¹ 3კ/797-01 21 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: საზიარო უფლებების გაუქმება საგნის გაყიდვით და ამონაგების განაწილებით.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი იზოლირებული ბინის მესაკუთრეები არიან ყოფილი მეუღლეები: გ. მ-შვილი და ნ. მ-ძე. თითოეულზე ირიცხება ბინის ½1/2-1/2½ ნაწილი.
გ. მ-შვილთან ოჯახური უსიამოვნების გამო ნ. მ-ძე 2000 წელს იძულებული გახდა, შვილთან ერთად დაეტოვებინა სადავო ბინა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. მ-ძის სარჩელი გ. მ-შვილის მიმართ ბინაზე საკუთრებისა და სარგებლობის უფლების აღდგენის, მოპასუხისაგან უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2000 წლის 7 დეკემბერს სასამართლოში შეტანილი სარჩელით ნ. მ-ძემ მოითხოვა გ. მ-შვილის კუთვნილი ბინის წილის იძულებითი გასხვისება, იმ საფუძვლით, რომ იგი კვლავ ვერ სარგებლობდა აღნიშნული ბინით, რადგან გ. მ-შვილი მასზე ახდენდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას, რის გამოც ეს უკანასკნელი ხელწერილით იქნა გაფრთხილებული უბნის პოლიციის მიერ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლებით: მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით გათვალისწინებული არ არის მესაკუთრისათვის ბინის გასხვისების ვალდებულების დაკისრება, თუ ბინა უფლებრივად დატვირთული არ არის და ამით მნიშვნელოვნად შეილახება გ. მ-შვილის, როგორც მესაკუთრის, უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო სამოქალაქო კოდექსის 222-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, როგორც მოსარჩელე მოითხოვდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ძის სარჩელი და საზიარო უფლების გაუქმების მიზნით დადგინდა სადავო ბინის გაყიდვა და მხარეთა შორის ამონაგების განაწილება. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიაჩნია, რომ სარჩელით ნ. მ-ძე მოითხოვდა არა გ. მ-შვილის იდეალური წილის – ბინის 1/2-ის გაყიდვას, არამედ მთლიანად ბინის რეალიზაციას და ამით საზიარო უფლების გაუქმებას, ხოლო, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება მთლიანად საზიარო საგნის გაყიდვისას და ამონაგების განაწილებისას. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი ბინის ნატურით გაყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-შვილმა, რომლითაც ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ გარემოებათა გამო: საოლქო სასამართლოს პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა მოსარჩელისადმი აშკარა მიკერძოებით. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იყო ბინის მხოლოდ 1/2½-ის, ე.ი. გ. მ-შვილის წილის გაყიდვა. პალატა კი სასამართლო სხდომაზე დაეხმარა აპელანტს მოთხოვნის დაზუსტებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე ბინა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით გ. მ-შვილს და ნ. მ-ძეს, თითოეულს ½1/2 ნაწილი.
სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებანი, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, მოპასუხე არ აძლევს საშუალებას, მოსარჩელე ნ. მ-ძეს ისარგებლოს მისი საკუთრებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გუქმება. ამდენად, ნ. მ-ძის სასარჩელო მთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო 964-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგების განაწილებით.
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება აგრეთვე კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატა თითქოს ნ. მ-ძეს დაეხმარა სრჩელის დაზუსტებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გადადოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. მ-ძეს სასარჩელო მოთხოვნა ფაქტიურად არ გაუდიდებია იგი მოითხოვდა კასატორ გ. მ-შვილის კუთვნილი წილის იძულებითი გაყიდვით ბინაზე საზიარო უფლების გაუქმებას, შემდგომში მან აღსრულების გაადვილების მიზნით თანხმობა განაცხადა იძულებით წესით გაყიდული იყო როგორც მოპასუხის გ. მ-შვილის კუთვნილი წილი ასევე მისი კუთვნილი წილი და ამ გზით გაუქმებული იყო სადავო საგანზე საზიარო უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-შვილის საკასაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.