს იშვილეს მ. ჯ-ძე. მ. ჯ-ძის დედის, ლ. ლ-ავას, სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, ... მდებარე კოოპერატიული ბინა. 2000 წლის 18 ივლისს მ. ჯ-ძის სახელზე გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ლ. ლ-ავას მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის შენატან საპაიო შესატანზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად საბინაო საამშენებლო კოოპერატივები 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმებულია, რის გამოც კოოპერატივის “...-ს” თავმჯდომარე ლ. ნ-შვილს არავითარი უფლებამოსილება აღარ ჰქონდა;
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები გაუქმდნენ როგორც იურიდიული პირები, მაგრამ ისინი დარჩნენ კოოპერატიული ბინების მესაკუთრეებად მანამდე, სანამ კოოპერატივის ყველა წევრი არ გაიფორმებს საცხოვრებელ ბინას საკუთრებაში და, შესაბამისად, არ დადებს პრივატიზაციის ხელშეკრულებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის “...” მოქმედება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ჯ-ძის მამის სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა. ამ ბინას 1993 წელს პრივატიზაცია გაუკეთა მისმა მეურვემ ო. ლ-ავამ და ბინა აღირიცხა მ. ჯ-ძის საკუთრებაში. მ. ჯ-ძე დედის გარდაცვალების შემდეგ 1989 წლიდან ფაქტობრივად დაეუფლა მშობლების ქონებას. ვინაიდან იგი იმ დროისათვის არასრულწლოვანი იყო, მისი სახელით სამკვიდროს ფაქტიურ ფლობას შეუდგა ბიძა _ მეურვე ო. ლ-ავა.
სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ამ ნორმის თანახმად ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ღვიძლი მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ. მაგრამ, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მ. ჯ-ძე შვილად აყვანამდე, 1994 წლის 23 თებერვლამდე, ფაქტობრივად დაეუფლა და მიიღო ღვიძლი მშობლების ქონება. მან სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ _ 2000 წლის 18 ივლისს, აიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა დედის _ ლ. ლ-ავას დანაშთ ქონებაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. A
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ლ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.