Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/797 7 თებერვალი, 2001, წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი სარჩელში _ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და მესაკუთრედ ცნობა.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში _ ვ. ე-ევის გამოსახლება საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემით.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ე-ევი 1997 წლიდან ცხოვრობს ... ქ. თბილისში. ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი ირიცხებოდა ი. ვ-ინის სახელზე, ხოლო 1/2 ნაწილი – ი. ზ-ცის სახელზე. ვ. ე-ევმა ე. ზ-ცისაგან, შინაურული ხელშეკრულების საფუძველზე, მისი კუთვნილი 1/2 წილიდან შეისყიდა საცხოვრებელი ოთახი ¹ 13-6, 011 ოთახი თავისი მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთით, გადაიხადა ბინის საფასური 17.000 რუსული რუბლი. ვინაიდან ბინა უკანონო იყო, ხელშეკრულება სანოტარო წესით არ გაფორმებულა. იგი რეგისტრირებულია ამ ბინაში და ცხოვრობს. სადავო საცხოვრებელი სახლი დაკანონდა 1991 წელს. 1993 წელს ე. ზ-ცმა თავისი 1/2 წილის მეორე საცხოვრებელი ოთახი 20 კვ.მ. ფართით მიყიდა ნ. ა-შვილს, რომელმაც მთელი 1/2 წილი გაიფორმა თავის სახელზე და მესაკუთრედაა რეგისტრირებული.

ვ. ე-ევმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-შვილის მიმართ და მოითხოვა ... მდებარე საცხოვრებელ ოთახებზე - 13,7 ფართით, 4.65-2,85 კვ.მ. და 011 5-2.65 კვ.მ. ფართით თავის მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის და სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე. ნ. ა-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. ე-ევის მიმართ და მოითხოვა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად ვ. ე-ევის მიერ დაკავებული ფართის გათავისუფლება, მის მიერ ვ. ე-ევისათვის შესაბამისი, სხვა საცხოვრებელი სადგომის გადაცემის პირობით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. ე. ზ-ცსა და ვ. ე-ევს შორის საცხოვრებელი სადგომის 1987 წლის 5 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია დადებულად. შესაბამისად ვ. ე-ევი ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹ 5 ოთახის - 4,65 მ. X 2,85 მ. ¹ 011 5 მმ X 2,65 მ. და წინამდებარე ... ქუჩის მხარეს გამავალი ეზოს მესაკუთრედ.

ე. ზ-ცის სახელით კ. ა-შვილსა და ნ. ა-შვილს შორის 1993 წლის 12 იანვარს დადებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და ამოირიცხოს ამ გადაწყვეტილებით ვ. ე-ევისათვის საკუთრების უფლებით მიკუთვნებული საცხოვრებელი ოთახები და საეზოვე ნაკვეთი.

დაევალა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სათანადო ცვლილების შეტანა ჩანაწერში და თბილისში, ... ე-ევის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო საცხოვრებელი ოთახი ¹ 5 ფართით 4,6 მ. X 2,85 მ; საცხოვრებელი ოთახი ¹011, ფართით 5 მ X 2,65 მ, ასევე მათ წინ ... ქუჩის მხარეს მდებარე საეზოვე მიიწის ნაკვეთი. შესაბამისად აღნიშნული ოთახები და მიწის ნაკვეთი ამოირიცხოს ამ მისამართზე, ნ. ა-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საერთო საცხოვრებელი ფართიდან და საეზოვე ნაკვეთიდან.

ნ. ა-შვილს უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ვ. ე-ევისათვის საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი სადგომის გადაცემის სანაცვლოდ მის მფლობელობაში ამჟამად არსებული საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლების შესახებ. რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: დადასტურებულია, რომ ე. ზ-ცმა 1987 წელს მისი მეუღლის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი მიყიდა ვ. ე-ევს შინაურული ხელშეკრულების საფუძველზე. ვ. ე-ევი 1987 წელს ჩაეწერა სადავო ბინაში. შენობა ამ დროისათვის უკანონო ნაგებობა იყო და მისი გადაფორმება ვერ მოხდა. მართალია, შინაურულ ხელშეკრულებას ე. ზ-ცი აწერს ხელს, მაგრამ მისი მეუღლე ი. ზ-ცი არ იყო წინააღმდეგი ვ. ე-ევის ბინაში ჩასახლების, რადგან 5 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე რაიმე პრეტენზია ვ. ე-ევის მიმართ არ გამოუთქვამს. ვ. ე-ევმა წარმოადგინა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ქვითრები. ნ. ა-შვილისათვის ცნობილი იყო, რომ ვ. ე-ევი ცხოვრობდა სადავო ბინაში, მესაკუთრე დაეუფლა მხოლოდ იმ ფართს, რომელიც ამჟამად უკავია, მას ე-ევის დაკავებულ ფართზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I ნაწილით. ვ. ე-ევი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სადავო ბინის მოსარგებლედ, რის გამოც ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ა-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

არ დაკმაყოფილდა ვ. ე-ევის სასარჩელო განცხადება. დაკმაყოფილდა ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელი, დაევალა ნ. ა-შვილს. ე-ევის საკუთრებაში გადასცეს სხვა საცხოვრებელი სადგომი თბილისის ფარგლებში შესაბამისი ფართითა და პირობებით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სადავო ფართი აპელანტის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით 1993 წელს. ვ. ე-ევმა კი 7 წლის განმავლობაში იცოდა სარჩელის შეტანამდე, რომ სადავო ფართი ირიცხებოდა ნ. ა-შვილის საკუთრებაში. მას შეეძლო “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, ე.ი. 1998 წლამდე მიემართა სასამართლოსთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნით. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 47-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ ვ. ე-ევმა ეს უფლება არ განახორციელა.

სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ნ. ა-შვილის მოთხოვნა, რომელიც შეესაბამება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლს; ვ. ე-ევის მიერ დაკავებული ფართი ესაჭიროება მესაკუთრეს ოჯახისათვის, რის გამოც იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვ. ე-ევი ვალდებულია გაათავისუფლოს დაკავებული სადგომი, თბილისის ფარგლებში სხვა საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ.

ვ. ე-ევი საკასაციო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც იგი ცნობილი იქნება სადავო ბინის მესაკუთრედ. საკასაციო საჩივრის მოტივებია: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლი და არასწორად უთხრა უარი მესაკუთრედ ცნობაზე; არასწორად იქნა განმარტებული ასევე სამოქალქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 62-ე და 73-ე მუხლები; დარღვეული იქნა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექვსის 103-ე და 104-ე მუხლები.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ე-ევის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი ვ. ე-ევის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში; ხოლო ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ვ. ე-ევმა 1987 წელს გადაუხადა 17.000 რუსული რუბლი ე. ზ-ცს ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის საფასურად. ეს ბინა იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას, რის გამოც ვერ მოხერხდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ვ. ე-ევის მოთხოვნა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I პუნქტის თანახმად მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა იმის გამო, რომ 1987 წლისათვის სადავო ბინა არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს; ვინაიდან ამდროისათვის იგი ითვლებოდა უკანონო ნაგებობად და მასზე საკუთრება არ იყო დადგენილი. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეეხება მხოლოდ კანონიერ საცხოვრებელ სადგომს.

ვ. ე-ევმა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა, ასევე 1987 წელს ე. ზ-ცთან გაფორმებული შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა მოითხოვა მოპასუხე ნ. ა-შვილის მიმართ, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს მხარეთა შორის ურთიერთობას, რომელიც მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამ დროს შემძენი ცნობილი იქნება მესაკუთრედ. მოცემულ შემთხვევაში კი წერილობითი დოკუმენტი ვ. ე-ევსა და ნ. ა-შვილს შორის არ არის გაფორმებული, ამდენად ნ. ა-შვილი არ არის 1987 წელს გაფორმებული სადავო ბინის თაობაზე შინაურული ხელშეკრულების მხარე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ვ. ე-ევს სადავო ბინის მესაკუთრედ და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ ნ. ა-შვილს დაეკისრა: ვ. ე-ევს საკუთრებაში გადასცეს სხვა საცხოვრებელი სადგომი თბილისის ფარგლებში შესაბამისი ფართითა და პირობებით. მართალია, სააპელაციო სასამართლომ სწორად ცნო ვ. ე-ევი სადავო ბინის მოსარგებლედ, მაგრამ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს გადასცემს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ.მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართობისა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ეს მუხლი, მაგრამ კონკრეტულად არ მიუთითა ამ მუხლის საფუძველზე ნ. ა-შვილის მიერ ვ. ე-ევისვათვის კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, რის გამოც ვ. ე-ევისათვის ამ კანონის მე-5 მუხლის “ა” პუნქტით მინიჭებული უფლების პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია.

პალატა თვლის, რომ კასატორ ვ. ე-ევის მოთხოვნა სადაო სახლზე ყადაღის დადების შესახებ არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. ვინაიდან მას უარი ეთქვა სახლის მესაკუთრედ ცნობაზე, იგი ცნობილი იქნა მოსარგებლედ. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია და იგი ძალაში უნდა დარჩეს. ამდენად მხარეთა შორის ამ ნაწილში დავა გადაწყვეტილია და არ შეიძლება სარჩელის უზრუნველყოფაზე დადგეს საკითხი. ამასთან საცხოვრებელი სახლის სარგებლობის უფლებით დატვირთვა, ხელს არ უშლის მესაკუთრეს გაასხვისოს საკუთრება. ასეთ შემთხვევაში მოსარგებლე იგივე უფლებებში დარჩება ახალ მესაკუთრესთან, როგორი უფლებებითაც სარგებლობს ამჟამინდელ მესაკუთრესთან.

სარეზოლულციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ე-ევის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი ვ. ე-ევის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, ხოლო ნ. ა-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.